„რუსეთს სურს საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანოს ისეთი ხალხი, რომლებიც ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ“

„დრონი.ჯი“: „ალ-ქაიდასთან“ კავშირიღა გვაკლდა და ბორტნიკოვმა ამაშიც დაგვადანაშაულა. საით უმიზნებს ბორტნიკოვი და რა შორს მიმავალი გეგმის ნაწილი შეიძლება იყოს ეს განცხადება?
შოთა მალაშხია: ეს განცხადება რუსეთის აგრესიული გეოპოლიტიკის გაგრძელებაა. ეს პირდაპირ კავვშირშია პატრუშევის განცხადებასთან ე.წ. პრევენციის მიზნით ატომური იარაღის გამოყენების შესახებ. მათ შორის რეგიონულ დონეზეც. სამხედრო დოქტრინაში ეს აბსურდული მუხლი რომ ჩადოს რუსეთს მიზეზი სჭირდება და აი, ასეთივე აბსურდული მიზეზი „იპოვა“ - თითქოს საქართველოს ხელისუფლება „ალ-ქაიდას“ ეხმარება. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მიზეზია იმ ცილისწამებისა, რაც ბორტნიკოვმა განაცხადა.
- და რა არის მეორე მიზეზი?
- ეს შიდა მოხმარების განცხადებაცაა - საკუთარ ხალხს უნდა დააჯერონ რომ საქართველო ახლა ტერორისტების მოკავშირეა. არცერთი ნორმალური ქვეყნის პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ ჟურნალისტი ამ სისულელეს არ დაიჯერებს. მათ სრული ინფორმაცია აქვთ რა ხდება საქართველოში. ერთი მომენტიცაა - შარშანდელი სამხედრო აგრესიის გამართლებას რუსეთი ათასი მიზეზით ცდილობს და ესეც ერთ-ერთი ახსნაა საკუთარი ხალხისთვის, თუ რატომ დაესხა თავს სუვერენულ ქვეყანას და რატომ მოახდინა მისი ტერიტორიების ოკუპაცია.
- გამორიცხავთ, რომ „ალ-ქაიდას“ თემა პერმანენტული აგრესიისთვის გამოიყენოს რუსეთმა, როგორც ამას ადრე პანკისში აკეთებდა, იქ ჩეჩენი ბოევიკების სამხედრო ბაზების მომიზეზებით?
- არა, არა, ამის თეორიული შანსიც არ არსებობს. მთელ საზღვარს კავკასიაში თვითონ აკონტროლებს რუსეთი. აკონტროლებენ კონფლიქტურ რეგიონებს და ადმინისტრაციულ საზღვრებსაც ამ რეგიონებში. რუსეთის მიერ საქართველოს დაბომბვა ახალი ომის დაწყებას ნიშნავს, მოსკოვს კი მასშტაბური ომის თავი აღარ აქვს, შარშანდელისგან განსხვავებით, აღარც ნავთობი ღირს 150 დოლარი, აღარც გაზის უალტერნატივო მიმწოდებელია ევროპისათვის, რითაც მთელ ევროპას აშანტაჟებდა.
გარდა ამისა, რუსეთს თვითნებობის ნებას არცერთ რეგიონში აღარ მისცემს აშშ-ს ადმინისტრაცია. რუსეთს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება ასეთი სისულელე ჩაიდინოს. მას ჯერ იმაზე მოუწევს პასუხის გაცემა, რაც შარშან გააკეთა. აუცილებლად მოუწევს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე აგოს პასუხი. და, რაც მთავარია, ევროპა და ამერიკა დღეს ცალსახად ერთ პოზიციაზე დგანან - რუსეთთან ვაჭრობის პოლიტიკაზე ორივემ ხელი აიღო.
შარშან, 8 აგვისტომდე, მუდამ ისმებოდა კითხვა - თუ არსებობს ისეთი რამ, რის შესახებაც ევროპას და ამერიკას ექნება ერთი ცალსახა პასუხი და რეაქცია? აგვისტოს აგრესიამ აჩვენა, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველას, მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას ერთნაირი რეაქცია ჰქონდა რუსეთის აგრესიაზე. არა მარტო ევროპას და ამერიკას, ჩინეთსაც და მთლიანად აზიასაც. სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოებს - კოსოვოსა და სერბეთსაც კი ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ -დაგმეს რუსული აგრესია და საქართველოს ოკუპაცია.
ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს სხვა ენაზე, რუსეთი – სხვაზე. რუსეთს პრობლემები ექმნება ქვეყნის შიგნითაც. ჰილარი კლინტონის ვიზიტი თათარსტანში შემთხვევითი არ არის. ეს არის პრაქტიკულად დამოუკიდეელი სახელმწიფო რუსეთის შიგნით. 1992 წელს რეფერენდუმი ჩატარდა იქ და მოსახლეობამ მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. აირჩიეს დამოუკიდებელი ხელისუფლება და დღეს თათარსტანის დე იურე პრემიერ მინისტრი აშშ-ში იმყოფება...
- ანუ კავკასიის მერე თათარსტანის ამბოხებას უნდა ველოდოთ?
- ეს ასე იქნება. ნახეთ რა ხდება კავკასიაშიც. არ ჩერდება ეს ხალხი, იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და კიდევ ერთი რეგიონი თუ აუფეთქდა რუსეთს, უფრო სწრაფად დასრულდება მისი დაშლა. რღვევა უკვე დაწყებულია ჩრდილო კავკასიიდან. რუსეთს საერთაშორისო სამართლით მოუწევს პასუხისმგებლობა ჩეჩნებისა და ინგუშების გენოციდის, სხვა ჩრდილოკავკასიური ერების ეთნოწმენდის, სხვადასხვა სახის სამხედრო დანაშაულობების გამო. ამას კი მოჰყვება რუსეთის სრული საერთაშორისო იზოლაცია.
- მიუხედავად ამისა, გამორიცხავთ იმას, რომ რუსეთმა ახალი ომი წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ?
- რუსეთს შარშან არ გამოუვიდა საკუთარი გეგმის რეალიზება - ვერ დაამხო საქართველოს ხელისუფლება. ეს იყო მეორე შემთხვევა რუსეთის ისტორიაში, პირველად ფინეთში ვერ მოახერხა იგივე.
- თუმცა ფინეთს კარელია წაართვა ისევე, როგორც ჩვენ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
- მოდით ვთქვათ, რომ დროებით წაგვართვა. ფინეთისა და საქართველოს გარდა, რუსეთმა სადაც თავი შერგო, ყველგან დაამხო ხელისუფლება – ბალტიისპირეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ავღანეთში და ცხადია, რუსეთის პოლიტ და სამხედრო ელიტას ვერ მოუნელებია, რომ საქართველოში ხელისუფლება ვერ დაამხო.
- ტალიავინის დასკვნაშიც დაფიქსირებულია რომ მოხდა ქართველთა ეთნოწმენდა მაგრამ ცალსახად მითითებული არ არის ეს რუსებმა ან ოსებმა გააკეთესო. იქ წერია რომ რუსმა სამშვიდობოებმა ვერ აღკვეთეს ქართველების ეთნოწმენდაო.
- რამდენიმე სერიოზული მომენტია ამ დასკვნაში დაფიქსირებული. ის რომ რუსეთს საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი ბაზა არ გააჩნია, ოსების გენოციდი არ მომხდარა, რუსეთის მოქალაქის პასპორტების დარიგება რომ უკანონო იყო და არც სამშვიდობოების დახოცვის ფაქტები დადასტურდა.
რუსებს, ყველა მიზეზი, რითაც საქართველოში შეჭრას ჰუმანიტარულ ინტერვენციად ნათლავდნენ, ხელიდან გამოაცალა ტალიავინის დასკვნამ. რაც შეეხება ეთნოწმენდას, ეს იყო ფაქტების დამდგენი კომისია. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მალე საერთაშორისო სამართალი გამოკვეთს იმ კონკრეტულ რუს პოლიტიკურ თუ სამხედრო ხელმძღვანელებს, რომლებიც ბრძანებებს იძლეოდნენ თუ ასრულებდნენ ქართველების ეთნოწმენდას.
მეტიც, რაც პუტინმა და მედვედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გააკეთეს, ჰიტლერსაც კი არ მოსვლია აზრად. ჰიტლერი ეტნოწმენდას კი ახორციელებდა, მაგრამ ევროპაში ახალი სახელმწიფოები არ შეუქმნია. ამათ გადააჭარბეს ჰიტლერს. 21-ე საუკუნეში ეს არავის შერჩება.
- დავუშვათ, ღმერთმა ქნას რუსეთის სურვილი საქართველოსთან ომის დაწყებისა, სურვილს არ გასცდეს. თუმცა, მეორე ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ - ჩვენი ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელიც აშკარად ცდილობს რუსეთის მხარდაჭერით იმის გაკეთებას, რაც შარშან აგვისტოში რუსეთის ჯარმა ვერ მოახერხა - ხელისუფლების დამხობა და პრორუსული ძალების მოყვანა ქვეყნის სათავეში...
- გერთანხმებით, ეგ საფრთხე არსებობდა. რუსეთი აფინანსებდა ოპოზიციის ერთ ნაწილს და მართავდა კიდეც მას. არ დაგავიწყდეთ, პუტინისა და სხვა რუსი პოლიტიკოსების გამონათქვამები რომ რუსეთის მიერ დაწყებულ საქმეს ქართველები დაამთავრებენ, შეცვლიან ხელისუფლებასო. რუსი პოლიტიკოსები კონკრეტულ გვარებსაც ასახელებდნენ, ვისი იმედიც ჰქონდათ ამ საქმეში. რუსეთს სურს საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანოს ისეთი ხალხი, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
- მოიძებნებიან ასეთი ქართველები?
- რა გაოცებთ? მოიძებნებიან და საუბედუროდ თითო-ოროლა კი არა! მახსოვს, „მაესტროზე“, გადაცემა რომაა, „საკანი“, გაჩეჩილაძეს რომ მიჰყავს, იქ იყო საუბარი, რატომ არ ვცანით ჩვენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობაო. 3-4 გადაცემაში მაინც მაქვს მოსმენილი და ნანახი ასეთი საშინელება.
- სტუმრები ვინ ყავდა გაჩეჩილაჩეს ხომ არ გახსოვთ?
- არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ თუ საჭირო იქნა, შესაძლებელია მაგის დადგენაც.
- და მოხდა უკვე ოპოზიციის ლუსტრირება?
- იმ ხალხს, რომელიც ქვეყნის ყველაზე მძიმე ჟამს ქვეყნის ყველაზე საჭირბოროტო საკითხზე ისეთივე პოზიციები აქვთ, როგორც პუტინს, მედვედევს, ჟირინოვსკის, როგოზინს, ლავროვს და ამას ღიად აფიქსირებენ, რაღა ლუსტრირება უნდა?
არ გახსოვთ ქართული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი როგორი გულმოდგინებით ადანაშაულებდა ხელისუფლებას ომის (და არა საბრძოლო მოქმედებების) დაწყებაში? გვადანაშაულებდნენ ოსების გენოციდში, რუსი სამშვიდობოების დახოცვაში, ათას სისულელეს ამბობდნენ. ასეთებს მეტი რაღა ლუსტრაცია სჭირდებათ? ყველაფერი ისედაც ნათელია.

კომენტარი