„ედინაია როსიას“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლი ამორალურობაზე შემოწმდება (ვიდეო)

როგორც ჩანს, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოს–მომღერალს მიმბაძველები მოსკოვშიც გამოუჩნდნენ, ოღონდ, უსიმღეროდ და მხოლოდ სათაურით. „მოდი, გავაკეთოთ ეს ერთად“ – ასე ჰქვია „ედინაია როსიას“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლს, რომელსაც ქვეყნის გენპროკურატურა ამორალურობის ბრალდების დასამტკიცებლად ან უარსაყოფად განიხილავს.

„ედინოროსებს“ კონკურენტი პარტიის წარმომადგენლებმა უჩივლეს და ისინი ვიდეორგოლში სექსუალური, ამორალური კონტექსტის გამოყენებაში დაადანაშაულეს. ვიდეოსთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია სოციალურ ქსელებშიც, სადაც მისი განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

სარეკლამო კლიპის სიუჟეტი მარტივია: გოგონა არჩევნების დღეს უბანში მიდის და ბიულეტენს იღებს. კენჭისყრის კაბინისკენ მიმავალი, გზად უცნობ მამაკაცს შეამჩნევს. წყვილს ერთმანეთი მოეწონება, ქალ–ვაჟი ერთად შედის კაბინაში, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ იქედან ორივე ტანსაცმლისა და თმების სწორებით გამოდის.

„ედინაია როსიას“ „სპრავედლივაია როსიამ“ უჩივლა. მისი წარმომადგენელი, გენადი გუდკოვი ამბობს, რომ პრეტენზიის ობიექტური განხილვის შემთხვევაში, რგოლის შემქმნელებს, მინიმუმ, ჯარიმა და მაქსიმუმ, პირობითი სასჯელი არ უნდა ასცდეთ:

„ამ ვიდეორგოლის მიხედვით „ედინაია როსია“ მოქალაქეებს კონსტიტუციის დარღვევისკენ მოუწოდებს. „ედინოროსებს“ დაავიწყდათ, რომ ხმის მიცემა რუსეთში ფარულად ხდება და კაბინაში ორი მოქალაქის ყოფნა დაუშვებელია“, – აცხადებს გუდკოვი.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი