სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: „მე წყალსაც წაუღივარ, მაგრამ პუტინსა და თქვენს შორის განსხვავება ხომ უნდა იყოს?“

რუსეთ-საქართველოს ომის ოთხი წლისთავზე საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საზოგადოება სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პატივისცემას ომის დროს დაცემულ მამულიშვილთა ხსოვნისადმი. ზოგი სოლიდარობისა და პატივისცემის გამოსახატავად მსვლელობას ირჩევს, ზოგი ინდივიდუალურ შეხვედრებს ომის დროს განსაკუთრებულად დაზარალებულ მოქალაქეებთან, ზოგი მემორიალებს ამკობს გვირგვინებით, ზოგი კი ძმათა სასფლაოს სტუმრობს.

7 და 8 აგვისტოს აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტის ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდიოდა, ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია, მათ შორის, კოალიცია „ქართული ოცნებაც“ შეუერთდა. კოალიციის ლიდერებმა, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა რამდენიმე ღონისძიება ხსოვნის კვირეულის ფარგლებში ჩაატარეს, თუმცა, ინტრიგა მათ ღონისძიებებს მაინც ახლდა, რადგან არცერთ მათგანზე არ გამოჩენილა კოალიციის ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივად აქტიური მილიარდერისგან მსგავსი ნაბიჯი ბევრისთვის, მათ შორის, თავად კოალიციის წევრებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა:

ივანიშვილი მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით შემოიფარგლა, თუმცა, კურიოზის გარეშე ამანაც არ ჩაიარა: „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქბეყნებულ, მცირე ზომის განცხადებაში ბიძინა ივანიშვილმა პერიფრაზის სახით გამოიყენა სიტყვები: „ჩვენ მაინც ვიპოვით გზას ჩვენი აფხაზი ძმების გულებისკენ“, რომელიც საკმაოდ ცნობილი ფრაზაა და უახლოესი წარსულის მცოდნე, პოლიტიკასთან თუნდაც არაპირდაპირი შეხების მქონე ნებისმიერმა პირმა იცის, რომ მერაბ კოსტავას ეკუთვნის. თუმცა, ამას არ შეუშლია ხელი ბიძინა ივანიშვილისთვის, ეს ფრაზა 1989 წელს სოხუმში მოკლული ვოვა ვეკუასთვის მიეწერა...

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, განსაკუთრებით საინტერესო იყო მის გამოსვლები გორში, თავდაცვის აკადემიაში და ფოთში, საზღვაო პორტის ტერიტორიაზე. გორში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ქართულ სამხედრო წარმოებაზე, ზოგადად, საქართველოს პერსპექტივაზე ისაუბრა, ხოლო 2008 წლის ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით მისთვის ჩვეული მინიშნებები გააკეთა:

„...რუსებს ჰქონდათ სამი სტრატეგიული ამოცანა 2008 წლის ომის დროს: დაემხოთ საქართველოს მთავრობა, მოეშალათ მისი გეოპოლიტიკური ფუნქცია და მოეხდინათ საქართველოს ლიდერების ლიკვიდაცია. მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს და შესაბამისად, რუსეთი არ არის გამარჯვებული.

2008 წელს საქართველოს მთავრობას რუსეთმა დაუბომბავი ორი გზა დაგვიტოვა: ეს იყო გზა საერთაშორისო აეროპორტისკენ და გზა აღმოსავლეთ ქვეყნებისკენ, მიგვანიშნებდა რომ გავქცეულიყავით, მაგრამ ჩვენ ჩვენს ჯარისკაცებთან და საერთაშორისო თანამგებრობასთან ერთად წინაააღმდეგობის გზა ავირჩიეთ, საბოლოო გამარჯვება დარჩება საქართველოს.

რუსეთს ახლა ახალი გეგმა აქვს, საქართველოს შიგნიდან გატეხვის, მაგრამ ქართველ ხალხს კრემლის გვერდის ავლით აქვს საკუთარი გეგმა, ჩვენ არასოდეს დავბრუნდებით წარსულში, რამდენიც არ უნდა იოცნებონ ამაზე კრემლში და ადგილობრივმა მუმიფიცირებულმა პოლიტიკოსებმა.

რამდენი შადიმანიც არ უნდა მოძებნოს რუსეთმა ქართველებში, თითო შადიმანზე ასი ცოტნე, ასი ქაქუცა და ასი დავითი გამოჩნდება",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გორში მდებარე ტავდაცვის აკადემიაში შარშან, ივნისშიც შთამბეჭდავი იყო. მით უმეტეს, რომ ეს გამოსვლა 26 მაისის მოვლენებიდან ერთი თვის თავს დაემთხვა. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ის, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღსანიშნავი სამხედრო აღლუმის ჩატარებას ეწინააღმდეგება, არ შეიძლება, პატრიოტი იყოს:

"როცა ქვეყნის მტერს ეხუტები და ფეხებს უკოცნი, შენ უპირისპირდები საქართველოს და არა პრეზიდენტს. როდესაც შენ გამოდიხარ და იძახი, რომ 20 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობისა არ ჩავატარებინებ ჯარს იმიტომ, რომ ჩემმა დამფინანსებელმა, რომელიც ბოღმით სკდება, რომ თბილისის ვერ აიღო 2008-ში, ფული გამოყო იმისათვის, რომ აღლუმი არ ჩაატარებინო ჯარს, შენ არ უპირისპირდები პრეზიდენტს - პრეზიდენტები ტრიბუნაზე გამოიცვლებიან, შენ უპირისპირდები შენს ქვეყანას და შენს სახელმწიფოებრიობას.

მტერს არ შეიძლება გაუწვე და ფეხები აულოკო... და დათვს რაც არ უნდა ბაბაია უძახო - შეგჭამს და ჯობია, ჯოხით ან უმჯობესია, თოფით მოიგერიო.

ჯობია აერიდო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ გადაგეყარა, დათვის ერთი ადგილის ლოკვა ამ საქმეს არ შველის... ამ შემთხვევაში დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს", - აღნიშნა მაშინ ქვეყნის პირველმა პირმა.

როგორც ჩანს, მინიმუმ, ყოველ წელს მაინც ჩნდებიან პირები, რომლებიც თითქოს უპირისპირდებიან პრეზიდენტს ან ხელისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში მათი ქმედება არის დაპირისპირება სახელმწიფოსთან. ფოთში გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამას გაუსვა ხაზი და აღნიშნა:

“მესმის, რომ ვერ გვიტანენ წინა ხელისუფლების კორუმპირებული ჩინოვნიკებიდან ზოგიერთები, მესმის რომ ვერ გვიტანენ ქუჩაში გაშვებული მაშინდელი მექრთამე პოლიციელები... ბოლოს და ბოლოს, მე წყალსაც წავუღივარ... წყალსაც წაუღია სააკაშვილიც და სხვებიც, მაგრამ პუტინსა და თქვენს შორის - იმ ხალხს მივმართავ - განსხვავება არ უნდა იყოს? ის ხომ პუტინია და თქვენ ხომ ქართველები ხართ, ხალხნო?“ - ამის შემდეგ ქვეყნის პირველი პირი „მეცხრე არხზე“ გასულ სიუჟეტსაც შეეხო, სადაც ითქვა, რომ რუსეთმა თავისი ჯარის დანაყოფები და მძიმე ტექნიკა 2008 წელს საქართველოში ლეგალურად შემოიყვანა, თუმცა, არც არხის მფლობელი მილიარდერი ივანიშვილი და არც თავად არხის სახელწოდება არ დაუსახელებია:

„მინდა გაგიზიაროთ ჩემი ტკივილი, იმაზე რაც მოვისმინე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან და მათი მედიასაშუალებისგან, სწორედ იმ დღეებში, როცა ერთად უნდა ვიდგეთ და პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, როდესაც ეს ოჯახები, რომლებიც ახლა ჩვენთან არიან, გლოვობენ მოუშუშებელ იარას, დღეს, დილით, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სატელევიზო არხმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალები, რომლებიც შემოიჭრნენ და ფეხქვეშ გათელეს ჩვენი ქალაქები, ჩვენი ხალხის სიცოცხლე, თურმე მოქმედებდნენ სრულიად კანონიერად საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მათ შეუძლიათ იფიქრონ რასაც ფიქრობენ, ამას არავინ აუკრძალავს, შეუძლიათ თქვან რაც უნდათ, თუნდაც ამაზრზენი, მაგრამ იოტისოდენა წესიერება მაინც არ უნდა გაგაჩნდეს რომ ეს არ ილაპარაკო იმ დღეს, როდესაც ყველა პატივს მივაგებთ ჩვენს დაღუპულ მებრძოლებს და ჩვენს ხალხს, ნუთუ სოლიდარობის ნატამალი არ გააჩნიათ?!

ყველაზე პარადოქსი ის არის, რომ დღეს, ომის მთავარმა ინიციატორმა და დამნაშავემ - ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავდა და ამზადებდა რაზმებს ჩვენი ქვეყნის დასაპყრობად. არიან ქართველი პოლიტიკოსები და რუსული ფულით დაფინანსებული მედიასაშუალებები, რომლებიც თესავენ გაურკვევლობას და დაბნეულობას ამ საკითხის გარშემო და ერთიდაიგივე იდიოტურ კითხვას სვამენ, რომელსაც იდიოტის მეტი არავინ დასვამს: ვინ დაიწყო ომი?
მე მინდა მივმართო ამ კაცს, ამ ხალხს და მის მონებს, თვითონ თქვენმა პატრონმა დღეს თქვა, რომ მან დაიწყო ომი და ამით ამაყობს, იქნებ გადახედოთ თქვენ ვერსიებს და მოარგოთ იმას მაინც, რაც პუტინმა განაცხადა..." - აღნიშნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100