სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ულტიმატუმი ულტიმატუმის წილ: ვაშინგტონი ივანიშვილს ღია ტექსტებს უგზავნის

„ლიბერასიონი“, „ფიგარო“, „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ვაშინგტონ პოსტი“ - ეს იმ დასავლური გამოცემების დასახელებებია, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის ლიდერთა შეხედულებებზე, გარკვეულწილად, გავლენას ახდენენ.

„საქართველოს კოშმარული ოცნება“; „მართლმსაჯულება თუ შურისძიება“; „თბილისში კანონი ივანიშვილია“; „საქართველოს პრემიერი: „მე დიდი დემოკრატი ვარ“. - ეს კი იმ სტატიების სათაურები გახლავთ, რომლებსაც ეს გამოცემები საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს უძღვნიან.

ვფიქრობ, მხოლოდ სათაურებისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია იმ პათოსის ამოსაცნობად, რომელიც სტატიებშია ჩადებული.

„საქართველოს ახალი ლიდერის“ რეაქცია, როგორც ხშირად, ახლაც არცთუ მაინცდამაინც ადეკვატურია: „ამას სააკაშვილი ძველი ლობისტური კავშირების მეშვეობით ახერხებს“, - განაცხადა მან თავის ბოლო პრესკონფერენციაზე. იმ პრესკონფერენციაზე, რომელიც დასავლელი, „ნაყიდი“ ჟურნალისტებისთვის „შთაგონების“ ახალი წყარო გახდა.

სამაგიეროდ, ადეკვატურია მათი რეაქცია, ვინც ასე თუ ისე, ჩახედულია დიპლომატიურ ეტიკეტში, კარგად ესმის, კახა ლომაიას ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „უცხო ენა“ და კარგად ხვდება, რას ნიშნავს დასავლეთის პრესაში საქართველოს ახალი ხელისუფლების ხსენება იმ კონტექსტში, რომელიც სახეზეა.

განგაშის ზარები პირველად სალომე ზურაბიშვილმა შემოჰკრა: „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მან შეშფოთება არ დამალა და მოუწოდა ახალ ხელისუფლებას, პიარ-მანქანა მთელი სიმძლავრით აამუშაოს. უფრო შორს წავიდა ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც ასევე „ფეისბუქის“ საშუალებით დავით ზურაბიშვილს პირდაპირ უთხრა - დასავლეთის პრესა ფაშისტებს გადარებთ და ეს, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს თქვენთვისო.

თუ მანამდე, დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით კიდევ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ სტატიებში სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობაც იკითხება, „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულმა წერილმა კარგად დაადასტურა: სანამ ივანიშვილი რეპრესიებს არ შეწყვეტს, მანმდე ის ვაშინგტონში ვერ ჩავა.

"გასულ კვირას პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი გადაიდო, რაც ძალიან კარგია. სანამ ის პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს და ძალაუფლების მონოპოლიას ცდილობს, საქართველოს ახალი ლიდერი ვაშინგტონში სასურველი სტუმარი ვერ იქნება" - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

აქ კიდევ ერთი მინიშნებაცაა: ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონში ვიზიტი მისივე თხოვნით გადაიდო, რაც, მინიმუმ, ეჭვს ბადებს. უფრო მოსალოდნელია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვაშინგტონში ვიზიტზე, უბრალოდ, უარი სტკიცეს. საუბარია უმაღლესი დონის შეხვედრაზე, თორემ აშშ-ში ჩასვლასა და იქ შედარებით ქვედა პოლიტიკური რგოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ივანიშვილს ვერავინ აუკრძალავს. მაგრამ ეტყობა, ივანიშვილი მიხვდა ან მიახვედრეს, რომ ახლა ვაშინგტონში წასვლა და იქ არა პირველ ან მეორე პირებთან, არამედ კონგრესმენებთან და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მხოლოდ პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის შიდა ულტიმატუმს ყოფილი ხელისუფლებისადმი: „თუ რიტორიკას არ შეიცვლით, ყველას დაგიჭერთ“ ვაშინგტონის, საგარეო ულტიმატუმი მოჰყვა: „თუ პოლიტიკურ დაპატიმრებებს არ შეწყვეტ, ვაშინგტონში ვერ ჩამოხვალ“.

ახლა ივანიშვილი არჩევანის წინაშეა: ან გააგრძელოს დაჭერები და ფეხი ამოიკვეთოს დასავლეთიდან, ან კიდევ ხელი აიღოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებზე და ითანამშრომლოს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ყოფილ ხელისუფლებასთან. ექსპერტები ასკვნიან, რომ სწორედ ამ ტესტის ჩაბარების შემდეგ გამოჩნდება, აპირებს თუ არა ივანიშვილი დინების საწინააღმდეგოდ ცურვას.

თუ მან ტესტი ვერ ჩააბარა და დაჭერები გააგრძელა, მაშინ უკვე იმის ვარაუდიც შესაძლებელია, რომ ის ამას განგებ აკეთებს და იმ მოსწავლეს ემსაგვსება, რომელმაც გაკვეთილი მშვენივრად იცის, თუმცა, მასწავლებლის გამოძახებას თავჩაღუნული დგომით პასუხობს და გაკვეთილის ჩასაბარებლად არ გადის... რა მიზანი ამოძრავებს მოსწავლეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ისიც იყოს, რომ მასწავლებელი არ მოსწონს და „პარალელურ კლასში“ უნდა გადასვლა...

როგორც ჩანს, ვითარებაში საბოლოოდ გასარკვევად ვაშინგტონმა გადაწყვიტა, მწვანე შუქი ახალი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს აუნთოს - მაია ფანჯიკიძე აშშ-ში გაფრინდა და იქ ჰილარი კლინტონს შეხვდება. ვერაფერს იტყვი: საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ ის პირია, ვისთანაც სახელმწიფო მდივანს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის არცთუ სასურველი საგარეო იმიჯის შექმნაზე საუბარი შეუძლია.

მაგრამ აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ მაია ფანჯიკიძის ვიზიტი აშშ-ში მაინცდამაინც წარმატებული ვერ იქნება: იქ უკვე ჰქონდა შეხვედრები საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს სწორედ უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე დაუსვამენ შეკითხვებს.

როგორ შეეყრებოდნენ აშშ-ის პოლიტიკური ლიდერები გიგა ბოკერიას და როგორ შეეყრებოდა იგი მათ, ვფიქრობ, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს...

სტატია „ვაშინგტონ პოსტში“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100