სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევის იზოლატორი გულებით მოხატეს, შამპანურით დაასველეს და „ზაპრეტკა“ ყვავილებით გაავსეს

უკრაინის ყოფილ პრემიერ მინისტრს, რომელიც 51 წლის იუბილეს კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა, მისმა მომხრეებმა დაუვიწყარი დაბადების დღე მოუწყვეს: ათასობით ადამიანი იზოლატორთან შეიკრიბა, სანთლები აანთო, მერე ანთებული სანთლებით გული გამოსახა და წრედ შეიკრა, მოგვიანებით კი სპეციალური სითხის მეშვეობით იზოლატორის კედლების გულებით მოხატვა დაიწყო. აქციის თითქმის ყველა მონაწილეს ყვავილების ბუკეტი ეჭირა და ბევრმა ისინი იზოლატორის კედლის მიღმა, აკრძალულ ზონაში, ე.წ. ზაპრეტკაშიც გადაყარა.

იზოლატორის წინ სადღესასწაულო მიტინგიც ჩატარდა, სადაც სიტყვით იულია ტიმოშენკოს მომხრეები გამოვიდნენ, შემდეგ კი უკრაინული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. აქციისა და მიტინგის ყველა მონაწილეს ვერა, მაგრამ მათ, ვინც დილიდანვე შეიკრიბნენ იზოლატორთან, სპეციალურად დამზადებული, მეტრნახევარი სიმაღლის ტორტის ნაჭერი ერგოთ. ტორტზე დიდი ასოებით იყო გამოყვანილი: „მრავალ დაბადების დღეს, იულია!“ აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს შამპანურიც ჰქონდათ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეუკვეთეს და რომელიც ყოფილი პრემიერის სახელობისა გახლდათ.

უკრაინული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მომიტინგეებს შორის ინციდენტი არ მომხდარა: მომიტინგეებისთვის ხელი არ შეუშლიათ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პოლიციელები სამი კამერით იღებდნენ აქციის მსვლელობას. კონცერტი სულ ცოტა ხნის წინ, ფეიერვერკით დასრულდა.

ბმული ვიდეოზე: კონცერტი პატიმარ ტიმოშენკოსთვის

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100