სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

25-ე კადრის ეფექტი, ანუ რას ნიშნავს მეოცნებეებისთვის ვანო მერაბიშვილის დაკითხვის კადრები

წინა სტატიაში დასმული კითხვა - ხვალაც სანახაობა იქნება თუ პური? უკვე პასუხგაცემულია. ახალი ხელისუფლება ირჩევს სანახაობას. და რადგან აქამდე შეთავაზებულ სანახაობას მაინცდამაინც დიდი ეფექტი არ ჰქონდა, „ქართული ოცნების“ სანახაობათა უსტაბაშმა, რომელიც არავინაა სხვა, ვიდრე ის, ვინც უნდა „იყოს ჯანმრთელი, უვნები და საღი“, ახალი სცენარი დაწერა და მიზანში „ხერხემალი“ ამოიღო.

ცნობილია, რომ ხერხემლის დაზიანებაზე ორგანიზმი განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებს და რადგან ხერხემალი არის სწორედ ის, რის საშუალებითაც სხეულს მოძრაობა და ბევრი სხვა რამ შეუძლია, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ხერხემალია სხეულის სიცოცლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.

სწორედ ამაზე გაკეთდა გათვლა, როცა ვანო მერაბიშვილს უწყება გაუგზავნეს და 18.00 საათზე დაკითხვაზე დაიბარეს. მაგრამ სანამ დაკითხვის პერიპეტიებს გავიხსენებთ, დროში ცოტა უკან გადავინაცვლოთ, უკვე მომხდარი გავიხსენოთ და ერთმანეთთან ფაქტების დაკავშირება ვცადოთ:

ვანო მერაბიშვილი ყოფილი ხელისუფლების ვერტიკალიდან თითქმის ერთადერთი იყო, ვისაც ბიძინა ივანიშვილი შედარებით ლმობიერად, შეიძლება ითქვას, კეთილგანწყობითაც კი იხსენიებდა და დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო ის ერთადერთი პირი, ვინც ძალიან ხშირად ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილს. ეს შეხვედრები ჭორვილაში ტარდებოდა და მაშინდელი შს მინისტრი ზემო იმერეთის ლამაზ, მყუდრო სოფელში ნებით გამოკეტილი მილიარდერისთვის ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი იყო გარესამყაროსთან.

როგორც მერაბიშვილმა ერთხელ გაიხსენა, ისინი ხშირად საუბრობდნენ არამხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ ყოფაზე, ხელოვნებაზე, საერთოდ, ცხოვრებაზე. ასეთი ხშირი შეხვედრები და სხვადასხვა თემებზე ხანგრძლივი საუბარი ადამიანს ახლოს გაცნობს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთი კარგად გაიცნო. იქნებ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რაც ივანიშვილს არ აძლევდა ნებას, ვანო მერაბიშვილი აუგად მოეხსენიებინა. თავის მხრივ, არც ვანო მერაბიშვილი არღვევდა ეთიკურ ნორმებს და მოზომილი იყო შეფასებებში. ის კი არა, წინასაარჩევნოდ და ზოგიერთები არჩევნების შემდეგაც, იმასაც კი ამბობდნენ, რომ ვანო ბიძინას კაცია...

ჭორვილური საუბრები იმიტომ გავიხსენე, რომ ბიძინა ივანიშვილმა, წესით, ისიც ძალიან კარგად უნდა იცოდეს, როგორი წერტილოვანი დარტყმები გამოიყვანს წყობილებიდან ვანო მერაბიშვილს: ბოლოს და ბოლოს, მილიარდერს ხომ „მენცარის სკოლა“ აქვს გავლილი და მიაჩნია, რომ არც ფსიქოლოგიასთანაა მწყრალად. მაგრამ ის, რაც 1 დეკემბერს გაკეთდა, აშკარად სუსტი სვლა იყო და სინამდვილეში არაფერი ჰქონდა საერთო სამართლიანობის აღდგენის იმ საყოველთაოდ გაცხადებულ სურვილთან, რაც არაერთხელ გააჟღერა კოალიციის ლიდერმა. გუშინდელ სვლას, სინამდვილეში, სულ სხვა მიზანი ჰქონდა იმ სერიალის სიუჟეტის განვითარებაში, რომელსაც „გრძნეულებზე ნადირობა“ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა დაარქვეს.

სერიალი საკმაოდ ეფექტურად დაიწყო: საქართველოში ჩამოსული ბაჩო ახალაია პირველი იყო, ვინც დააკავეს და ეს მართლაც სანახაობრივი დასაწყისი გახლდათ. მაგრამ სანახაობრივ ეფექტს ერთი უარყოფითი თვისება აქვს: ეფექტისგან გამოწვეული ემოცია, გაკვირვება იქნება ის, შოკი, სიხარული თუ ელდა, მალევე ქრება, მაყურებელი კი მოლოდინის რეჟიმში რჩება: უკვე იმაში დარწმუნებული, რომ ასეთი „კარგი“ დასაწყისი მსგავსი ეფექტების სიუხვის გარანტიაა, ახალ სანახაობას ელოდება. მე შენ გეტყვი და, მიზეზი არა აქვს: ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში ხომ წესით, ერთმანეთს უნდა მოჰყოლოდა მისი „კაციჭამიობის“ დამადასტურებელი ფაქტები და კადრებიც კი (ბევრი ირწმუნებოდა სერიოზულად, რომ არსებობს ვიდეომასალა, სადაც პრეზიდენტი, ახალაიები, კალმახელიძე და მერაბიშვილი ერთად უყურებდნენ პატიმართა წამების კადრებს)... მსგავსი არაფერი მოხდა და როგორც ბაჩო ახალაიას მიმართ წარდგენილმა ბრალდებებმა, ასევე შემდგომმა დაკავებებმა უკვე ჩვეულებრივ, არამძაფრსიუჟეტიან სანახაობათ კატეგორიაში გადაიყვანა „გრძნეულებზე ნადირობა“. იმის საშიშროებაც კი გაჩნდა, რომ შეუსრულებელი დაპირებების, პოლიციის ჩეკისტური მოქმედებების, „მე-9 არხზე“ მომხდარი სკანდალის ფონზე მოსახლეობას საერთოდ დაეკარგა ინტერესი სერიალისადმი და საჭირო გახდა ახალი, ეფექტური კადრებით სერიალის გამდიდრება. სცენარის ერთადერთმა ავტორმაც იფიქრა, იფიქრა და... ვინ, თუ არა ვანო მერაბიშვილი?

ამ შემთხვევაში პროკურატურაში დაბარების მიზეზს დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა. მთავარი ფაქტი იყო და მომავალი სათაურები მედიაში: „ვანო მერაბიშვილი პროკურატურაში დაიბარეს“; „ორ საათზე მეტია, ვანო მერაბიშვილის დაკითხვა გრძელდება“ - რა თქმა უნდა, სანახაობის ეფექტი გარანტირებულია. როგორც ადრე, ხელისუფლებამ ახლაც იგივე მეთოდს მიმართა: მთავარია, დაიბარო, თუნდაც აბსურდული მიზეზით და რაიმეში დასდო ბრალი, მერე კი ეს ბრალი თანდათან დაამძიმო, მერე კი, გამოსულს, რამდენიმე ლაყე კვერცხით შეიარაღებული აქტივისტი დაახვედრო (ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რომელიღაც იუზერმა „ფეისბუქზე“ იკითხა: ლაყე, ანუ მათივე კვერცხებით იყვნენ შეიარაღებულიო?) და „მკვლელი“ აძახებინო...

მერაბიშვილის დაბარებამდე განვითარებული მოვლენების ანალიზი კიდევ ერთ რამეზე მიანიშნებს: 1 დეკემბერს ვანო მერაბიშვილის დაკავება იგეგმებოდა. ჩვეული მეთოდით: მოწმის სტატუსიდან ბრალდებულის სტატუსამდე გასავლელი პროცედურებით. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ გავიხსენებთ რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას: კიდევ ბევრი საქმე გაიხსნება და ბევრ მაღალჩინოსანს დავაკავებთ, ერთ-ერთ მათგანში კი მეც მომიწევს მონაწილეობის მიღებაო. ცნობილია, რომ იუსტიციის მინისტრი დაკავებაში პიროვნულად მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მონაწილეობს. წულუკიანმა ეს უფლება ერთხელ უკვე გამოიყენა: როცა თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსი დილის 5 საათზე სამინისტროში დაიბარა, შეხვდა, მერე მოსასვენებელ ოთახში სასაუბროდ მიიწვია და იქ იუსტიციის მინისტრი დაახვედრა.

ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში დაკავება არ შედგა. ერთ-ერთი ვერსიით, უკვე დაგეგმილი დაკავების გადადების შესახებ გზავნილი პროკურატურაში დავით უსუფაშვილმა მიიტანა: ის დაკითხვის მიმდინარეობისას სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა და შენობაში შევიდა, მალევე კი უკან გამობრუნდა. წესით, იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარეს პროკურატურაში არაფერი ესაქმებოდა...

ასე იყო თუ ისე, „გრძნეულებზე ნადირობის“ სცენარის უსტაბაში მხოლოდ ეფექტს დასჯერდა, მაგრამ თავი დაიზღვია და მომავალი ეფექტური სანახაობაც დაანონსა: „ვანო მერაბიშვილმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამიტომ მას ხელმეორედ დაჰკითხავენ“, - იუწყება მედია პროკურატურაზე დაყრდნობით.

სანახაობამ ეფექტი მოახდინა: სოციალურ ქსელებში, პირადი საუბრების დროს, ტელეფონით ჭორაობისას კიდევ რამდენიმე დღე იქნება აქტუალური ვანო მერაბიშვილის დაკითხვის ფაქტი. ერთ ცნობილ ანეკდოტშია: ექიმს პაციენტი ეკითხება, კბილი მტკივა და რა ვქნაო, ექიმი კი სთავაზობს - რკინა მაგრად გაახურე და მუხლზე დაიდეო. მერე ამით კბილის ტკივილი გამივლისო? - ინტერესდება პაციენტი, ექიმი კი ამშვიდებს: არ გაგივლის, მაგრამ დაგავიწყდებაო...

ჰო და, ვიღას ახსოვს შეუსრულებელი დაპირებები, სკანდალი „მეცხრე არხზე“, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს მის მიერვე დაფრთიანებულმა ჟურნალისტებმა პირში მიახალეს - ჩვენ ფერმის ცხოველები ან ფრინველები ნუ გგონივართო. ან გაძვირებული პური ვის ახსოვს, ან არგაიაფებული საწვავი: მთელი საქართველო ვანო მერაბიშვილის შესაძლო დაკავებაზე ლაპარაკობს და დაკითხვაზე ყოფნის დროს გადაღებულ კადრებს განიხილავს...

და აი, კადრებს მივადექით. დაკითხვაზე დაბარებული ვანო მერაბიშვილის კადრები შსს-მ გაავრცელა. როგორც წესი, შსს ამას მაშინ აკეთებს, როცა დაკავებულის კადრებს ავრცელებს. ან კადრებს, ან დაკავებულის აღიარებით ჩვენებას. გუშინდელ შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა: გავრცელებული კადრები იურიდიული თვალსაზრისით არავისთვის იყო საინტერესო, რადგან მერაბიშვილი ამ კადრებში თითქმის არაფერს ამბობს იმაზე, რასაც ედავებიან, დაკითხვაზე მისი ყოფნის დასადასტურებლად კი, როგორც წესი, ნახევარწუთიანი მასალაც საკმარისი იყო. აქ კი რა ხდება? შსს ავრცელებს კადრებს, როგორ ზის სავარძელში ვანო მერაბიშვილი, როგორ ათამაშებს ხელში სანთებელას, როგორ იდებს პირში სანთებელას რკინის ნაწილს და ა.შ. ანუ, შეგნებულად გავრცელდა კადრები, რომლებიც შეკითხვებს შორის პაუზის დროს ან სულაც, დაკითხვის დაწყებამდეა გადაღებული და კადრების დამონტაჟების, შემდეგ კი გავრცელების ერთადერთი მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ ვანო მერაბიშვილი ნერვიულობდა...

აი, სწორედ ეს იყო მიზანიც. ამაზე დიდი ეფექტი რა გინდათ: ვანო მერაბიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მონსტრი“ იყო, დაკითხვაზე დაიბარეს, რიგითი გამომძიებლის წინაშე ზის, ფრჩხილებს იკვნეტს (ბევრმა ასე გაშიფრა) და ნერვიულობს. რა მნიშვნელობა აქვს, რაზე დაიბარეს, რას ედავებიან, დამნაშავეა თუ არა - ის, თავად ვანო, ხერხემლად წოდებული - ნერვიულობს...

თუმცა, ჯერ ისიც საკითხავია, ნერვიულობდა თუ არა ყოფილი შს მინისტრი: მისი მანერები თანაბრად ჰგავდა როგორც განერვიულებული, ასევე მომავალ, საპასუხო სვლაზე მოფიქრალი ადამიანის მანერებს. მაგრამ ამას დროებით შევეშვათ, როგორც იტყვიან - ვისთვის როგორ...

25-ე კადრის ეფექტი სათაურში ტყუილად არ მიხსენებია. სწორედ ქვეცნობიერზე ამგვარი ეფექტის მოსახდენად დასჭირდათ ვანო მერაბიშვილის დაკითხვის კადრები - იქ შეშინებული, უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი უნდა დალექილიყო და ეს ეფექტი იმდენად სჭირდებოდათ, რომ სტანდარტებზეც უარი თქვეს და შსს-ს არაფრისმთქმელი კადრები გაავრცელებინეს.

მაგრამ როგორც ყველა სეცანარს რეალობაში, ამასაც თავისი უარყოფითი მხარეები ჰქონდა. უარყოფითი მეოცნებეებისთვის, რადგან ნეიტრალური ადამიანებისთვის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის ამ კადრების გავრცელებით ქულები „ოცნებამ“ კი არა, მერაბიშვილმა დაიწერა: შსს-ს კადრებში არსად ჩანს, მაგრამ დაკითხვიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი ფოიეში სხვა კამერებმაც გადაიღეს. მაგალითად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვიდეომასალაში კარგად ჩანდა როგორც ფოიეში შესული, ასევე გამოსული ექსპრემიერი: შესვლისას მერაბიშვილი თბილად ესალმება მის დანახვაზე სახეგაბრწყინებულ გასამხედროებული დანაყოფის ჯარისკაცებს, ხოლო გამოსვლისას ასევე კარგად ჩანს ჯარისკაცი, რომელიც მერაბიშვილის გამოჩენისთანავე სამხედრო ყაიდაზე, „სმენაზე“ დგება და ყოფილ შეფს სამხედრო სალამს აძლევს...

უნდათ თუ არა ეს მეოცნებეებს, ვანო მერაბიშვილის დაკითხვის კადრების გახსენებისას ეს კადრი დიდ როლს ითამაშებს: რიგითი ჯარისკაცი, რომელიც სტრუქტურულად, შსს-ს ექვემდებარება და რომელმაც, შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად ნახა ვანო მერაბიშვილი, მისი გამოჩენისთანავე მოწიწებისა და პატივისცემის ნიშნად, მთელი მონდომებით ასრულებს სამხედრო პატივისცემის გამომხატველ რიტუალს...

მეოცნებეებს ეს კადრი ყელში გაეჩხირებათ, საპირისპირო პოლიტიკური პოზიციის ადამიანებისთვის კი იმის დადასტურება იქნება, როგორ უყვართ ახლაც კი შსს-ს თანამშრომლებს შს ყოფილი მინისტრი: „ყველაზე ადამიანური მინისტრი“ ხომ მერაბიშვილს სწორედ პოლიციელებმა შეარქვეს. შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც იყო, მაგრამ რომელიმეს წარმოგიდგენიათ მის დანახვაზე სამხედრო ყაიდაზე გაჭიმული შსს-ს თანამშრომელი?

სოციალურ ქსელებზეც იგივე სურათი იქნება: რამდენჯერაც კამათის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოიშველიებენ ვანო მერაბიშვილის დაკითხვის კადრებს, იმდენჯერვე მოწინააღმდეგეები სამხედრო მისალმების კადრებს შეაგებებენ და დააყოლებენ: „აი, როგორ ესალმებიან „მონსტრს“ პოლიციელები“...

ასე რომ, ჯერაც საკითხავია, რომელმა კადრმა დატოვა 25-ე კადრის ეფექტი, რამ უფრო იმოქმედა მასაზე: დაკითხვის თუ სამხედრო მისალმების კადრებმა...

ჰო, მართლა: გასამხედროებული ფორმირების იმ წვევამდელს, ვინც ვანო მერაბიშვილს სამხედრო ყაიდაზე მიესალმა, იმედია, სამსახურებრივი გადაცდომისთვის არ დასჯიან...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100