სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იირკოლა ჩის ბლოგი: ობამა-სააკაშვილის შეხვედრის უცნობი დეტალები

საინფორმაციო სააგენტო „ფიქრინიუსი“ იტყობინება, რომ ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შესახებ ვაშინგტონიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. თეთრი სახლის მთავარი შესასვლელით მოსარგებლე წყარომ თბილისში არსებულ „ჭორ(ის) ვილას“ აცნობა, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ახლეჩილი ყურების რეაბილიტაცია უტარდება.

სააკაშვილს განსაკუთრებით დაუზიანდა მარცხენა ყური, რადგან იგი ერთობლივი განცხადების დროს უფრო ახლოს აღმოჩნდა ბარაკ ობამას მარჯვენა ხელთან.

მარჯვენა ყურზე საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ სიწითლე და მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნება. საეჭვოდ წითელია ასევე სააკაშვილის ლოყები, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შეხვედრის დროს ობამა ყურების აწევას არ დასჯერდა და სააკაშვილს სილაც გააწნა, არ გაითვალისწინა რა ცნობილი ქართული მფრინავი ფრაზა: „არ შემოულაწუნო, ხელს შემოგიბრუნებს“. ერთ ლოყაში შემოლაწუნების შემდეგ სააკაშვილმა ბარაკ ობამას მეორე ლოყა აღარ მიუშვირა - ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი ხელმეორედ რომ აღარ შეეწუხებინა.

ამავე დროს, „საქართველოს საველე ნიჩაბთა ასოციაციის“ პრეზიდენტი დასავლეთ ბერლინიდან ფარდას ხდის კიდევ ერთ დეტალს, რომელიც გამორჩათ მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებს. ცნობილი მთხრელის მტკიცებით, რომელიც ამ წუთებში ბერლინიდან ვაშინგტონის მიმართულებით საიდუმლო გვირაბის თხრითაა დაკავებული, ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილი არა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, არამედ სპეციალურად მიშენებულ ლოჯიაში მიიღო, სადაც, როგორც წესი, დიქტატორებს ღებულობს.

შეხვედრა 11 წუთისა და 34 წამის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც ობამამ იგი დემონსტრაციულად შეწყვიტა და სტუმარს განუცხადა, რომ მეტ დროს ვერ დაუთმობს, რადგან „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული ერთი ღია წერილი აქვს წასაკითხი.

აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ყურმოჭრილმა მონებმა - ქართველი ჟურნალისტების ნაწილმა მთელი ამ შეხვედრის არსი დაამახინჯა და აცხადებს, რომ ბარაკ ობამამ საქართველოს „მსოფლიოსთვის მისაბაძი დემოკრატიის მოდელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ქართველებს შეუძლიათ საოცრად ამაყები იყვნენ იმის გამო, რა პროგრესსაც მიაღწიეს, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებმა.

მიხეილ სააკაშვილმა ჰოსპიტალში გადაყვანამდე, როგორც ჩვევია, ცრუ განცხადებები გააკეთა და განაცხადა, რომ ოვალური კაბინეტიდან ჯერ არ გამოსულა იმდენი კონკრეტული შედეგით, როგორც დღეს. მთავარ მიღწევად მან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ საფეხურზე აყვანა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სამომავლო პერსპექტივა მიიჩნია. სააკაშვილი, ალბათ, კიდევ ბევრ ტყუილს იტყოდა, თუმცა, ახლეჩილმა ყურებმა მეტის საშუალება არ მისცა და იგი თეთრი სახლის ეზოდან ჰოსპიტალში გააქანეს.

ყველაზე ამაზრზენი ფაქტი კი ის გახლავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულმა ჰაკერებმა შეაღწიეს როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების გვერდებზე და იქ დადეს სპეციალურად დამონტაჟებული, ორიგინალს მიმსგავსებული ვიდეო, სადაც ბარაკ ობამა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრობს. რა თქმა უნდა, ჰაკერებმა საიტებიდან გააქრეს ობამას მიერ სააკაშვილისთვის ყურის ახლეჩვის ამსახველი ვიდეოკადრები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100