დიდი ინტრიგები რადიკალურ ოპოზიციაში

ქვოტები, პოსტები, სავარძლები და ა.შ. მაგრამ ერთადერთი, რაშიც ოპოზიციის ლიდერებს ურთიერთობები არ უჭირთ, შოკოლადიანი ნამცხვრის მირთმევაა დესერტად, რომელსაც, როგორც წესი, ასეთი ფარული შეხვედრების დროს თურქულ ყავას მიაყოლებენ ხოლმე.
ბურჯანაძესა და სალომეს უფრო ფრანგულ რესტორნებში უყვართ სიარული და პოლიტიკაზე ცივად მოხარშული ლოკოკინების დაყოლება, მაგრამ მათი ალიანსი ვერა და ვერ შედგა. პოლიტიკოსები ჭორაობენ, რომ ნინო და სალომე ერთ ბომონდზე ვერ დაეტევიან. თუმცა ზურაბიშვილი ვინმესთან ბლოკში შესვლაზე მაინც ფიქრობს: ალბათ ამიტომაც ის ჯერ ეიფელის კოშკის ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფეში ოქრუაშვილს შეხვდა (თავად განაცხადა), ხოლო მოგვიანებით კი რიგ-რიგობით თითქმის ყველას, ნათელაშვილის გარდა.
ნათელაშვილს კენტად ყოფნა ურჩევნია, მან პოლიტიკური ვაჭრობა 'ლეიბორისტულად' იცის, შალვა ბევრისთვის გემიც კია, რომელსაც უნდა მოეჭიდო. მაგალითად, მარცხენა პარკუჭზე გულნაოპერაციევი ნოღაიდელისთვის, რომელსაც ფული აქვს – ტვინი - არა. ამიტომაც თავისი ფეხით ეახლა შალვას ოფისში, მაგრამ რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა 'ლეიბორისტების' ბასტილიიდან. არადა, შალვა სულ 'დაღლილ ვირს' ეძახდა, მეტსახელიც მაგის გამოგონილია და რა საინტერესოა, მამრაძესთან ერთად ხელკავით მისულ ყოფილ ფინანსთა მინისტრს როგორ მიმართავდა პირისპირ?!
'ლეიბორისტებთან' იდეური სიახლოვე კოკო გამსახურდიასაც აქვს, ორივე ნანობს პარლამენტში შეუსვლელობას და ორივეს ჰგონია, რომ ქართული ოპოზიციის ჭიპია. კოკო და კაკო ჯერ ერთად არიან, შეიძლება მალე დაიშალონ კიდეც. ამასწინათ ასათიანმა ისეთი დაიცვა სააკაშვილი ტალიავინის კომისიის დასკვნის გამო აქუბარდიას ეთერში, რომ `ნაცპარტიის~ მთწმინდის რაიონის აქტივისტი მეგონა. 'დრონი.ჯის' ისიც მოუყვნენ, რომ ასათიანი შეხვედრებს ჩუმ-ჩუმად ირაკლი ალასანიასთანაც მართავს და გამორიცხული არაა, რომ საბოლოოდ, ამ შენმა კოკო-კაკო-გუგულიმ თავის 'ბუდიანად' ალასანიას 'ალიანსში' დურთოს თავი.
ალასანიას ცუდად ეკეკლუცება ნოღაიდელიც, თუმცა ნოღაიდელზე აცრა დავით გამყრელიძეს აქვს. გამყრელიძე კი ალასანიას გვერდით ფიგურაა, თუმცა სოზარ სუბარის მისვლის შემდეგ სიტუაცია სერიოზულად დაიძაბა.
'ალიანსში' შესვლაზე ერთხანს 'ფორუმიც' ფიქრობდა, მაგრამ გუბაზ სანიკიზეს ამბიციები საკუთარი ღიპივით გაეზარდა. ახლა ის სახალხო აჯაყებაზე ფიქრობს და თავი რობესპიერი ჰგონია. მანამდე ჯერ წონა უნდა დააგდოს. როგორც ამბობენ, შარტავასა და სანიკიძეს შორის ამ საკითხზე უთანხმოებაა. განსაკუთრებით თუ კი ორივე შეზარხოშებულია, თხა-მგლებივით არიანო.
თანაც შარტავასთვის ალასანია სხვა ფაქტორია და სხვა ასოციაციებიც. მათ ახლობლობა ჯერ კიდევ მამებიდან აკავშირებთ.მამების და დედების რა გითხრათ, მაგრამ ბურჯანაძე ქმრის გარეშე არავის ხვდება. ნინოს ახლა ფული შემოაკლდა... შემოაფცქვნეს, ამიტომაც 'კონსერვატორების', ჯიბეგაღლეტილი კობას და კიდევ რამდენიმეს ხსენება აღარ უნდა. საუბარია, რომ ბურჯანაძეს ოქრუაშვილთან შეხვედრა და პოლიტიკური დაწყვილება უნდა, მაგრამ ეს იგივეა ჯომოლუნგმა რომ კილიმანჯაროს შეხვდეს. ფული ორივეს ჩეჩქად აქვთ, ამბიციებიც ოხრად, სკამებს როგორ გაიყოფენ, ვერ გეტყვით.
ამ საქმეში, როგორც ამბობენ, სიტუაციას ბესელია ხლართავს, რომელიც ოქრუაშვილს აქედან 'აზომბირებს' და ინფორმაციას ისე აწვდის, როგორც თავად აწყობს. მოკლედ, ნინომ რომ ეკა შეცვალოს ირაკლის კარზე, ეს იგივეა, ბესელიამ თმებით ითრიოს ბურჯანაძის ქალი. თუმცა ოქრუაშვილი გარანტიებს ითხოვს, პირველი მე უნდა ვიყოო! გარანტიებზე ვერც ნინო და ნოღაიდელი შეთანხმებულან, ახლახანს ორივეს ვიზიტი ჰქონდა უკრაინაში, შესაძლოა, ეს უბრალოდ, დამთხვევაც იყოს...
ბურჯანაძის ქალთან, სამაგიეროდ, ისევ დაიარება კუკავა.
კუკავას კიდევ 'ნაოშნიკები' უნდა ეკეთოს და რომელიმე 'ჭე' კლასის დეპუტატს უსმენდეს ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან. კოკო გამსახურდია კიდევ უნდა იჯდეს და ბაზელის უნივერსიტეტში თეოსოფიაში ლექციებს კითხულობდეს. მაგრამ რაკი ქართული ოპოზიციის უბედობით ორივე პოლიტიკაშია, ამიტომაც კუკავა მთელი ცხოვრება ფულს დაეძებს და კოკოს აკრიტიკებს, კოკო - მამის მკვლელებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ გამორიცხული არაა, 'კონსერვატორებმა' საბოლოოდ 'გრეჩიხასკენაც' აიღონ გეზი.
ვინ გაწევრიანდება 'დაიცავი საქართველოში' თურმე 'დალაილამა' უცნობი წყვეტს. თავად ლევან გაჩეჩილაძე ჯერ გაუჩინარებულია, ალბათ თავზე ჭრილობებს იშუშებს კახა თარგამაძესთან ერთად რომელიმე ესპანურ კურორტზე ან სულაც ხაინდრავასთან ერთად სადმე 'ძველბიჭობს'.
როგორც ამბობენ, გოგა ხაინდრავაც 'დაძვრება': ძირითადად, 'გრეჩიხასთან', დღეგამოშვებით რუს 'მაესტროებთან'. ხუმრობა იქით და გამორიცხული არაა, რომ ხაინდრავა პოლიტიკიდანაც წავიდეს, გული ჰქონია აცრუებულიო. კობა დავითაშვილიც დიეტაზეა. ჯერ-ჯერობით ის 'ნავერტილეს' ეძებს, მაგრამ კუკავასთან ერთად სიღნაღში ქეიფს ვერ გასცდა. შემოდგომა კი კარზეა და პოლიტიკური რთველი ოპოზიციისთვის ჯერ არც კი დაწყებულა, ამიტომაც საწნახელში მხოლოდ `ნაციონალები~ დგანან..…

კომენტარი