სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის გენშტაბი: საქართველოს ნატოში მიღებას სერიოზულ საფრთხედ განვიხილავთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ნიკოლოზ მაკაროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის საზღვრებთან მომხდარი ლოკალური კონფლიქტები ფართომასშტაბიან ბირთვულ ომში გადაიზარდოს. ამის შესახებ ახალი ამბების ინტერნეტპორტალი Infox.ru იტყობინება.

„სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნის შესაძლებლობა, ფაქტობრივად რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე მკვეთრად გაიზარდა“, – განაცხადა მაკაროვმა საზოგადოებრივ პალატაში გამოსვლისას.

გენშტაბის უფროსმა დამსწრეებს შეახსენა, რომ ვარშავის ხელშეკრულების თითქმის ყველა ქვეყანა, ასევე სსრკ–ში შემავალი ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს წევრები გახდნენ.

გენერალმა მაკაროვმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ნატოს გეგმას, რომლის მიხედვითაც, "შესაძლებელია, ალიანსის წევრი საქართველოც გახდეს, რაც სერიოზული საფრთხეა რუსეთისთვის", - გენერლის სიტყვები და მოსაზრებები ნატოსთან და მოსალოდნელ ბირთვულ ომთან დაკავშირებით "ასოშიეტედ პრესს" მოჰყავს.

„განსაზღვრულ გარემოებებში ვერ გამოვრიცხავ, რომ ლოკალური და რეგიონალური შეიარაღებული კონფლიქტები ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება და ბირთვული იარაღიც იქნება გამოყენებული“, – განაცხადა გენერალმა.

გენერალმა მაკაროვმა რუსეთში მიმდინარე სამხედრო რეფორმის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, რუსეთის არმია საერთოდაც საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების გარეშე დარჩენილიყო, სამხედრო რეფორმა რომ არ დაეწყო.

„ყველაფერი რომ ძველი გეგმის მიხედვით განვითარებულიყო, რომელიც 2015 წლამდე იყო გათვლილი, 2014 წელს რუსეთის გამართული ტექნიკა და შეიარაღება დღეს არსებულის მხოლოდ 10% იქნებოდა“, – აღნიშნა მაკაროვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100