„მეგობრობა“ რუსულად ანუ სამშობლოსათვის ბიჭებო, სწორდით...

ორი წლის წინ, რუსული სისხლიანი ქრონიკების მორიგი ტალღა დაიწყო... 2008 წლის 7 აგვისტო – ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თარიღი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.
ორი წლის წინ, რუსულმა არმიამ საქართველოს ოკუპაციის მიზნით, საქართველო-რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა. ასობით დახოცილი ქართველი ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე, მოკლული ჟურნალისტები, დანგრეული, მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები თუ ქალაქები, ათიათასობით დევნილი, დაბომბილ-დაცხრილული საბავშვო ბაღები, სკოლები, აეროპორტები, მიტაცებული ტერიტორიები – ესაა რუსული „მშვიდობის იძულებით დამყარების“ ოპერაციის არასრული ჩამონათვალი...
ორი წლის წინ, ქართველ ჯარისკაცთა თავგანწირულმა წინააღმდეგობამ, მრავალრიცხოვანი რუსული არმია და მსოფლიო გააოგნა. „პატარა სახელმწიფოს დიდი შეუპოვრობა“ და სამშობლოს დაცვის გააფრთებული სურვილი იყო ის მთავარი კოზირი, რომელმაც საქართველოს „პრობლემა“ მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების განსჯის საგნად აქცია.
ზუსტად ორი წლის წინ, ჩრდილოელმა ოკუპანტებმა საქართველოს დაპყრობა და დამონება კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს... თუმცა, ოკუპანტებმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწიეს - ქართველი ჯარისკაცების გმირული წინააღმდეგობის, საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის ერთსულოვნებისა და ცივილიზებული მსოფლიოს მძაფრი რეაქციის გამო, ოკუპანტებმა დედაქალაქზე - თბილისზე იერიში უკვე ვეღარ გაბედეს, საქართველო რუსულ კოლონიად ვეღარ აქციეს, განსხვავებით 1921 წლისგან, როდესაც მოღალატე ქართველების დახმარებით, „წითელმა არმიამ“ სრულიად საქართველო „გააწითლა“.
2008 წლის 7 აგვისტო - „ერთმორწმუნე რუსეთის“ „ძმური მეგობრობის“ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი... მანამდე კი...
მანამდე იყო ასპინძის ბრძოლა, ჯერ კიდევ 1770 წლის 20 აპრილს, როდესაც გერმანული წარმოშობის რუსმა გენერალმა ტოტლებენმა ქართული არმია ვერაგულად მიატოვა...
მანამდე იყო „გეორგიევსკის ტრაქტატი“, 1783 წლის 24 ივლისს, ე.წ. "სამეგობრო შეთანხმება" რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოებს შორის, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსულად „მფარველობა“ ოკუპაციას „ნიშნავდა“ და ქართ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთმა ჯერ ქართლ-კახეთი, მოგვიანებით კი იმერეთიც მიიერთა.
მანამდე იყო 1920 წლის 7 მაისი - რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და იღებდა ვალდებულებას, რომ არ ჩაერეოდა მის საშინაო საქმეებში, თუმცა, ჩრდილოელმა მეზობელმა შეთანხმება ზუსტად ერთ წელიწადში, 1921 წლის 25 თებერვალს დაარღვია და მოღალატე ქართველების დახმარებით საქართველო დაიპყრო... დახოცა ათასობით ქართველი ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის ქალები და ბავშვები.
მანამდე იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყება, ბრძოლა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური, საყოველთაო-სახალხო შეიარაღებული გამოსვლა საქართველოში. ორკვირიანი უმძიმესი ბრძოლების შემდეგ აჯანყება სისხლში ჩაახშეს წითელი არმიისა და ჩეკას ნაწილებმა. სამხედრო ოპერაციებს თან ერთვოდა 1924 წლის 30 აგვისტოდან სექტემბრის დამლევამდე განხორციელებული, უპრეცედენტო რეპრესიები, რომელმაც საერთო ჯამში თორმეტი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განადგურდა ეროვნულ-პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაიხვრიტა უამრავი ადამიანი - პოლიტიკური ოპოზიციის, ოფიცრობის, თავადაზნაურობის, ინტელიგენციის, სამღვედელოების, გლეხობისა და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები. მთლიანად განადგურდა რამდენიმე ქართული არისტოკრატული საგვარეულო...
მანამდე იყო 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები - საბჭოთა ხელისუფლების მიერ წარმოებული ხოცვა-ჟლეტა, რასაც ათი ათასობით ქართველი, მათ შორის მწერლები, ხელოვანები, ქალები და ბავშვები შეეწირნენ.
მანამდე იყო 1956 წლის 9 მარტი, როდესაც საბჭოთა არმიამ თბილისში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტა.
მანამდე იყო, 1956 წლის პროკლამაცია, რომელიც ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დეკლარაციად იქცა. პროკლამაცია მოამზადა და თბილისის ქუჩებში გამოაკრა სკოლის მოწაფეების ჯგუფმა, რომელსაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მეთაურობდნენ. პროკლამაცია წარმოადგენდა პროტესტს საბჭოთა საქართველოს მიერ უნგრეთში მომხდარი ანტიკომუნისტური აჯანყების სასტიკ და უკიდურესად სისხლიანი ჩახშობის მიმართ.
პროკლამაციის ტექსტი
ქართველებო! ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდე უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი.

დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს. განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისათვის. თბილისში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღვრილი უდანაშაულო მოსახლეობის სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია.

ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენ საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას! ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისათვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!

ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა! ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები! გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს! რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის “.

მანამდე იყო 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, რუსმა ჯალათებმა ათობით ადამიანი დაჩეხეს. ასობით კი მოიწამლეს და დაასახიჩრეს.

მანამდე იყო, რუსეთის მიერ პროვოცირებული სისხლიანი ომები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, რომლის შედეგადაც ოცი ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა. 100 ათასზე მეტი კი საკუთარ სამშობლოში იქცა დევნილად.

მანამდე იყო რუსეთის მიერ დაგეგმილ-განხორციელებული სამოქალაქო ომი თბილისში და, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობა.
მანამდე იყო გაუთავებელი შუღლი, პროვოკაციები, ეკონომიკური ბლოკადა, ეთნიკური ნიშნით ქართველთა დევნა-წამება, მუდმივი ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ, არაერთი მცდელობა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა...
მანამდე იყო...
მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთი საქართველოს ქართველების დახმარებით, მათი ხელშეწყობით ებრძოდა. ნუთუ არაა საკმარისი ეს ისტორიული ფაქტები იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილმა, რომელიც დღესაც რუსეთს ეტმასნება, ხელი აიღოს რუსული დირექტივების შესრულებაზე?

იქნებ მოვიდა დრო, ერიც და ბერიც, დიდიც და პატარაც, ჩვენი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გავერთიანდეთ და 7 აგვისტოს, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ექო მსოფლიოს მისწვდეს!!!

კომენტარი