რუსი ჟურნალისტების დაცვას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ითხოვენ

საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალი" ავრცელებს რეკომენდაციას, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ჟურნალისტების დაცვა უნდა უზრუნველყოს. განცხადება რუს ჟურნალისტებზე თავდასხმაზე, მათ დაცვასა და საქმეების გამოძიებაზე ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმაც გააკეთა.
ფგდფგჰდფჰფგჰფგ
"დეილი კომერსანტის" ჟურნალისტ ოლეგ კაშინზე და რეგიონალური გაზეთის "ჟუკოვსკიე ვესტის" ჟურნალისტ ანატოლი ადამჩუკზე თავდასხმა დაახლოებით ერთი კვირის წინ განხორციელდა. ბოლო დროს ორივე ჟურნალისტი ერთსა და იმავე თემაზე მუშაობდა – მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიაზე, სადაც ტყეა, გზის გაყვანაა დაგეგმილი, კერძოდ, კაშინი წერდა ხიმკინსკის ტყის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და პრო-სამთავრობო ახალგაზრდულ მოძრაობებზე.
ფგდფგჰდფჰფგჰფგ
"ამნესტი ინტერნეიშენალმა არ იცის, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჟურნალისტებზე თავდასხმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გამოიძიოს ალბათობა, რომ თავდასხმა, შესაძლოა, მათ პროფესიულ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდებოდეს", – აღნიშნულია ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის ჯონ დალჰუსეინის განცხადებაში.
ფგდფგჰდფჰფგჰფგ
პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დამნაშავეები დაისჯებიან. "კომერსანტის" რედაქცია კი წერს, რომ თუ პრეზიდენტის განცხადების შემდეგაც არ იქნება გამოძიება ბოლომდე მიყვანილი და რეალური დამნაშავეები დასჯილი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალადობა და ჟურნალისტებზე თავდასხმა დაკანონდება.
ფგდფგჰდფჰფგჰფგ
რუსული ოპოზიციის ლიდერები მომხდარს „პუტინისა და მისი გუნდის“ მიერ გატარებულ პოლიტიკას უკავშირებენ. ამის გამო ნემცოვი, მილოვი და რიჟკოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ვლადისლავ სურკოვის გადადგომას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, სწორედ სურკოვის განკარგულებაში არიან ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებსაც კრემლი აფინანსებს. რუსი ოპოზიციონერების მტკიცებით, სწორედ სურკოვს აქვს აღებული პასუხისმგებლობა მასმედიის ცენზურაზე.
ფგდფგჰდფჰფგჰფგ
ბორის ნემცოვი დარწმუნებულია, რომ სურკოვი ობიექტურად ხელს უშლის დიმიტრი მედვედევს იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რომლის გატარებაც მას სურს. ნემცოვის აზრით, პრეზიდენტს მისი გადაყენებაც სურს, მაგრამ არ შეუძლია.

კაშინის კოლეგებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თავდასხმა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. თუმცა, გაზეთ "კომერსანტის" წყაროს ცნობით, კაშინზე თავდასხმის მთავარი მიზეზი არა ჟურნალისტის სტატიები, არამედ მის მიერ ბლოგებზე გამოთქმული მოსაზრებებია. "კომერსანტმა" ის მასალებიც გამოაქვეყნა, რომლებზეც ჟურნალისტი ბოლო დროს მუშაობდა.
ამ ეტაპზე ოლეგ კაშინი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება.

კომენტარი