პარლამენტი ჩერქეზი და ჩეჩენი ხალხის გენოციდის აღიარებას არ გამორიცხავს

საქართველოს პარლამენტში კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა, პარლამენტი ინტენსიურად მუშაობს ჩერქეზებისა და ჩეჩნების გენოციდის ფაქტების აღიარებაზე, შესაძლოა, მეცნიერულ არგუმენტებზე დაყრდნობით საქართველომ ჩრდილო კავკასიის ამ ორი ერის გენოციდი აღიაროს. ამ თემაზე "დრონი.ჯი"-სთან პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან უერთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური საუბრობს.

"დრონი.ჯი": საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ურთიერთობების დამყარება დაიწყო ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან, რაც ძალიან ეფექტურია ორივე მხარისთვის. ამავე დროს ჩერქეზები და ჩეჩნები საქართველოს პარლამენტისგან მათი გენოციდის აღიარებას ითხოვენ. აპირებს პარლამენტი ამის აღიარებას?

ნუგზარ წიკლაური: გეთანხმებით, კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობებში მართლაც არის პოზიტივი. ჩვენ შევქმენით კავკასიელ ხალხებთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც ინტერფრაქციულია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არა ერთი პარტიის სურვილია, არამედ მთელი პარლამენტის და მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოებისაც. კავკასიური მიმართულება ახალი არ არის ქართული პოლიტიკისთვის, სერიოზული ფესვები და სერიოზული წარსულიც აქვს. ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის დროსაც საქართველო მუდმივად ხედავდა აუცილებლობას, რომ ჰქონოდა კარგი ურთიერთობები ჩრდილო კავკასიის ხალხებთან, ქართულ მეცნიერებაში ივანე ჯავახიშვილის, Aარნოლდ ჩიქობავასა და სხვა კორიფეების წყალობით, როგორც ისტორიული საფანელი, ასევე ლინგვისტური საყრდენები ამ პოლიტიკურ მიმართულებას ყოველთვის ჰქონდა. 90-იანი წლები აღინიშნა ამ ურთიერთობების გაცივებით, ეს განპირობებული იყო აფხაზეთში მიმდინარე საქართველო-რუსეთის ომით, იქ ზოგიერთი ჩრდილოკავკასიელიც მონაწილოებდა, თუმცა მათ მთელი კავკასიის წარმომადგენლებად არ მივიჩნევთ, ამიტომ ჩვენი მოვალეობა იყო ამ ურთიერთობების აღდგენა, ეს სასარგებლოა საქართველოსთვის იმიტომ, რომ გამოცოცხლებული კავკასია ნიშნავს უფრო დაცულ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოსთვის.

ჯეიმთაუნის ფონდის ორგანიზებულ კონფერენციაში ჩრდილო კავკასიელები მონაწილეობდნენ, ჩერქეზებმა და ჩეჩნებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, რომ აღიაროს გენოციდი, რომელიც მათ წინააღმდეგ განახორციელა რუსეთის იმპერიამ. პარლამენტმა დაიწყო ამ თხოვნის განხილვა. ჩვენ ვხვდებოდით მეცნიერებს, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, აკადემიურ საზოგადოებას. ვთხოვეთ ამ ისტორიული რეალობის დამადასტურებელი სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა. მეცნიერებმა წარმოადგინეს თავიანთი დასკვნები. ეს ემყარება რუსი, ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების ნაშრომებს, ამ ნაშრომებიდან გვრჩება მყარი შთაბეჭდილება, რომ იქ ნამდვილად იყო ეთნიკური წმენდა. გენოციდი კი იურიდიული ტერმინია, ჩვენ ვაგრძელებთ იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტებთან ერთად ამ საკითხის დამუშავებას. ეს პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
– თუ დადასტურდება, რომ გენოციდი იყო, ეყოფა თუ არა პარლამენტს გამბედაობა, აღიაროს ეს ფაქტი?
– ჩვენ გვესმის, რომ აქ არის ასევე პოლიტიკური საკითხი. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადადგას მართალი ნაბიჯი და თქვას სიმართლე. ჩვენ აღფრთოვანებული ვიყავით, რომ ლიტვის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, ასევე გახარებული ვიყავით, რომ ამერიკამ მთელ მსოფლიოს აცნობა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ამიტომ მხოლოდ ჩვენს სასარგებლოდ კი არ უნდა ვიმოქმედოთ, არამედ სიმართლე ვთქვათ სხვა ხალხების მიმართ.
– ქართველების მიმართაც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის მხრიდან განადგურების აქციები, ალექსანდრე ყაზბეგს თავის ნაწარმოებებში კარგად აქვს ეს ყველაფერი აღწერილი, როგორ იხშობოდა სისხლში აჯანყებები.
– კავკასიაში არ დარჩა ერი, რომელსაც არ შეხებია ეს სადამსჯელო ოპერაციები. ზოგიერთი ერი მთლიანად განადგურდა, მაგალითად: შამსუღები, უბიხები, ჩერქეზების 95%-ი გადაასახლეს. 1801 წელს სიონის ეზოში წაიკითხეს რუსეთთან მიერთების მანიფესტი, სწორედ იქ ქართველმა თავად-აზნაურებმა გამოხატეს ამ ფაქტის მიმართ პროტესტი, გაარღვიეს რუსი სამხედროების ალყა და დატოვეს ტაძრის ეზო, 1802 წლიდან კი დაიწყო პერმანენტული აჯანყებები, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო, მათ შორის აჯანყებები იყო აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც. დაპირისპირება კავკასიელ ხალხებს შორის მწვავდებოდა, როცა რუსები შემოდიოდნენ კავკასიაში.
– სომხებმაც მოითხოვეს ულტიმატუმის ენით, რომ საქართველოს პარლამენტმა აღიაროს თურქების მიერ სომხების გენოციდი. რას აპირებს ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლება?
– ულტიმატუმის ენით საქართველოს პარლამენტთან საუბარი არ ღირს. ამ მოვლენებს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ. ეს ცალკე საკითხია, რომელზეც შეიძლება დაიწყოს მსჯელობა პარლამენტში. ჩეჩენი ხალხის ეთნიკური ნიშნით განადგურება ისევ დაიწყო 1994 წლიდან და დღემდე გრძელდება. 2014 წელს სოჭში ოლიმპიადა იმართება, იქვე კბაადასთან მოხდა ჩერქეზების განადგურება, რუსები, სხვათა შორის, იმ ადგილს წითელ მდელოს ეძახიან იმიტომ, რომ სისხლით მოირწყა ის მდელო. ჩერქეზები სამართლიანად მოითხოვენ, რომ სოჭში ოლიმპიადა არ გაიმართოს.
– ჩვენი მხრიდან კავკასიელებთან ურთიერთობების გაღრმავებას რუსეთი აპროტესტებს და აგრესიას გამოხატავს. ხომ არ დაძაბავს რუსეთთან ურთიერთობას გენოციდის აღიარება და ახალი კონფლიქტი ხომ არ დაიწყება ამ მოტივით?
– არა, ეს გამორიცხულია, რუსეთის შეშფოთება გასაგებია, რუსი პოლიტოლოგები, რომლებიც განსაკუთრებით კრემლის პოზიციას ახმოვანებენ, ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტმა გენიალური ნაბიჯი გადადგა, რადგან რუსეთისთვის ეს საკითხი მტკივნეულია და სუსტი წერტილია. ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია საქართველოში, მისი თავდასხმა, რუსეთს არ სურს საქართველო იყოს დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო, ჩვენ გვინდა პირდაპირი და მართალი ურთიერთობები კავკასიელ ხალხებთან. საქართველო დღეს განსაკუთრებით არის კავკასიის ცენტრი თავისი მიღწევებით და ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, ეს დაგვაახლოვებს კავკასიელებთან და დაგვამეგობრებს.
– ოპოზიციას ეს პროცესი აშინებს და ამბობს, რომ რუსეთი კიდევ უფრო გაღიზიანდება, რას ეტყვით მას პასუხად?
– ეს არის ძალიან დაბალი პოლიტიკური აზროვნების ნიშანი, რუსეთის გაღიაზიანებას იწვევს ისიც, რომ საქართველოს სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, ასევე ის, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს აშშ-თან. დავანებოთ ევროპასა და ამერიკას თავი იმის შიშით, რომ რუსეთი გაღიზიანდება? სინამდვილეში ოპოზიციის ეს ნაწილი გვთავაზობს, საქართველო გავხადოთ რუსეთის ისეთ ნაწილად, როგორც არის ხაბაროვსკის ოლქი. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირება ამ ნიშნით მიმდინარეობს.
– ბოლოს, მინდა ეს კითხვა აუცილებლად დაგისვათ, რამდენად შეუძლიათ ჩრდილო კავკასიელებს დაგვეხმარონ სახალხო დიპლომატიის გზით აღვადგინოთ ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან?
– ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, თურქეთში ცხოვრობს ბევრი ჩერქეზი და აფხაზი, რომლებიც საკუთარი მიწიდან მოჰაჯირობის დროს რუსეთმა განდევნა. იქაური აფხაზები და ჩერქეზები მსჯელობენ საქართველოს პრობლემატიკაზე. რაც უფრო აქტიური ვიქნებით ჩერქეზების პრობლემატიკასთან მიმართებაში, მით უფრო ეფექტური იქნება მათი მხრიდან ჩვენ მიმართ დახმარება და აამაღლებს მათ აქტიურობას. ეს პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. ჩერქეზულ და ქართულ დიასპორებს შორის შესანიშნავი ურთიერთობები დამყარდა. ჩერქეზებზე საუკეთესო შუამავლები ქართველებსა და აფხაზებს შორის არ არსებობს. კავკასიაში მშვიდობა მას შემდეგ დამყარდება, როცა მივხვდებით, რომ რუსეთია ამ დაპირისპირების ავტორი და შემომქმედი. ჩრდილო კავკასია და საქართველო მოგებული დარჩებიან, თუ საქართველო მოახერხებს დარაზმოს კავკასიელები ამ იდეის ირგვლივ. კავკასიას პერსპექტივა აქვს თავი დააღწიოს რუსეთის შუა საუკუნეების ბნელეთს და შეხედოს სამყაროს გახსნილად.

კომენტარი