დიანა ღურწკაია: მიწვევა მივიღე და ჩავთვალე, რომ პუტინის ინაუგურაციაზე უნდა მივსულიყავი

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიალს ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაიაც დაესწრო. ამასთან დაკავშირებით Prime Time News-ი მომღერალს ესაუბრა:

დიანა ღურწკაია: მე ვარ საზოგადოებრივი პალატის წევრი, ვმუშაობ სოციალურ თემებზე, რახან თვითონ მაქვს ცხოვრებაში გამოვლილი რაღაც ისტორია და ეს არავისთვის არ არის საიდუმლო. დავამთავრე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატი და ვიცი, რას ნიშნავს პატარა დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები. სწორედ ამ თემებზე ვმუშაობ. დღევანდელ ცერემონიაზე ჩემი მიწვევა სწორედ პალატის მხრიდან მოხდა.

მე არ ვარ პოლიტიკოსი და ვემსახურები ხელოვნებას. მე მიყვარს ჩემი საქმე. რაც შეეხება იმას, რომ ვმუშაობ სოციალურ საკითხებზე, ეს უკავშირდება ჩემს მსგავს პრობლემებს ბავშვობაში. რასაც უნდა მიაღწიო ცხოვრებაში, არ უნდა დაივიწყო ის წუთები, რომლებიც გამოიარე. თუ ვიღაცას დავეხმარები ჩემი მუშაობით საზოგადოებრივ პალატაში, ბედნიერი ვიქნები.

შარშან მე ვიყავი საქართველოში უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში, ჩავუტანე პატარა საჩუქრები. ძალიან მიყვარს საქართველო, ძალიან მენატრება. დიდი სევდა მაქვს გულში, რადგან დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. ბოლოს დეკემბერში ვიყავი ჩამოსული, სხვათა შორის, ამ დღეებში ვაპირებ ჩამოსვლას, უნდა გავაკეთო სიმღერა დათო კენჭიაშვილთან ერთად.

- გვესმის თქვენი პოზიცია, მაგრამ საქართველოს ტერიტორიები დღეს არის ოკუპირებული, მათ შორის თქვენი მშობლიური მხარე. სწორედ ამ ადამიანების კისერზეა ეს ბოროტება. ცერემონია, რომელსაც თქვენ ესწრებოდით, ეძღვნებოდა საქართველოს პირველი მტრის ინაუგურაციას. როგორ ფიქრობთ, ხალხს ეს არ გააღიზიანებს?

- მე არ ვარ პოლიტიკოსი. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ მტკივა საქართველო, მტკივა აფხაზეთი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტკივა. თქვენ როგორ გგონიათ, მე არ მინდა, რომ დავბრუნდე ჩემს მშობლიურ საქართველოში, აფხაზეთში? არ მინდა მოვეფერო ჩემს მშობლიურ კერას ან შევძლო იმ კუთხეში გავირბინო, სადაც გავიზარდე? ყველა ჩემი წინაპარი საქართველოშია დაკრძალული.

ყველა ადამიანს, ვინც ნორმალურად აზროვნებს, თავის კუთხეში უნდა დაბრუნება და არც მე ვარ გამორჩეული. მე არსად არ წავსულვარ საქართველოდან, უბრალოდ, აქ მიწევს მუშაობა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ დამავიწყდა ჩემი ქვეყანა. ჩემი სული და გული ფეთქავს საქართველოთი. ჩემი შვილი იზრდება ქართული კულტურით, დადის ქართულ ცეკვებზე, ლაპარაკობს ქართულად.

მინდა რომ ის ხელოვნებით შეეხოს საქართველოს, რომ იცოდეს დედის მშობლიური ქვეყანა და არა მხოლოდ დედის, ეს, ალბათ, მისი მშობლიური ქვეყანაც არის. მე სადაც არ უნდა ვმუშაობდე, დამიჯერეთ, ყველგან დავთესავ საქართველოს სიყვარულს, ყველასთან ვიტყვი მხოლოდ კარგს. ძალიან მინდა, რომ ეს ქართველმა ხალხმა კარგად გამიგოს.

- რა მოხდებოდა, თუ მიწვევაზე უარს იტყოდით და ცერემონიას არ დაესწრებოდით? შეგექმნებოდათ თუ არა პრობლემები?

- მიწვევა იყო საზოგადოებრივი პალატის სახელზე და ყოველთვის ვცდილობ, ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ბოლომდე შევასრულო. არ ვიცი, რა მოხდებოდა, ამაზე არც დავფიქრებულვარ. რადგან იყო მიწვევა ჩავთვალე, რომ უნდა მივსულიყავი. სხვათა შორის, იყვნენ სხვა ქართველებიც. მე ვნახე ბატონი ზურაბ წერეთელი, ვლადიმერ ხომერიკი. როგორც მე ვიცი, ბატონი ზურაბიც საზოგადოებრივი პალატის წევრია.

დიდი მადლობა, რომ დამირეკეთ, რადგან მინდოდა ყველასთვის ამეხსნა, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ გვენატრება ჩვენი საქართველო, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენშია, საქართველოსთან არის კავშირში. დედაჩემი თბილისშია დაკრძალული და როგორ შეიძლება, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა?

მე ყოველ ზაფხულს ვისვენებ საქართველოში. ხომ შეიძლება, რომ სადმე სხვაგან წავიდე? ნამდვილად მაქვს ამისი საშუალება, მაგრამ ვერსად ისე ვერ დავისვენებ, როგორც საქართველში. მე ვიყავი წელს მაიამიში წასული, მაგრამ დაღლილი ჩამოვედი, რადგან სხვა სიტუაციაა. ჩემს საქართველოში რომ ვისვენებ, იმ ერთი თვით ბედნიერი და გალაღებული ვბრუნდები.

- ქალბატონო დიანა, გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი, შეგექმნებოდათ თუ არა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყოდით ცერემონიაზე მისვლაზე?

- არ შემიძლია ასე გადაჭრით გითხრათ, რომ შემექმნებოდა პრობლემა, როცა დარწმუნებული არ ხარ, რთულია თქვა. არის ხოლმე, როდესაც გარკვეული პრობლემები გვექმნება და ეს ჩემს ცხოვრებაშიც იყო, მაგრამ დღევანდელ დღეზე ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, მე დამპატიჟეს და ვიგრძენი პასუხისმგებლობა, რომ უნდა მივსულიყავი. საერთოდ, პუნქტუალური ადამიანი ვარ.

- კადრებში ჩანდა, რომ ვლადიმერ პუტინი პირადად მოგესალმათ და ხელიც ჩამოგართვათ. სწორედ მისი და მედვედევის კისერზეა ის, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს უამრავი მოქალაქე სახლ-კარის გარეშე დარჩა. როგორ ფიქრობთ, მათზე უარყოფითად არ იმოქმედებდა ამ კადრების ნახვა?

- მე ვიყავი თურქმენეთში და მათმა პრეზიდენტმაც ჩამომართვა თავის დროზე ხელი და მიმიწვია თავის რეზიდენციაში. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო ის, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი მომესალმა და დამიყენა გვერდზე. მე დღეს ვიდექი იქ, როგორც ყველა დანარჩენი, მოვიდა და ჩამომართვა ხელი, ეს მისი უფლება იყო.

როგორ ფიქრობთ, როცა საქართველოს სტკიოდა, მე არ მტკიოდა? როგორ მდგომარეობაში ვიქნებოდი, როცა ჩემი საქართველო საშინელ დღეში იყო და მე ამ ყველაფერს თვალყურს აქედან ვადევნებდი?! არაფერი არ დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ წავსულიყავი ტაძარში და ჩემი სამშობლოსთვის მელოცა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი გავიმართლო. მე მინდა, რომ სადაც ვიქნები, ყველგან კარგი გავაკეთო საქართველოსთვის და პუტინიც მცნობს მე, როგორც ქართველს, მისთვის ვარ ქართველი მანდილოსანი.

ანი ყაზაიშვილი

წყარო

კომენტარი