ნებიერა ივანიშვილს ბრიფინგზე იუმორის დაჩოქება მხოლოდ სანახნახევროდ გამოუვიდა (ვიდეო)

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი დაბნეულია და ამ დაბნეულობის დასაფარავად საკმაოდ უცნაურ ნაბიჯებს დგამს. ხომ დადგენილია, რომ ზოგჯერ პიროვნება დაბნეულობის ან მრისხანების დასაფარავად მავანთა და მავანთა წინაშე მხიარული სახით წარდგომას ცდილობს, მაგრამ სიყალბე სიყალბეა და მის აღმოსაჩენად დიდი დაკვირვების უნარი სულაც არაა საჭირო.

ახლავე მოგახსენებთ, რაზე გამახსენდა: დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტები ბრიფინგზე იხმო. რასაკვირველია, ყველა დროულად გამოცხადდა, თავად მილიარდერის არხის ჟურნალისტების ჩათვლით, რადგან ყველამ იცოდა, რომ ივანიშვილი თავის, ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებაზე – საქართველოს მოქალაქეობაზე აპირებდა საუბარს, რომელსაც თავის დროზე ვერ მოუფრთხილდა და ახლა დაბრუნებას ცდილობს, თუმცა, ეს სანახნახევროდაც არ გამოსდის.

სამაგიეროდ, დღეს მილიარდერს იუმორის დაჩოქება გამოუვიდა სანახნახევროდ. უცნაური შედარებებითა და „ჭადის სკლეროზის სინდრომით“ სახელგანთქმულმა ყოფილმა ქველმოქმედმა არც ამჯერად გააწბილა მისი გამოსვლის მომლოდინენი და ამჯერად პარალელი გაზაფხულის მოსვლასა და მათ განვითარებას შორის გაავლო:

"ნებიერად მოსულა გაზაფხული, ნებიერად ვვითარდებით ჩვენ. მე მაქვს პროგრამა: 21 აპრილს ოფიციალურად დავაფუძნებ პარტიას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". კოალიცია "ქართული ოცნება" კი საარჩევნოდ ბლოკად "ივანიშვილი - ქართული ოცნება" გადაკეთდება", - განაცხადა მილიარდერმა.

რასაკვირველია, მანამდე იყო განვლილი თვეების ანალიზის მცდელობა, 4 ოქტომბრისა და 4 აპრილის სიმბოლური პარალელები (ოღონდ, მათ შორის საერთოს დანახვა „ჩლუნგ“ ჟურნალისტებს გაუჭირდათ), იმის აღნიშვნა, რომ პირადად სააკაშვილი პირადად მას ებრძვის და კიდევ ათასი რამ, რაც იყო. მათ შორის, მის მიერ მოყოლილი ანეკდოტიც კი, დაახლოებით ასეთი: მიტუას პარტიიდან შემოუთვალეს, თუ ჭკუით არ იქნები, შენს საკითხს ბიუროზე დავსვამთო, რაზეც მან აგდებულად ჩაილაპარაკა: „დასვამენ და იჯდეს, რა!...“

კახელზე მოყოლილი ანეკდოტის დასრულების შემდეგ იმერელმა, ნებიერა ივანიშვილმა თვალი დარბაზს მოავლო და აღმოაჩინა, რომ იუმორი მხოლოდ სანახნახევროდ დააჩოქა, რადგან ამ ანეკდოტზე „მე–9 არხის“ ჟურნალისტების გარდა, არავის გასცინებია. მათაც, ალბათ, მხოლოდ იმიტომ გაეცინათ, რომ ივანიშვილის სახეზე მისივე ფრაზა ამოიკითხეს: „აბა, გაბედოთ და არ გაიცინოთ...“ – აფსუს, რა მუხანათობაა, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, თორემ ერთი კაი იუმორის ფუთა როგორ არ უნდა გეგდოს სადმე, შუშის სასახლეში, ასეთი შავი დღისთვის...

კომენტარი