სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერას ახალი პოლიტრეპ-შედევრი: „ჯერ ისწავლე ქართული, ან-ბან-გან-დონო!“ (ვიდეო)

სულ ცოტა ხნის წინ Youtube-ზე ბერა ივანიშვილის ახალი, „ქართული ოცნების“ ემბლემიანი სიმღერა „ჩვენი დროა“ აიტვირთა. წესით და რიგით, შემოქმედი უნდა ცდილობდეს, ყოველი მისი შემდეგი ქმნილება წინას სჯობდეს. ბერა რომ თავს ნიჭიერ შემოქმედად თვლის და ამაში სხვებიც ეთანხმებიან, უდავოა. ისიც უდავოა, რომ რაც უფრო გადის დრო, ბერას რეპი მით უფრო ემსგავსება არა თავისუფალი შემოქმედის გულიდან ამოთქმულს, არამედ კონკრეტული ადამიანებისკენ მიმართულ, კვნესით, ოხვრითა და სინაზეშეპარული წამოძახილით „არ შემეხო!“ გაზავებულ ფრაზების გროვას, რომელსაც რეპისთვის დამახასიათებელი მუსიკალური გაფორმებაც ახლავს და თუკი, ზოგადად, რეპისთვის დამახასიათებელია ჟარგონი და არანორმატიული ლექსიკა, ბერას მიერ დამკვიდრებულ ახალ მიმართულებაში, რომელსაც, მოდით და, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე პოლიტრეპი დავარქვათ, ასეთი, „ქურდული“ ჟარგონი კონტექსტიდან ამოვარდნილად ჟღერს - ბოლოს და ბოლოს, ბერა ხომ ქვეყნის პირველი თინეიჯერობისთვის ემზადება და არა იმისთვის, რომ „რამკაში“ ჩაჯდეს, თუმცა, ვინ იცის...

როგორც გითხარით, შეძახილებს: „იო! იო!“ და დროდადრო წამოკვნესებას (დაახლოებით ასეთს: ოოო! ეს მხოლოდ დასაწყისია, დაელოდეთ 11 დეკემბერს, ოოო! ჩვენ მოვდივართ!“) თან ახლავს განაზებული შეძახილი: არ შემეხო!“ და ამ ნაზი შეძახილის ფონზე, ცოტა არ იყოს, შეუსაბამოდ მოჩანს შემდგომი, „რკინისებური“ ტონი:

გაზეთებში კაცობენ, ქუჩაში თავს ხრიან,

მოვა დრო და სულ მალე,

ყველა სიტყვას ახსნიან...“

სანამ სათითაოდ დაგვიგდებს „სტრელს“ და ყველაფერს „გაგვიიასნებს“, ბერა იმასაც გვიმხელს, ვის გულისხმობს ქუჩაში თავის დამხრელებში და იმასაც აღიარებს, რომ მამამისივით, არც მას უყვარს ბეღურები და ის შეურაცხმყოფელ მიმართვად მიაჩნია. აბა რა გეგონათ: ვინც ბიძინასთან და ბერასთან არ დგას, ყველა ბეღურაა და ვაი თქვენ, თუ ვინმე ბავშვს, საყვარელ ადამიანს, მეგობარს მოფერებით „ბეღურას“ ეძახით. სასწრაფოდ გადაარქვით, რადგან პირველმა ქართველმა მილიარდერმა ბეღურა „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. თქვენ კი არა, როგორც გავიგე, ივანიშვილის მომხრეების, ბიძინამათისა და ბერას მხრიდან ბეღურების სიძულვილის შესახებ ხმებს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემოქმედებით ჯგუფამდეც მიუღწევია და შეწუხებულან, ჯეკ ბეღურას რა ვუყოთო...

რაც შეეხება სტატიის სათაურში გამოტანილ ფრაზას. ბერა, სავარაუდოდ, ისევ გოგა ხაჩიძეს გადასწვდა, ოღონდ როგორ, თავად ნახეთ:

მინისტრებმა მოინდომეს რეპერობა ამ ბოლოს,

ასაკით უფროსთან გარჩევები არ მომწონს,

არ იბაზრო ჩემზე და პატიებაც არ მთხოვო,

ჯერ ისწავლე ქართული, ან-ბან-გან-დონო!“

ჯერ ქვეტექსტში ჩადებული ჟარგონი რა არის და მერე ამ ჟარგონშიც რომ ორიგინალური ვერ იქნები და მას უფროსი მეგობრისგან („უცნობი: „ანი-ბანი ხარ თუ განი-დონი შენ“) ისესხებ, ალბათ, აჯობებს, სიტყვების მარაგი შეივსო და მერე იმღერო, ან ის გაიხსენო, იმ უფროსი მეგობრის ამ, მოპარულ ფრაზას რა უძღვის წინ: „ჰკითხე მამაშენს და მის დამქაშებს შენ...“

ეტყობა, ოჯახის წევრები ბერას მართლაც უმალავენ, რომ პოლიტრეპში მისი წიაღსვლები არაფერს მატებს ბიძინა ივანიშვილს. ისე კი, ალბათ, უკვე დროა, ვინმემ აუხსნას ამ ბავშვს, რომ ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის, ვინმეს კაცობა დაუწუნოს და შეახსენოს ერთი ქართული ლექსის ფინალი:

„მამის სახელით ვინც ამაყობს, აქვს საამაყო,

მამის ქონებით ვინც ამაყობს - უსუსურია!..“

ბმული ვიდეოზე: ბერას "ჩვენი დროა!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100