სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მე პუტინის ქვეყანაში ვშოულობ ფულს, თქვენ რომ არსებობთ! რას მიშვრებით!..“ - ყვიროდა ივანიშვილი

პირველ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააღიზიანა ჟურნალისტის მიერ „მე-9 არხთან“ დაკავშირებული კითხვების დასმამ. მისი პირველი რეაქცია ამ კითხვაზე სკანდალურადაც კი ჟღერდა: როცა ჰკითხეს, გაათავისუფლა თუ არა ირაკლი ტრიპოლსკი თანამდებობიდან იმის გამო, რომ „მე-9 არხის“ ეთერში პუტინის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი გავიდა, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: „არ მახსოვს“. თუმცა, შემდეგ პასუხი განავრცო და თქვა, რომ ეს საკითხი საზოგადოებას არ აინტერესებს.

1999 წელს დაარსებული „მე-9 არხი“ 2004 წლის 1 აპრილს დაიხურა. იმდენად მოულოდნელად, რომ თანამშრომლებს თავდაპირველად საპირველაპრილო ხუმრობაც ეგონათ. არხი, სადაც 300 ადამიანზე მეტი მუშაობდა და სადაც საკმაოდ ნიჭიერი კოლექტივი იყო შეკრებილი, იმ დროისთვის საკმაოდ მაღალრეიტინგული იყო.

ვლადიმირ პუტინის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში იმაზე იყო საუბარი, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი ტერაქტების კვალი არა ჩეჩნებისკენ, არამედ რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებისკენ და კერძოდ, პუტინისკენ მიემართებოდა.

როგორც „დრონი.ჯი“-ს იმდროინდელი მოვლენების ერთ-ერთმა მონაწილემ უთხრა, დოკუმენტური ფილმის ეთერში გასვლისთანავე ბიძინა ივანიშვილმა სათითაოდ დაურეკა ირაკლი ტრიპოლსკის, ნუგზარ ყიფიანსა და ლაშა შონიას და ბავშვობის მეგობრებს შეურაცხმყოფელი გარჩევა მოუწყო, თუმცა, ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილება უცებ არ მიუღია. საქმე ის გახლავთ, რომ ფილმი მეორე დღეს გასამეორებელ გადაცემათა სიაში იყო შეტანილი და, საეთერო ბადიდან კი ამოიღეს, მაგრამ რედაქტორს შეეშალა და ფილმი მეორე დღესაც გავიდა ეთერში. ეს ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის მოთმინების ფიალა აავსო:

„მე პუტინის ქვეყანაში ვშოულობ მაგ ფულს, თქვენ რომ არსებობთ! რას მიშვრებით!..“ - ყვიროდა იგი ტელეფონში და საუბარი ასე დაასრულა: „მორჩა! შეგიძლიათ, ხვალიდანვე ტელევიზიის ჭიშკარს დიდი ბოქლომი დაადოთ“ - ამ სიტყვების შემდეგ კი ტელეფონი გათიშა.

იმის გამო, რომ მთავარ დამნაშავეებად ივანიშვილმა ნუგზარ ყიფიანი და ლაშა შონია მიიჩნია და არა ირაკლი ტრიპოლსკი, მათთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტა და იმ დღის შემდეგ არც მოუკითხავს. და ეს მაშინ, როცა თსუ-ში ჩაბარების შემდეგ ივანიშვილი და ყიფიანი, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, ახლო მეგობრები გახდნენ და ნაქირავებ ბინაშიც ერთად ცხოვრობდნენ. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ნუგზარ ყიფიანი და ლაშა შონია დღეს დალხენილად არ ცხოვრობენ, მაგრამ იმ პერიოდიდან იმდენი წყენა დარჩათ გულში ბიძინა ივანიშვილზე, რომ მისკენ გახედვაც აღარ სურთ.

როგორც თვითონ ამბობდნენ პირად საუბრებში, რომ არა ეს შემთხვევა, ეს სამი პიროვნება ბიძინა ივანიშვილთან იმდენად იყო დაახლოებული, რომ ბიზნესმენი ზამთარში, 2-3 თვის განმავლობაში დასასვენებლად ოჯახთან ერთად გასამგზავრებლად, სეიშელის კუნძულებზე გადასაფრენად პავლე გრაჩოვის კუთვნილ თვითმფრინავს უგზავნიდა...

სტატიაში მოყვანილი ფაქტების გადამოწმება თავად ირაკლი ტრიპოლსკისთან ვერ მოხერხდა, რადგან ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. სტატია კი სარწმუნო წყაროსგან, 2004 წლის, "მე-9 არხთან" დაკავშირებული მოვლენების უშუალო მონაწილისგან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ თუკი სტატიაში მოხსენიებული პირებიდან რომელიმე მოისურვებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, "დრონი.ჯი" მათ ამის საშუალებას დიდი სიამოვნებით მისცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100