მამათელი თეთრი მელა და კაციჭამია ვირთხები

მელია რომ ყველაზე ცბიერი ცხოველია, ეს ყველას კარგად მოეხსენება. ზღაპრებში, მოთხრობებსა თუ ჩვენს რეალობაში მისი ეშმაკობისა და მოხერხებულობის შესახებ ძალიან ბევრს წერენ და საუბრობენ. მეტად საინტერესო არსებაა მელა, განსაკუთრებით კი თეთრი ჯიშის, რომელიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
ალბათ იოლი მისახვედრია, თუ როგორ გაოცდებიან ზოოლოგიის კორიფეები, როცა ჩემი ახალი აღმოჩენის შესახებ შეიტყობენ. თუმცა ამ ამბავს ცოტა ქვემოთ მოგითხრობთ. მანამდე კი შევეცდები პრობლემის არსი სრულად ავხსნა. საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობა მხოლოდ ოთხფეხა (მათ შორის თეთრი) მელიის ჯიშებს იკვლევდა და სწავლობდა.
დანამდვილებით შეიძლება იმის თქმაც, რომ აღნიშნული არსების საქართველოში ბინადრობის ფაქტი ერთეულებმა თუ იციან. თეთრი მელიის სახეობა ბაკურიანის სამონადირეო მეურნეობაში იქნა გამოყვანილი, შავი და ვერცხლისფერი მელიების ბუნებრივი მუტაციის შედეგად.
მოკლედ, დადგა დრო გამცნოთ დაუჯერებელი ამბავი: მე მივაგენი ორფეხა, თანაც მამათელი წარმოშობის "თეთრი მელიის" ნაკვალევს! ტაში! ცხადია, ამ აღმოჩენას აპლოდისმენტების გარეშე ფასი არა აქვს. ჰოდა, ახლა ვინც "წვეტიან აზრებს" კითხულობთ, გთხოვთ, გულმხურვალე ტაში დამიკრათ. მესიამოვნება, სხვა თუ არაფერი...

ერთი სიტყვით, ეს ცბიერი "ცხოველი" გასული საუკუნის ოციან წლებში სოფელ მამათში დაიბადა. საფერშლო ტექნიკუმის, თბილისის პარტიული სკოლისა და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებლად დამთავრების შემდეგ, თვალის დახამხამებაში გაიარა კარიერული საფეხურები და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.

როგორც ირკვევა, დიდი ვერაფერი განათლების მქონე ორფეხა არსებამ გაუგონარი მლიქვნელობითა და ეშმაკობით დაიპყრო თვალუწვდენელი თანამდებობრივი სიმაღლეები და წლების განმავლობაში უზარმაზარი იმპერიის, სსრკ-ის დასაყრდენს წარმოადგენდა. ვერაგმა "მხეცმა" ბევრი მოინელა და იმსხვერპლა, მაგრამ დღესაც, 82 წლის ასაკში, უზრუნველ და ბედნიერ ცხოვრებას განაგრძობს. იგი იყო ცკ-ის პირველი მდივანი, მოგვიანებით სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი. თქვენ წარმოიდგინეთ, "თეთრი მელიის" საზრიანობის, წინდახედულებისა და სისხლისმსმელური მიდრეკილებების თვით ეშმაკსაც კი შურდა. დედამიწის ზურგზე ჯერ არ დაბადებულიყო კაცი, რომელიც მის მოტყუებას შეძლებდა. მან თითქმის ერთდროულად დაანგრია საბჭოთა კავშირიც და ბერლინის კედელიც, თან ისე, რომ ქვა ქვაზე არ დატოვა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო საქართველოში ავადსახსენებელი მოვლენები, სახელმწიფო ტერიტორიების დაკარგვა, გაჭირვება, შიმშილობა, ძმათა მკვლელი ომი და სისხლიანი გარჩევები, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა...

ვიდრე მამათიდან გადახვეწილი "მტაცებელი" მშობლიურ მიწას ფეხს დაადგამდა, აღნიშნულ პროცესებს კრემლიდან ხელმძღვანელობდა. "გრძელკუდამ" რუსეთიდან ისე ჩააწყო საქმე გასამხედროებული ფორმირებების ლიდერებთან, რომლებიც მაშინ სისხლისღვრის პირველი ინიციატორები იყვნენ, რომ ხალხის არჩეული ხელისუფლება იარაღის ძალით დაამხობინა.

ცოტა ხანში, "თეთრმა მელიამ" ხმაურიანი დაჭერების გრძელვადიანი პროექტი განახორციელა. მან მეთოდურად და ეტაპობრივად ჩაყარა ის ადამიანები ციხეებში, რომლებმაც მისი კრემლიდან ჩამოყვანის მიზნით პირველი პრეზიდენტი ჯერ გააქციეს, ხოლო შემდეგ მოკლეს?!
ჰოდა, ამ ყველაფერში დამნაშავე ორფეხას ქართველმა ხალხმა აეროპორტში დაუჩოქა და შველა სთხოვა?! უშველა კიდეც "თეთრმა მელამ", ოღონდ საკუთარ თავსა და კლანს, რომელმაც მთელი საქართველო გროშებად იყიდა და მრავალმილიარდიანი ქონების დაგროვებას შეუდგა.

კლანურმა მმართველობამ ჩვენს უბადრუკ სამშობლოში ისე გაიდგა ფესვები, როგორც არასდროს, კორუფციამ და აღებ-მიცემობამ ირგვლივ ყველაფერი წალეკა. მოდაში განსაკუთრებით "მიცემობა" შემოვიდა. ვინც "აძლევდა", კარიერასაც სწრაფად იკეთებდა და ბიზნესსაც მშვენივრად აწყობდა.

ასე დაიწყო "თეთრმა მელამ" კაციჭამია ვირთხების ახალი ჯიშების გამოყვანა, რომლებმაც შემდგომ მაღალი სახელისუფლო თანამდებობები ჩაიგდეს ხელში და ქვეყნის ღრღნა-განადგურებას განაგრძობდნენ. რეალურად, ბებერმა ავანტიურისტმა საქართველო ბნელ კასრს დაამსგავსა, სადაც კაციჭამია მღრღნელების მთელი თაობა გამოზარდა.
საინტერესო ის არის, რომ "ორფეხა მელა", ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველაფერზე მიდიოდა, აწინაურებდა მათ, ვინც ვირთხული დაუნდობლობითა და ძაღლური ერთგულებით გამოირჩეოდა. რაც შეეხება კანონსა და მის უზენაესობას, მსგავს თემებზე არავინ საუბრობდა. ალბათ, სირცხვილად ან ძველმოდურად ითვლებოდა.
მალე რევოლუციონერები ისე მოძლიერდნენ, რომ „მელას“ შეჭმა მოინდომეს. "ბებერმა მელამ" იგრძნო რა საფრთხის მოახლოება, "ვარდებიანებს" უბრძოლველად დაუთმო სამეფო ტახტი, თავად კი "კრწანისის სოროში" შეძვრა და გაყუჩდა.

ადამიანი, რომელსაც, წესით, სამშობლოს ღალატის, სახელმწიფო ტერიტორიების დაკარგვა-გასხვისების, მრავალი მკვლელობისა და სხვა ათასი უბედურების გამო უნდა ასამართლებდნენ, დღეს განცხრომას არის მიცემული და ხანდახან მაღალფარდოვან რჩევა-დარიგებებსაც იძლევა. მელიის შთამომავლები და ყოფილი ქვეშევრდომები კი ახლაც მრავალმილიონიანი ქონების მეპატრონეები არიან და წარმატებით ბიზნესმენობენ.
საინტერესოა, იმ ქვეყანაში, სადაც ვერაგი "თეთრი მელა" წლობით დათარეშობდა და კაციჭამია ვირთხებს ზრდიდა, განა ვინმეს ეყოფა ვაჟკაცობა, რომ წინ აღუდგეს დამღუპველ პროცესებს და მომავალ თაობას გადარჩენის შანსი შეუნარჩუნოს?

ყოველივე ამის შემხედვარეს კიდევ ერთი კითხვა გებადება: უნდა კი ვინმეს საერთოდ სიმართლის ცოდნა, ან თუ უნდა და თვალს გაახელს, რას მოიმოქმედებს სამართლიანობის აღსადგენად? პასუხი საკმაოდ მოკლე და კონკრეტულია: არც არაფერს! ამიტომაც ვართ უარესის ღირსები. ვიდრე ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად ერის სტატუსს არ დავიბრუნებთ, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ იარსებებს.

კომენტარი