სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოპოზიციონერები ისე "კლიჩკად" ჰქვიათ, თორემ სინამდვილეში სააკაშვილის მიერ დაქირავებული ზებოები არიან ეს აფერისტები"

ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს ძალიან სწყინთ, როცა მათ ხელისუფლება, მედია, უცხოელი პოლიტიკოსები და ექსპერტები, ან ხალხი აკრიტიკებს, უუნაროს, მარგინალებსა და უმაქნისს უწოდებენ. უცნაურია, რადგან არცერთი ზემოთ ნახსენები კატეგორია ისე მწვავედ არ აკრიტიკებს ამ რადიკალებს, როგორც თავად რადიკალური პარტიების ლიდერები ან მათი მხარდამჭერი ინტელექტუალები თუ ექსპერტები. თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ამ ადამიანთა გამონათქვამებს ზოგადად ე.წ. რადიკალური ოპოზიციისა თუ მათი ლიდერების მიმართ.

ელიზბარ ჯაველიძე: "ისე, ან ამ ოპოზიციას საიდან აქვს ამდენი ფული, ამერიკაში რომ დადიან და თვეობით ცხოვრობენ? გნებავთ, ალასანია აიღეთ, გნებავთ, ბერძენიშვილი ლევანი. მესმის, მკურნალობს, მაგრამ ამ მკურნალობას ფული არ უნდა? კარგად ვიცი, ებრალიძის პრემიის გამო მტრად მეც რომ გამომაცხადეს, რუსულ ფულს, თურმე, სუნი ასდის და ამერიკული ფული უსუნოა?"
გუბაზ სანიკიძე: "გითხრათ სიმართლე? უმეტესობა არჩევნებზე იმიტომ მიდის, ბარიერს რომ გადალახავს, სახელმწიფო დაფინანსებას ელოდება. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ აი, ეს არის სიმართლე..."

თემურ ჩალაბაშვილი: "ლაპარაკობენ, რომ ეს არის ნაკლი, ეს არის უბედურება, უნდა წავიდეს პრეზიდენტიო. ვერ მეუბნებიან, თვითონ რა მოაქვთ, რა სიახლეს მთავაზობენ, რომ წავა ის კაცი... ერთ-ერთი ოპოზიციონერი მხვდება ქუჩაში თავისი ჯიპით, მელაპარაკება, რომ ჩვენ ერთი ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ და გზად არ მეუბნება, იქით ხომ არ მიდიხარო? ის რომ პრეზიდენტი გახდება, შენ გგონია, რამეს გაგიკეთებს?"
ირაკლი წერეთელი: "სააკაშვილი არავის არ ეგონოს ხელწამოსაკრავი პიროვნება. ქართველი ერის ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ოპოზიცია კი შუაზე გასკდა უტვინო აქციებით, ხან იშიმშილეს, ხან ხალხი შეკრიბეს, მაგრამ მიშამ ისინი მაინც ყველა არჩევნებში დაამარცხა. არ მიყვარს სიტყვა "მაგარი". მიშა კი ნამდვილად მაგარია. ის საკმაოდ ძლიერი ხელისუფალი აღმოჩნდა, სხვებს რომ ჰგონიათ, მიშა დამთავრდება, სწორედ მაშინ იწყებს აღზევებას".

ლევან ბერძენიშვილი: "საქართველოში "მრეწველები", როგორც ჩანს, ყველაზე ჭკვიანები ყოფილან. დათვს არ სძინავს იმდენ ხანს, როგორც ამ პარტიას სძინავს არჩევნებიდან არჩევნებამდე... რაც შეეხება "ეროვნულ საბჭოს", ის თავიდანვე დაჩაგრულია. მან საკუთარ თავს დაუსვა კითხვები და ცუდი პასუხები მიიღო. ჩემი აზრით, "ეროვნული საბჭოს" (თუ რაც ჰქვია) რაც მოუვიდა, ისევ მათი პრობლემაა".
ზურაბ ქაფიანიძე: "ასეთ ადამიანებს სხვანაირად უნდა დაელაპარაკო, მაგრამ იმ ოპოზიციამ სხვანაირი ლაპარაკი არ იცის და როცა არც ლაპარაკი იცი და არც გეგმა გაქვს, მაშინ სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლას არ უნდა ჩაუდგე სათავეში. იმ საზოგადოებას, რომელსაც თქვენ საზოგადოებად მიიჩნევთ, არაფრის შეცვლა არ შეუძლია! არაფრის მაქნისები არიან და ეს ოპოზიციასაც ეხება".

გიორგი ახვლედიანი: "მარგინალური ოპოზიცია არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც საზოგადოება შეაგუეს და შეაჩვიეს მუდმივ დამარცხებას, მუდმივ წარუმატებლობას, რომელსაც ჩვენ დაობებულ, დაძველებულ ოპოზიციას ვეძახით. ისინი უკვე გამარჯვების კი არა, დამარცხების ფორმულაზე მუშაობენ".

სოსო ცისკარიშვილი: "ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ეროვნულ საბჭოს სახელთან ასოცირდებოდა ლევან გაჩეჩილაძე და ამ ცნების მიმართ ხალხს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. `ეროვნული საბჭო~ ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის ერთსულოვნების აღმნიშვნელი ცნება იყო, ახლა კი ამ სახელით სარგებლობს ზურაბ ნოღაიდელი, რაშიც დიდი "წვლილი" მიუძღვით ზვიად ძიძიგურს და კობა დავითაშვილს. ამით "ეროვნული საბჭოს" ცნება შეურაცხყვეს".

გუბაზ სანიკიძე: "რა ნაბიჯი წინ, შენი ჭირიმე? პარლამენტში არ შევედი და შევალ საკრებულოშიო. ქმედებებში ლოგიკა ხომ უნდა იყოს? მაშინ თორთლაძეს, ბაღათურიას, დავითაიას, გამსახურდიას... დედა რომ აგინეს, საკრებულოში თვითონ რატომ შედიან? სადაა ღირსება? ესე? ქართველების მოგონილია, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა. პოლიტიკაში არ მოსულა ყველაფერი".

ირაკლი მელაშვილი: "აბა, იმას ხომ არ იტყვიან, ჩვენ წავაგეთ არჩევნებიო?.. უვარგისი კლიპები რომ ჰქონდათ, უვარგისი საარჩევნო კამპანია... უბნებზე რომ ხალხი არ ჰყავდათ, სიები რომ ვერ გაწმინდეს, ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ "ფორუმმა" არ იმუშავა? მაშინ "ფორუმს" უნდა მოეგო არჩევნები და არა მათ... გიყურებთ, ბატონებო, ვინც აიღეთ თქვენს თავზე ლიდერობა და რა შედეგსაც მიაღწიეთ, ისიც კარგად დავინახეთ".

რამაზ საყვარელიძე: "...ისინი ხალხის რწმენის დეფიციტს განიცდიან. არა იმის რწმენას, ესენი პატიოსნები არიან თუ არა, არამედ იმისას, შეუძლიათ თუ არა. როდესაც რწმენა არ არის, მაშინ არ გამოგყვება ხალხი. თუ არ შეგიძლია გამარჯვება, მაშინ რატომ დაგიდგე ჯარისკაცად? თვითმკვლელობის სურვილი არავის აქვს".

რევაზ მიშველაძე: "ქუჩაში კი არა, ტელევიზორშიც არ შემიძლია უკვე ოპოზიციის დანახვა. სულ ტყუილებს ამბობენ და მიხვდით ამას, ბატონებო, არაერთხელ დავრწმუნდით თქვენს ვაივაჟკაცობაში, კეთილი ინებეთ და დაგვანებეთ თავი".

სოსო ცინცაძე: "გალიების და "კლეტკების" დადგმა და შიგ ბომჟების ჩასმა რადიკალიზმი კი არა, მაზოხიზმია. საბოლოოდ ეს აქციები აღმოჩნდა კიდეც კოლექტიური ხარაკირი... არჩევნებმა დაგვანახა, რომ ოპოზიცია სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს".
გუბაზ სანიკიძე: "მიწამ ოპოზიციას იავნანა უმღერა, პირში ჩაუდო "სოსკა" და მიაძინა. ნულპროცენტიანი პარტიები კი, ალბათ, სამუდამოდ დაიძინებენ".

სოსო ჯაჭვლიანი: "მე ოპოზიციაში ერთი ვერ დავინახე, გამოვიდეს, თავიდან ბოლომდე თქვას თავისი შეცდომები. ყველა ლაპარაკობს, ერთმანეთს აგინებენ, არიან ერთმანეთის იმაში და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, უკვე გასაგებია... პატრიარქი ლაპარაკობს ჩვენი, მე ცოდვილი ვარო და ესენი ვინ არიან?.. მიშა მაგარი კი არა, ამათთან შედარებით მართლა ლომი ყოფილა".
ნოდარ ნათაძე: "ნოღაიდელი და ბურჯანაძე გამიზნულად მონაწილეობენ რუსულ გეგმაში და სამწუხაროა, რომ მათ აჰყვნენ ძიძიგური და დავითაშვილი, რომელთაც, ვფიქრობ, ანგარება ამოძრავებთ და არა ქვეყნის საწინააღმდეგოდ ქმედებების სურვილი... ბურჯანაძე არჩევნებსა და რევოლუციას შორის საშუალო რგოლებს ვერ ხედავს... ოპოზიციას ქუჩაში ხალხი რომ გამოჰყავს, პატარა ბავშვივით "წადი, წადი" კი არ უნდა აძახებინოს, მოითხოვოს ვადამდე არჩევნები.... რესპუბლიკელების აგენტობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეგენი 100-პროცენტიანი მოღალატეები არიან. საქართველოს ფულსა და გავლენაზე ყიდიან. სხვა ვინღა დარჩა? "ახლებიც" ნული არიან, ფულის გარდა არაფერი აქვთ. ალასანიას რა აქვს? სმენა აქვს, ხმა აქვს თუ არტისტული ნიჭი, სოლისტად რომ დგება? ოპერაში რომ იმღერო და სოლისტი იყო, ამისთვის დილიხორი არ კმარა".
ვახტანგ ხარჩილავა: "ოპოზიციონერები ისე "კლიჩკად" ჰქვიათ, თორემ სინამდვილეში სააკაშვილის მიერ დაქირავებული ზებოები არიან ეს აფერისტები", მთელი ძალით რომ აგუგუნებენ ზარებს და ლოდინით გატანჯული ხალხისთვის იმედს ნერგავენ – სააკაშვილი მოდისო".
ლელიკო ჯაფარიძე: "ან ეს რა არის, ამ უსუსური ოპოზიციის დროგამოშვებით ჭინთვები? კარგია, რომ ბევრმა ვითომდა ოპოზიციურმა პარტიამ საიქიო სასუფეველს რომ მიაშურა. ისე, ვინც ჯერ მოასწრო, კუკიაზე კიდევ ყოფილა ადგილები".

ირინა სარიშვილი: "მტერი იყოს ისეთ დღეში, დღეს რომ ჩვენი ოპოზიციაა".
კახა შარტავა: "იმდენი ჭკუა კი უნდა ჰქონოდათ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში არ მიეღოთ მონაწილეობა. ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას და არავინ დაგვიჯერა".

რევაზ მიშველაძე: "ჩვენი ოპოზიციის ლიდერები ისე ჩამივლიან ხოლმე გასისინებული "ჯიპებით", ლამის ვეღარ გავარჩიო – უმუშევარი ოპოზიციონერები არიან თუ მინისტრები და პარლამენტარები".

ირაკლი წერეთელი: "ოპოზიცია წარსულში დარჩა და, მათდა საუბედუროდ, აწმყოში დაბრუნებას აღარ აპირებენ. მერე უკვირთ, მარგინალებს რატომ გვეძახიანო?"

შალვა ნათელაშვილი: "ახლა მე კი არ მიხარია, მაგრამ ოპოზიცია არის შავ დღეში, ჩიხში, თვითონ ჩაიგდეს თავი ამ დღეში და თვითონ უნდა გამოვიდნენ ამ ჩიხიდან. მე რომ მექაჩებოდნენ არჩევნებზე, თვითონ რომ მიიღეს მონაწილეობა, რა ხეირი ნახეს? მე მაგათ ვუთხარი, რასაც მოიგებთ, არავის გაუყოთ-მეთქი".
პ.ს: პავლე კუბლაშვილი: "ოპოზიციას დისკრედიტაცია აღარ სჭირდება, ამას თვითონაც მშვენივრად ახერხებს და ჩვენი ჩარევა საჭირო აღარ არის".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100