ბერას ახალ კლიპში - „ოცნების ღამე“... ბიძინა ივანიშვილიც ამღერდება

კაცმა რომ თქვას, რატომაც არა - როგორც კულუარებში ამბობენ, მილიარდერი თვისუფალ დროს რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრასა და, თუ ისევ ამავე კულუარებიდან გამოსულ ხმებს დავუჯერებთ, შიგადაშიგ სიმღერასაც ცდილობს. როგორ გამოსდის, ეს უკვე სხვა საკითხია...

ისიც კარგად ვიცით, რა შარში ვყოფთ თავს ამ დეტალის გახმიანებით, მაგრამ მაინც, მოკრძალებით შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლიდან გამოსული ხმები, რომელზე დაყრდნობითაც „დრონი.ჯი“ წინმსწრებად აქვეყნებდა ამბებს (ზურაბ ბიგვავას წასვლა, კონფლიქტი ეკა ბესელიასა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის, მკვდარი დელფინების გლოვა), უმეტესწილად დასტურდებოდა.

ამიტომაც, არანაირი მოტივაცია არ გაგვაჩნია, არ დავუჯეროთ ქართველი მილიარდერის უახლოესი გარემოცვიდან მიღებულ ხმებს იმის შესახებ, რომ სულ მალე საზოგადოება... ამღერებულ ბიძინა ივანიშვილს იხილავს.

თუმცა, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ გარემოცვიდან ხმების გაჟონვაზე გაბრაზებულმა მილიარდერმა თავისი შვილის ახალი კლიპიდან საკუთარი პარტია ამოიღოს (ასეც მოქცეულა სხვა შემთხვევებში და გადაწყვეტილება მას შემდეგ შეუცვლია, რაც იგი საჯარო „დროზე ადრე“ გამხდარა), მაგრამ ფაქტია, რომ ბერას ახალ კლიპში, რომელსაც „ოცნების ღამე“ ეწოდება, ბიძინა ივანიშვილის ეპიზოდურ სოლოსაც იღებენ და ახლა იმაზე მუშაობენ, როგორ დახვეწონ და მოარგონ კლიპს მილიარდერის ხმა არანჟირების პროცესში.

სარწმუნო წყარო იმასაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, სათანადოდ გაართვას დაკისრებულ მისიას თავი. ამბობენ, რომ მილიარდერს უყვარს მუსიკა და რომ არ შეგვეშალოს, მხოლოდ ფორტეპიანოს და გიტარას დავასახელებთ, ანუ იმათ, რომლებზე „მოჩალიჩე“ მილიარდერიც წყაროს თვითონ უნახავს...

კლიპის შინაარსი, ხანგრძლივობა, ტექსტი და ის, თუ რომელ ნაწილში განთავსდება მასში ბიძინა ივანიშვილის სოლო-ჩართვა, ჩვენთვის უცნობია, თუმცა, დამეთანხმებით, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ბერას ახალი კლიპის მოლოდინი ნამდვილად ღირს.

და კიდევ ერთი: ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბერა თბილისში ახალ კლიპს იღებს და ამ კლიპში, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმაც იმღეროს, „დრონი.ჯი“ ადრეც ფლობდა, მაგრამ სტატიის გამოქვეყნებისგან თავს იკავებდა მანამ, სანამ ახალი კლიპის გადაღების მიმდინარეობის შესახებ ბერამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე არ დაწერა:

„მე და ჩემი მეგობარი, უნიჭიერესი რეჟისორი - ლევან დაბრუნდაშვილი. ახალი კლიპი "ოცნებების ღამე" გზაშია... ;)“ - დაწერა მან კედელზე ატვირთული ფოტოს აღწერაში 11 მარტს, ხოლო ერთ-ერთ კომენტარში, რომლის ავტორი, სავარაუდოდ, ბერას გუნდის წევრია, ვკითხულობთ (კომენტატორთა უმრავლესობას, რომელიც ბერას Boss-ად მოიხსენიებს, პროფილის სურათად მისი პორტრეტი აქვთ არჩეული): „yvela moutmenlad elodeba da didi siurprizic elodebat, boss!:))”

შენიშვნა: ფოტოსურათი ჩამოტვირთულია "ფეისბუქზე" ბერას გვერდიდან.

კომენტარი