„Ой, мы оба в такой ж..е...“ – რუსულ მედიაში აბრამოვიჩ–პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა

ლონდონის უმაღლეს სასამართლოში გრძელდება ბორის ბერეზოვსკის ადვოკატის მიერ რომან აბრამოვიჩის დაკითხვა. ადვოკატი, ძირითადად, ОРТ–ს აქციების ყიდვითა და აბრამოვიჩ–ბერეზოვსკის ურთიერთობებით ინტერესდება. ქართველი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით რუსულ მედიაში („ნოვაია გაზეტა“) ბერეზოვსკის, აბრამოვიჩისა და პატარკაციშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოქვეყნდა, რომელსაც თან ერთვის ჟურნალისტ იულია ლატინინას კომენტარი.

ჩანაწერებიდან კარგად იგრძნობა, რა ფილოსოფიით უდგებოდნენ ცხოვრებას ეს ადამიანები. მაგალითად, აბრამოვიჩს მიეწერება ფრაზა, რომელიც მან ბადრი პატარკაციშვილს უთხრა (ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად, ამ ფრაზას ორიგინალში გთავაზობთ): „"Если кто-то будет возмущаться, то обращайтесь к народу. А народ - это быдло… И ты в этом не виноват… Ой, мы оба в такой ж..е".

იულია ლატინინას აზრით კი, ეს საუბარი ერთ რამეს ამტკიცებს: ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა ОРТ ვლადიმირ პუტინის ზეწოლით გაყიდეს. „რას შეგვიძლია ახლა ხელი მოვაწეროთ ისეთს, რომ მე შემეძლოს ვლადიმირ ვლადიმირის ძესთან მისვლა და თქმა, რომ გარიგება დასრულებულია?“ – ეკითხება აბრამოვიჩი პატარკაციშვილს. ამავე დროს, ჩანაწერებიოდან (როგორც იულია ლატინინა ამბობს) ისიც ირკვევა, რომ პუტინი არაა წინააღმდეგი, ფული ბერეზოვსკიმ მიიღოს: „მე მივედი ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ ვლადიმირის ძესთან. მან მითხრა, რომ თუ ამის გაკეთება ჩუმად შეგიძლიათ, მე საწინააღმდეგოს არაფერს გავაკეთებ, მაგრამ არც დაგეხმარებითო“, – ეუბნება აბრამოვიჩი აწ გარდაცვლილ ქართველ ოლიგარქს.

ლატინინა იმასაც წერს, რაც ჩანაწერების მიხედვით ცხადი გახდა – ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი „Сибнефти“–ს აქციონერები იყვნენ.

შეგახსენებთ, ადრე რომან აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ ბორის ბერეზოვსკის ფულს აძლევდა, რათა ამ უკანასკნელს ჩეჩნეთში ტყვეები გამოესყიდა. მისი თქმით, ჩეჩნეთში არა თვითონ ბერეზოვსკი, არამედ მისი მეგობარი, ბადრი პატარკაციშვილი ჩადიოდა.

„მე მივეცი ფული პატარკაციშვილს, სწორედ ის გაფრინდა ჩეჩნეთში და გამოსასყიდი გადაიხადა, შემდეგ კი იქ ჟურნალისტებთან ერთად თვითმფრინავით ბერეზოვსკიც ჩაფრინდა“, – განაცხადა რომან აბრამოვიჩმა.

წყარო

კომენტარი