სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი, ნაურუ და... ივანიშვილი: „საქართველო და აფხაზეთი“

„დრონი.ჯი“-მ გუშინვე გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღწერილი იყო საკუთარი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრების, კერძოდ, გურამ ოდიშარიას წარდგენის დროს მილიარდერის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება და მისი დეტალები. ნაწყვეტი წერილიდან:

იმას, რაც საკუთარი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრების წარდგენის დროს ქართველმა მილიარდერმა თქვა, არც სჭირდება ზედმეტი კომენტარი: მისი ფრაზა, რომლითაც მან საზოგადოებას გურამ ოდიშარია წარუდგინა, ნათლად მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ აღიქვამს...

ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ის ფრაზა თქვა, რომელსაც ხშირად იმეორებენ ვლადიმირ პუტინი, დიმიტრი მედვედევი, ოდიოზური რუსი პოლიტიკოსები და რომელიც არამც და არამც არ ეპატიება არათუ ქართველ პოლიტიკოსს (მით უმეტეს მას, ვინც თავს პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსად გვაჩვენებს), არამედ პოლიტიკისგან შორს მდგარ რიგით მოქალაქესაც ბიძინა ივანიშვილის ფრაზაში „აფხაზეთი“ და „საქართველო“ ცალ–ცალკე ფიგურირებს...

ციტატა:

„გურამ ოდიშარია – ცნობილი სოხუმელი მწერალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში“.

ამ ფრაზასა თუ განცხადებას ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ დღეს „ტექნიკური შეცდომა“ უწოდეს, თუმცა, განმარტება არ მოუყოლებიათ, რას ნიშნავს „ტექნიკური შეცდომა“ მხარდამჭერების წარდგენის დროს...

განცხადებას უკვე მოჰყვა მძაფრი რეაქცია როგორც ექსპერტებისა და პოლიტოლოგების, ასევე მოსახლეობის მხრიდან. უამრავმა ქართველმა, რომლებიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არიან რეგისტრირებულნი, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე კითხვებით სავსე კომენტარები დატოვა - რას ნიშნავდა ის, რაც თქვა გაპოლიტიკოსებულმა მილიარდერმა? თუმცა, სავარაუდოდ, იმ პერსონის დავალებით, რომელიც დემოკრატიით ევროპის გაოცებას აპირებდა, მისი გვერდის ადმინისტრატორებმა ყველა მსგავსი კომენტარი წაშალეს.

„კურიერი“ დღეს ბიძინა ივანიშვილის ამ სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა. გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც „რუსთავი2“-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გადაიცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100