სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჩხერის გამგებელი: „გამოხატავენ მადლიერებას თქვენს მიმართ, მაგრამ უყვართ საქართველო...“

როგორც დღევანდელ სტატიაში „კადრები წყვეტენ ყველაფერს - სატელევიზიო კადრები“ ვწერდით, საჩხერეში, „ჩიხურასა“ და „გაგრას“ შორის გამართული მატჩის დროს სტადიონზე მისულ ბიძინა ივანიშვილს ვიდეოგადამღებთა მთელი ამალა ახლდა, ხოლო გადაღებულ ვიდეოს მოგვიანებით, მკერავ-მჭრელთა ამალა დაესია და როგორც ფბ-ში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა დამონტაჟებული ვარიანტი, რომელშიც ზურაბ ცერცვაძისა (საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი) და ბიძინა ივანიშვილის სიტყვიერი დუელის მხოლოდ ის ვარიანტი გამოქვეყნდა, სადაც საჩხერის გამგებელი თითქოსდა მორცხვი ღიმილით უსმენს მილიარდერს, რომელიც ცხვირწინ თითს უტრიალებს და ეუბნება ფრაზას: „ხალხს უნდა უყვარდე, ხალხს...“. სტატიაში ეს ეპიზოდი ასე აღვწერეთ:

„ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ გადაღებული ვიდეოდან საუბრის მთლიანი შინაარსის გარკვევა, ცოტა არ იყოს, ძნელია: ივანიშვილის „პიარშიკებს“ ისე კარგად ეხერხებათ „ჭრა-კერვა“, რომ მათ მიერ შეკოწიწებულ კადრებში მხოლოდ მილიარდერის წიაღსვლები ისმის და ის ჩანს, როგორ უტრიალებს ცხვირწინ საჩვენებელ თითს ცერცვაძეს ივანიშვილი და ეუბნება: „ხალხს უნდა უყვარდე, ხალხს...“

როგორც „დრონი.ჯი“-მ იმ დღეს სტადიონზე მყოფი მოქალაქეებისგან გაარკვია, საუბარი ბევრად უფრო დატვირთული ყოფილა შინაარსობრივად და საჩხერის გამგებელსაც გაუკეთებია მინიშნებები, რომლებიც ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ შეკოწიწებულ ვიდეორგოლში ვერ მოხვდა.“

ახლა, როცა ამ საუბრის უფრო სრულყოფილი, მოყვარულის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა ვიდეოპორტალებზე მოხვდა, უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ დუელშიც პირწმინდად დამარცხდა. თავად განსაჯეთ და მასალას თანდართული ვიდეოც ნახეთ: მისალმებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ მილიარდერი მაშინვე მინიშნებებზე გადადის, საჩხერის გამგებელი კი თავაზიანად, მაგრამ მტკიცე პოზიციით ეპასუხება - სიტყვასაც კი აწყვეტინებს:

-აქ ვარ გაზრდილი, ჩემი კუთხეა და ჩემზე მეტი გულშემატკივარი აქ ბევრი არ არის, - ამბობს გამგებელი.

-კაი კაცი ხარ, - ეუბნება ივანიშვილი და იქვე გრძელი სიტყვისთვისაც ემზადება: - ფეხბურთიც უნდა გიყვარდეს...

-ფეხბურთიც მიყვარს, ჩემი ქვეყანაც მიყვარს და ჩემი საჩხერეც მიყვარს, - აწყვეტინებს ცერცვაძე.

-აი, ეგრე! მაგარი კაცი ყოფილხარ! მეგონა, შენ გემდურიან...

-არავინაც არ მემდურის, იმიტომ რომ პატრიოტი კაცი ვარ! - პასუხობს გამგებელი.

-შენ იმაზე მაგარი კაცი ყოფილხარ, ვიდრე მე მეგონა. ტყუილად ლაპარაკობთ, საჩხერლებო, ვერ არის მაგარიო, ხომ მაგარია? - ეკითხება ირგვლივ შეკრებილ ხალხს ივანიშვილი და ისმის შეძახილები: „კი!“, „მაგარია!“.

-„ჩიხურას“ გაუმარჯოს და საჩხერესაც გაუმარჯოს! - ისევ ართმევს სიტყვას გამგებელი და ყვირის: - „ჩიხურას გაუმარ-ჯოს!!!“,- რასაც ხალხი ხმამაღლა აჰყვა, მერე კი გამგებლის ამ შეძახილს აპლოდისმენტებიც მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც უხერხული ღიმილით ელოდა აპლოდისმენტების ჩაცხრომას (გამგებელი უნდა გაეშავებინა და ტაში კი დაუკრეს - ეს აშკარად არ ჯდებოდა მის გეგმებში), ვითომ დიდსულოვნება გამოიჩინა და მითითებაც გასცა: „არ გადაუღოთ ახლა ამ კაცს...“, რასაც ზურა ცერცვაძის რეპლიკა მოჰყვა:

-გადაიღონ, არაფრის არ მეშინია მე, იმიტომ რომ პატრიოტი კაცი ვარ...

-ამათი შემყურე როგორ უნდა გეშინოდეს? - ხალხის რეაქციაზე მიანიშნა მილიარდერმა, მაგრამ ასეთი პასუხი მიიღო:

-ჩემი ძმაკაცები არიან და მეგობრები არიან. გამოხატავენ მადლიერებას თქვენს მიმართ, მაგრამ უყვართ საქართველო და იციან, როგორ უნდა იარონ და სად უნდა იარონ...

ბიძინა ივანიშვილს გამგებლის ბოლო სიტყვები განსაკუთრებით არ ეამა. ჩაეკითხა კიდეც: „მაგრამ“ რას ნიშნავს?“, თუმცა, მოყვარულის მიერ გადაღებული ვიდეო აქ წყდება და გამგებლის პასუხი არ ჩანს. ეს შესიტყვება საერთოდ ამოღებულია ვიდეორგოლის ბიძინა ივანიშვილისეული ვერსიიდან. როგორც ჩანს, საუბრის ასე დამახინჯებამ საჩხერის გამგებელიც გამოიყვანა მოთმინებიდან და მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დღეს სტატუსად გამოაქვეყნა: „საუბრის სრული ვერსია დადეთ, მეხოტბეებო!“.

ახლა კი შეგიძლიათ ნახოთ ზურა ცერცვაძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ამსახველი ოფიციალური ვერსიაც და შემდეგ, მასალას თანდართული ვიდეო, რომლების ერთმანეთთან შედარებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ივანიშვილსა და მის გარემოცვას მონტაჟის ხელოვნება კარგად აქვთ ათვისებული. მონტაჟიც არის და მონტაჟიც - „სახალხო კრების“ შემთხვევისა არ იყოს, აქაც მონტაჟმა საუბრის შინაარსი მთლიანად შეცვალა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100