სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა კავშირია ირაკლი ალასანიასა და „ძველი, კეთილი ნაცნობის“ zaur-ის ნააზრევთა შორის?

რას და როგორ განმარტავს ირაკლი ალასანია და მექოთნესავით საით მიაბამს ყურს სულ ცოტა ხნის წინ უკვე გასაგებად ნათქვამ მისივე ფრაზას: „გარდა ამისა, ცხინვალის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების ინტენსიური შესვლა უკვე დაწყებულია. თუ სააკაშვილი გააგრძელებს ძალადობრივ პოლიტიკას, საქართველო აღმოჩნდება სირიის მსგავს სიტუაციაში“, - უკვე დიდი მნიშვნელობა არა აქვს - მინიმუმ, წამოცდენა და, მაქსიმუმ, კონკრეტული ინფორმაციის ფლობა მისი მხრიდან უკვე სახეზეა, თანაც, თუ მხედველობაში მივიღებთ სააკაშვილის „ძალადობრივ პოლიტიკაზე“ მინიშნებას, მაშინ ეჭვიც აღარ რჩება, რომ ირაკლი ალასანიამ ცხინვალის ტერიტორიაზე შესულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის ქართული შეიარაღებული ჯგუფები იგულისხმა.

„დრონი.ჯი“ შეგახსენებთ ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის ბლოგზე დაყრდნობით დაწერილ და გამოქვეყნებულ ერთ სტატიას, რომელშიც საუბარი დაახლოებით იმაზეა, რაზეც ალასანია მიანიშნებს. თანაც, არც იმის გახსენება იქნება ზედმეტი, რომ ეს წერილი „დრონი.ჯი“-ზე და, შესაბამისად, ილარიონოვის ბლოგიც, დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა. თავის მხრივ, ილარიონოვი ბლოგის წერის დროს „ძველ, კეთილ ნაცნობ“, სავარაუდოდ, ოსი ეროვნების ინტერნეტმომხმარებელს, ნიკით zaur დაეყრდნო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე სულ ცოტა ხნით ადრე საოცარი სიზუსტიტ აღწერდა იმას, რაც შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა დაატრიალა. Zaur რუსულ სამხედრო ფორუმებზე გახლავთ „სპეციალიზებული“ და ამჯერად ილარიონოვმა მის მიერ სპეციალიზებულ სამხედრო ფორუმ Milkavkaz-ზე დაპოსტილი პროგნოზები მიმოიხილა, რომლის თანახმადაც, კრემლი საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე სწორედ ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეჭრას ამზადებს. ციტატა წერილიდან:

„ქართული არჩევნების წინ/შემდეგ რუსეთი გაათამაშებს ლიბიის სცენარს შეიარაღებული ბუნტისა და არმიის დეზორგანიზაციის მიღწევის მიზნით, შემდეგ დაიწყება რუსული არმიის შეჭრა მთელი საქართველოს მიტაცებისა და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მოყვანის მიზნით. საქმეში ჩაებმებიან ბურჯანაძე და ნოღაიდელიც...“ - არასერიოზულად ჟღერს? გაითვალისწინეთ, რომ ეს პოსტი სპეციალიზებულ სამხედრო ფორუმ Milkavkaz-ზე ეკუთვნის მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია ნიკით «zaur»“, - წერს საკუთარ ბლოგზე რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი ილარიონოვი და ამატებს, რომ ამ ნიკით ფორუმზე ოსი სამხედრო ექსპერტი, ზაურ ალბოროვი „მოღვაწეობს“, რომელსაც, როგორც ჩანს, აქვს წვდომა გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციაზე.

ილარიონოვი იმასაც წერს, რომ სწორედ ეს, ძველი და კარგად ნაცნობი „ზაური“ იყო, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე გასაოცარი სიზუსტით აღწერა რუსეთის მომავალი ნაბიჯები, კონკრეტულად „იწინასწარმეტყველა“ რუსული არმიის ქმედებები, რაც შემდეგში რეალურად ახდა.

ამიტომ და არამხოლოდ ამიტომ (და ამაზე უამრავი სხვა ფაქტორიც მიანიშნებს), სრულიად მართებულია ვიფიქროთ, რომ საქართველოში არეულობის გამოწვევის კრემლისეული გეგმა მართლაც არსებობს და ამ გეგმას უნდა მოჰყვეს სრული ქაოსი, რათა "უფროს ძმას“ აქ „წესრიგის დამყარებისა და საკუთარი მოქალაქეების დაცვის“ საბაბი მიეცეს.

აი, კიდევ რას წერს „ზაური“: „რუსეთის ფედერაცია, ფაქტობრივად, ყველანაირად მზადაა ახალი ომისთვის და ამის დასამტკიცებლად აფხაზეთში ТОС-1 «Буратино» -ს შეტანაც გამოდგება, ჩვენთან კი ყველანაირი მშენებლობა, მათ შორის რუსეთის საელჩოსიც - შეჩერებულია. ამას დაუმატეთ რუსეთის აშკარა სწრაფვა, ჩვენთან დასვას მოსკოვის ნების უსიტყვოდ აღმსრულებელი პრეზიდენტი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ოკუპაციისა და იქ სასურველი, მარიონეტული ხელისუფლების დასმის შემდეგ, მათი და საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად და ქართველთა გულის მოგების მიზნით, რუსეთი აპირებს, სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნოს“.

„ზაურს“ არც საერთაშორისო საზოგადოების მოსალოდნელი რეაგირება ავიწყდება და მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ფაქტორი ანულირებული იქნება, თუკი რუსეთი შესძლებს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის სწრაფად, რამდენიმე დღეში დაკავებას, ან, მინიმუმ, ამ ტერიტორიაზე ქაოსის გამოწვევას.

„ვვარაუდობ, რომ ყველაფერი დაიწყება სამხედრო-საჰაერო ძალების მხრიდან მოულოდნელი დარტყმებით, რუსეთის სარაკეტო შენაერთებისა და არტილერიის შეტევით საქართველოს სამხედრო ნაწილებსა და მათი დისლოკაციის ადგილებზე“, - წერს „ზაური“. – „ამავდროულად, მეამბოხე კოლაბორაციონისტები, რომლებიც „ГРУ“-ს მითითებით იმოქმედებენ, შეიარაღებული ამბოხების დაწყებას უზრუნველყოფენ, ძირითადად, თბილისში, რათა თავდაცვის დეზორგანიზება გამოიწვიონ.

რუსები შეიჭრებიან, განახორციელებენ რა კლასიკურ ბლიცკრიგს, ხოლო კოლაბორაციონისტები, რომლებიც სააკაშვილის წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოვლენ და, ვთქვათ, „საქართველოს ხსნის კომიტეტი“ ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ ყველაფერს წარმოაჩენენ, როგორც რუსეთის მიერ ჩატარებულ სამშვიდობო ოპერაციას“.

ამ ნააზრევის განხილვის დროს ანდრეი ილარიონოვი კითხულობს: „მოდით, გულახდილად ვთქვათ: გამორიცხულია კი მსგავსი სცენარის არსებობა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის, ქართულ არმიაში შეიარაღებული ბუნტის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობისა და ГРУ-ს მონაწილეობით მოწყობილი „ჯაშუშთა სკანდალის“ შემდეგ? მით უფრო, რომ საჭიროა პუტინის შიდა ლეგიტიმაციაზე ზრუნვა?“.

ანდრეი ილარიონოვი ბლოგს ასე ასრულებს: „რა თქმა უნდა, ეს და მსგავსი საინფორმაციო „უტკები“, შესაძლოა, საგანგებოდაა შემუშავებული და გავრცელებული, რათა მიანიშნონ, რომ რუსეთი განსაკუთრებული ქვეყანაა და, საერთაშორისო ნორმების საყოველთაოდ აღიარებული პარამეტრების მიუხედავად, ყოველთვის იმას გააკეთებს, რასაც მოისურვებს“.

დასკვნა და კავშირის ძიება ალასანიასა და zaur-ის ნააზრევებს შორის, მკითხველისთვის მიგვინდია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100