სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი: რასმუსენი გულისხმობდა, რომ რაც ადრე იყო, შემაშფოთებელია

საქართველოს პრემიერმინისტრის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ევროპაში გრძელდება. დღეს ბიძინა ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა თბილისის დროით 14.00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილს ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება მოუწია ნატოს გენმდივნის ცნობილი განცხადების შესახებ, სადაც მან საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დაკავებების შესახებ უკიდურესი შეშფოთება გამოხატა.

საქართველოს პრემიერმინისტრი ნატოს გენმდივნის განცხადებაში შემაშფოთებელს და საზარელს ვერაფერს ხედავს. მეტიც, ის აცხადებს, რომ ფოგ რასმუსენს, შესაძლოა, ის კი არ აშფოთებს, რაც ხდება, არამედ ის, რაც ადრე იყო. სწორედ ასეთი ინტერპრეტაცია შესთავაზა პრემიერმა ჟურნალისტებს და მისი ერთ–ერთი საყვარელი სიტყვა „შესატყვისად“ კიდევ ერთხელ გამოიყენა:

„ვერაფერი საზარელი და შემაშფოთებელი ვერ ვნახე რასმუსენის განცხადებაში. შემაშფოთებელი ის კი არ არის, რაც ახლა ხდება, არამედ ის, რაც ადრე ხდებოდა და, შესაბამისად, რასმუსენმაც ალბათ, ეს იგულისხმა. მის ამ განცხადებას საპარლამენტო კომიტეტი გასცემს პასუხს შესატყვისად, რასმუსენთან შეხვედრაზე კი ყველაფერს გავარკვევ, რას გულისხმობდა“.

ყველაფერი გასაგებია, ერთის გარდა – რატომ აღმოჩნდა ანდერს ფოგ რასმუსენის პათოსი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარი და დამატებით „გასარკვევი“ მაშინ, როცა ნატოს გენმდივანმა უჩვეულოდ მკვეთრად გამოხატა საკუთარი პოზიცია და საქართველოს ახალი ხელისუფლება გააკრიტიკა.

რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ პასუხს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე, რასაც პრემიერმა გაუსვა ხაზი, ის უკვე გამოქვეყნდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ცალკე საუბრის თემაა.

და კიდევ ერთი დეტალი: ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ორი პირის შეხვედრის შესახებ ცხადჰყოფს, რომ რასმუსენ–ივანიშვილის შეხვედრა პირისპირ დაგეგმილი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის შესახებ განცხადებაში მითითებული იქნებოდა. არადა, იქ აღნიშნულია, რომ შეხვედრას სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრებიან და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100