„დაიცავი საქართველო“ იშლება!

მართალია, აღნიშნული მოძრაობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკური ორგანიზაცია არ არისო, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობის თავმჯდომარეობა ყველაფერს ნათელს ხდის.
უფროსი გრეჩიხა კატეგორიულად ამტკიცებდა სექტემბერში ყრილობა გვექნებაო, მაგრამ არც ყრილობა ჩატარებულა და მოძრაობის წევრებიც პანტა-პუნტით ტოვებენ გაჩეჩილაძეების დასაცავ ორგანიზაციას.
მოძრაობის გეგმებზე არც ორგანიზაციაში დარჩენილები საუბრობენ, ან მეორე ვერსიაა, ვერ საუბრობენ, რადგან დაგეგმილი არაფერია.
„დრონი.ჯი“ შეეცადა მოძრაობის ერთ-ერთი წევრისგან, ქეთი დოლიძესგან
გაერკვია, თუ რას აპირებენ.
„ჩატარდება პრესკონფერნცია და ნახავთ ყველაფერს“, - განგვიცხადა ცოტა ხნის წინ გაოპოზიციონერებულმა რეჟისორმა.
„დრონი.ჯი“: თუ იკრიბებოდით მოძრაობის წევრები დაფუძნების შემდეგ?
ქეთი დოლიძე: ხშირად არა, მაგრამ რა თქმა უნდა ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა, რაზე ვსაუბრობდით, ამას ვერ მოგახსენებთ“.
„დაიცავი საქართველო“ ხმაურით რამდენიმე საზოგადო მოღვაწემაც დატოვა. ჯანსუღ ჩარკვიანმა და დიმა ჯაიანმა ჩათვალეს, რომ მოძრაობაში ყოფნა, რომელიც მხოლოდ სახელია და მეტი არაფერი, მოსაწყენია.
საზოგადოებრივი მოძრაობის პასიურობით უკმაყოფილოა რეჟისორი რეზო ესაძეც: „დაფუძნების შემდეგ ერთხელ შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ შევიკრიბებოდით კვლვ და დავსახავდით ჩვენს გეგმებს. ვისაუბრებდით პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ხელთაა. თუმცა, ამის შემდეგ არ მომხდარა შეკრება“.
„დრონი.ჯი“: ბატონო რეზო, თქვენი აზრით, ეს საზოგადოებრივი მოძრაობა შეძლებს საზოგადოებრივი აზრის შექმნას?
რეზო ესაძე: დამანახეთ საქართველოში რაიმე ორგანიზაცია, ვინც საზოგადოებრივი აზრი შექმნა. არავინ არაფერს აკეთებს, ყველა ყველაფერს ანგრევს და ამაში ყველანი ვართ დამნაშავე.
არ მეგულება ადამიანი, რომ ეთქმოდეს ეს ჩემი ბრალი არააო. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ჩვენს ხალხს, რომელიც მართლა არაფერ შუაშია და ყველაზე მეტად ამ ნგრევის დროს ის დაზარალდა“.
და კიდევ: მას შემდეგ, რაც ლევან გაჩეჩილაძის, დავით გამყრელიძისა და კახა თარგამაძის შეხვედრის კადრები ფართო აუდიტორიისათვის გახდა ცნობილი, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ლევან გაჩეჩილაძე სწორედ კახა თარგამაძის პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას ემსახურებოდა საქართველოში. სწორედ ამის შემდეგ მოხდა გაჩეჩილაძის მიერ აღნიშნული მოძრაობის დაფუძნებაც.
„დაიცავი საქართველოს“ წევრთა უმრავლესობას არანაირი საერთო კახა თარგამაძესთან არ აქვს, თუმცა სკეპტიციზმით თავად მოძრაობის წევრები უყურებენ „დაიცავი საქართველოს“.
მსახიობი ნანა შონია ამბობს, რომ თუნდაც ჭორის და ეჭვის დონეზე „დაიცავი საქართველოს“ გაიგივება კახა თარგამაძესთან და მის პოლიტიკურ ინტერესებთან, დამღლელია.
„ჩემთვის აქ რაღაცები მიუღებელია. მაგალითად, მე მაწუხებდა შეკითხვა თარგამაძისა და ლევანის შეხვედრასთან დაკავშირებით. ჭორი და ეჭვი დღესაც არსებობს. რომ დააჯერო საზოგადოება, კახა თარგამაძე და „დაიცავი საქართველო“, სხვადასხვა ცნებააო, ამას დრო და საქმით დამტკიცება სჭირდება“, - აცხადებს მსახიობი.
კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა ამ არაპოლიტიკურ მოძრაობაში - გოგა ხაინდრავა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრია.
ხაინდრავას არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ტოვებენ ხელოვანები მოძრაობას, მაგრამ კონკრეტული ადამიანების წასვლას მაინც ამართლებს.
„არ იშლება „დაიცავი საქართველო“. ვინმეს ასე ღიად და ოფიციალურად განეცხადებინა მოძრაობის დატოვებაზე, მე არ გამიგია“.
„დრონი.ჯი“: თუნდაც კოკა გუნცაძეზე რას იტყვით? მან თქვენს მოძრაობას ალასანიასთან ალიანსი ამჯობინა!
გოგა ხაინდრავა: დიახ კოკა გუნცაძე წავიდა მოძრაობიდან, მაგრამ კოკა ჩვენი მეგობარია. ის უნდა წასულიყო კიდეც პოლიტიკაში. მისი ალასანიასთან წასვლა ჩვენი თხოვნაც კი იყო“ (თუმცა ხაინგრავას ეს განცხადება რას ნიშნავდა მან აღარ განგვიმარტა).
სტატია დაიბეჭდა ყოველკვირეულ გაზეთ დრონი.ჯი-ს 12 ოქტომბრის ნომერში. გაზეთი დრონი.ჯი - მოითხოვეთ ყველგან, ყოველ ორშაბათს და აღნიშნეთ საუკეთესო!!!


კომენტარი