სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოცნებით გაოცებულები ანუ „არ შემოულაწუნო, ხელს შემოგიბრუნებს!..“

-გამოუშვით, აბა, გამოუშვით!.. - ასე იძახის ერთი ქართული ფილმის გმირი და როცა ის, ვინც მას ეჩხუბება, მისკენ მოიწევს, გამშველებელთა ზურგს ეფარება. როცა გამშველებლები მოწინააღმდეგეს რამდენიმე ნაბიჯზე გაარიდებენ, ისევ გამოყოფს თავს და ისევ იძახის: „გამოუშვით, აბა, გამოუშვით!..“

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელი გზის გაკვლევა იმაზე უფრო ძნელია, ვიდრე თავის დროზე, დიდი ფულის შოვნა იყო. რას იზამ - საქართველოში ხომ ყველაფერი ორმაგად ძნელია და ამისთვის ივანიშვილი მზად უნდა ყოფილიყო, როცა ქუდი მოიშვლიპა და ქართულ პოლიტიკაში თავით გადაეშვა. მაგრამ დღეს ქართველი მილიარდერი რქამომტვრეულ, თავ-დრუნჩდასისხლიანებულ, ზღაპრიდან ანეკდოტში გადასახლებულ წიქარას ჰგავს, რომელიც თავდახრილი ჰკაფავს ჯაგნარს და თანაც, მის ზურგზე წამოსკუპებულ ბიჭუნას (ბიჭუნას ნაცვლად წაიკითხეთ ნებისმიერი ივანიშვილის გარემოცვიდან, განსაკუთრებით, იურისტები) მისუსტებული ხმით ეხვეწება, მაგ სავარცხელს წინ კი ნუ ისვრი, უკან გადააგდეო...

დედოფლისწყაროდან ბიძინა ივანიშვილმა დაიქადნა, აბა, გაბედოს სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ მომცეს, ან უკან არ დაიხიოსო. სააკაშვილმა არც უკან დაიხია და ისეც მოახერხა, რომ თვითონ სულაც არ ჩარეულა საქმეში - კანონს ათქმევინა მილიარდერისთვის, რომ ასე ჰაიჰარად საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს. ბიბლიურმა „ითხოვდეთ და მოგეცესთ თქვენ“ ამ შემთხვევაში არ იმოქმედა - ამ ბიბლიურ ფრაზას განმარტებაც აქვს - სწორად უნდა ითხოვო, რომ მოგეცეს, ყოფიტ ცხოვრებაში და კიდევ ერთ ქართულ ფილმში კი ამ სიბრძნეს ასე გადმოსცემენ: „გინდა კაია, უნდა გერგებოდეს! ეგრე სად არი!“

თუ მეხსიერება არ მღალატობს, ერთხელ ედუარდ შევარდნაძეს გიგა ლორთქიფანიძემ ჰკითხა - „ამდენი მრჩევლები რად გინდათ, ბატონო ედუარდ, თვითონ არაფერი იცით?“.- ედუარდ წინამორბედისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი სრულიად უმტკივნეულოდ აღიარებდა, რომ ბევრი რამ არ იცოდა და როცა ამომწურავი პასუხის გაცემის მომთხოვნ შეკითხვებს უსვამდნენ, წამდაუწუმ იმეორებდა, რომ ეს თემა კომპეტენტურად არ იცის და მრჩეველებს, სპეციალისტებს დაეკითხება...

ზოგადად, არცოდნის აღიარება მხოლოდ დადებით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს - ბიძინა ივანიშვილი არაა ვალდებული, ქართული იურისპრუდენციის ყველა ნიუანსში ერკვეოდეს - ეს იმ იურისტების კომპეტენციაა, რომლებიც მას ირგვლივ ბლომად ახვევია და რომლებიც იურისპრუდენციაზე უკეთ, მაგალითად, ადრეფიზიოლოგიურ ასაკში სექსუალური მომწიფება-გადამწიფების დეტალებში ერკვევიან.

სწორედ ის გახლავთ მილიარდერის ტრაგედია, რომ „ჰარი პოტერის სასახლის“ ტალანებში მიმომავალი, გამნიშვნელოვანპერსონებული გუშინდელი ბანკროტი პოლიტიკოსები უფრო მეტად, მსუყე ჰონორარების თვლით არიან გართულნი და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი იმდენად აღელვებთ, რამდენადაც ფიდელ კასტროს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები.

ოცნებით გაოცებული დღეს თვითონ ბიძინა ივანიშვილი დარჩა, რომლის ბავშვური სიჯიუტე და ახირებულობა სასაცილოდაც არ ჰყოფნით ხელისუფლების ვერტიკალში. ვინ იცის, ხელისუფლებაში როგორ შიშობდნენ, ივანიშვილის იურისტები არ მიმხვდარიყვნენ, რომ იმას ითხოვდნენ, რაც სულაც არ ერგებოდათ ისე, როგორც ითხოვდნენ...

ვინ იცის, ეცინებოდათ კიდეც დედოფლისწყაროდან დანაქადნებზეც და „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწყებულ დღეების ათვლაზეც - ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უსუსურობა კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა და ახლა უკვე, სავარაუდოდ, ივანიშვილიც კარგად ხვდება, როგორ აიგდო თავი სასაცილოდ, როცა ნიშნისმოგებით შეუთვალა ხელისუფლებას, აბა გაბედე და მოქალაქეობა არ მომცეო... პასუხი გაცემულია და აწი ეგ ფალავანი გინდ გააგორონ და გინდ გამოაგორონ (ან შეიტანონ და გამოიტანონ, როგორც "ბაში-აჩუკში" ამბობენ) - ამისთვის მინიმუმ ორი და მაქსიმუმ 4 თვე აქვთ...

ბიძინა ივანიშვილს კი მრჩევლებზე ფიქრით თავის ატკივება ისევ მოუწევს. ისეთი მრჩევლებით, რომლებსაც იმის ჭკუა მაინც ეყოფათ, რომ მილიარდერი კი არ წააქეზონ, არამედ ყურში ჩასჩურჩულონ: „არ შემოულაწუნო, ხელს შემოგიბრუნებს!..“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100