ბაჩუკი ქარდავა: ივანიშვილი მეფისნაცვალ ვორონცოვის იდეების გამგრძელებელია

დღემდე დაობენ იმაზე, ზაფხულიოს სიცხე გონებრივ მუშაობაზე დადებითად მოქმედებს თუ - პირიქით. თუ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ბოლო დროს გაკეთებული საინტერესო და დაპირისპირებული მხარეების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, გონებრივი რესურსების მობილიზაციას არცერთი მხარე არ უჩივის.

თუმცა, ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი ერთი ნიუანსი აქაც იჩენს თავს: ერთნი ერთ მხარეს დასცინიან და სიტყვიერ პაექრობას უმართავენ, მეორე ბანაკში კი პირველის აზრები სასაცილოდ არ ჰყოფნით. საზოგადოების გაყოფა ორ დაპირისპირებულ მხარეებად იმდენად თვალშისაცემია, რომ ჰაერში უკვე დენთის სუნი ტრიალებს. პოლიტიკური დენთის სუნს ვგულისხმობ, რადგან საბედნიეროდ, დაპირისპირება არ სცილდება ინტერნეტსივრცეს.

გაყოფილია არამხოლოდ ელექტორატი, არამედ პოლიტიკური სპექტრიც. მას შემდეგ, რაც ქართველმა მილიარდერმა შუა ვერ გაკრიფა, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არც სააკაშვილს ემხრობიან და არც ივანიშვილს, საგრძნობლად გააქტიურდნენ.

გუშინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სტუდენტებს შეხვდა. როგორც ედპ-ს პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტკური ვითარებაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს პარტიის პოზიცია გააცნო. ბაჩუკი ქარდავამ ბიძინა ივანიშვილი კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვალს შეადარა და მიხეილ ვორონცოვის იდეების გამგრძელებლი უწოდა ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც რუსეთის საამებლად აცხადებენ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და რომლებიც ნაცვლად ტერიტორიული მთიანობის აღდგენისა, ნომერ პირველ პრიორიტეტად რუსეთის ბაზრის დაბრუნებას ისახავენ მიზნად.

ბაჩუკი ქარდავა: „ ბატონი ივანიშვილი და რიგი მისი თანამოაზრეებისა, ზუსტად მაგონებს კავკასიაში მეფის ნაცვალს ვორონცოვს, რომელიც საქართველოს კოლონიზაციას და რუსეთის იმპერიასთან სრულად შერწყმის საქმეს მოქნილად და მეთოდურად ახორციელებდა, პირველ რიგში კულტურული ღონისძიებებით. მის დროს აღსდგა თეატრი, დაიწყო ოპერის მშენებლობა, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, ახალგაზრდებს აგზავნიდა რუსეთში სასწავლებლად, მაშინდელ ინტელიგენციას ხელფასებითა და ჩინ-მედლებითაც ანებივრებდა, მაგრამ ის ბოლომდე რუსეთს მეფის უერთგულესი მსახური იყო“.

თუმცა, რა თქმა უნდა, ვორონცოვსა და ივანიშვილს შორის სხვაობაც არის: ვორონცოვი იმდენად მდიდარი ვერ იყო, რამდენადაც ივანიშვილია და, შესაბამისად, მთელი საქართველოს ყიდვაზე არც უოხნებია. ივანიშვილის ოცნებები ისევე აურაცხელია, როგორც მისი ქონება, გამოხატული ფულში, მისი ოცნებები კი ისევე მოკლებულია რეალობას, როგორც ვორონცოვის დროში საქართველოს დაბრუნების შესაძლებლობა.

მილიარდერი ისევ „პირველ ჩვენებას“ მისდევს და ძველებურად არ იშლის მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილთა გამოცხადებას ხან მოსყიდულებად, ხან ილუზიების ტყვეობაში მყოფებად.

ივანიშვილის ბოლო სამიზნე ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი იყო. ისე, გასაკვირი კია, რად მიიწვია ვახშმად ივანიშვილმა თავისთან ის პოლიტიკოსი, ვინც ევროპარლამენტში მისი წარმომადგენლები მიწასთან გაასწორა, მაგრამ ფაქტია, რომ შეხვედრა შედგა და ივანიშვილი ამ შეხვედრით ფრიად უკმაყოფილო დარჩა. გაუგებარია, რატომ ეგონა ივანიშვილს, რომ მარტინსი მასთან შეხვედრის დროს იგივეს არ იტყოდა, რაც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა. ვახშმის შემდეგ მარტინსს კომენტარი არ გაუკეთებია (ან რა უნდა ეთქვა), ივანიშვილმა კი უკმაყოფილება არ დამალა: „მარტინსი ტყვეობაშია სააკაშვილის ტყუილების. ლამის მისივე სიტყვებს ხმარობს - წარსულის დაბრუნებას და კომუნისტებს“, - განაცხადა ივანიშვილმა და დაამატა, შევეცდები, საქმის რეალური ვითარება ვუჩვენოო.

რადგან თვითონ მილიარდერის ტვ გვასწავლის, ყველაფერი შეკითხვით იწყებაო, დავუჯეროთ და დავსვათ შეკითხვა: ბატონო ბიძინა, მართლა გჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მარტინსს ატყუებს ან მარტინსი თავს იტყუებს? იქნებ, სწორედ იქაა დამარხული ძაღლის თავი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა გააცხადა?

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპა არ იყიდება დიდ და განსაკუთრებით, რუსულ ფულზე...“

ისე, საინტერესო იქნება გადამოწმება: ნეტა, მიხეილ ვორონცოვი აუდიტორიას ზეპირად მიმართავდა?

კომენტარი