ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია?

მაშინ გავიცანი მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია. 9 აპრილი სისხლიანი, ტრაგიკული, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვების დღე იყო. ასეთ საქართველოს კარგა ხანს ვეღარ ვნახავ. ბალტიისპირელებიც შემოგვნატროდნენ, მაშინ საქართველომ პირველმა საბჭოთა კავშირში კომუნისტები აიძულა ჩაეტარებინათ მრავალპარტიული არჩევნები.
დაიწერა ,,მრგვალი მაგიდის’’ პროგრამა, ჩვენ მოვიფიქრეთ ე.წ. გარდამავალი პერიოდი, ამ ტერმინის ერთ-ერთი ავტორი მეც ვიყავი. მაშინ არ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, რაშიც ბალტიისპირელებმა იჩქარეს, ჩავატარეთ რეფერენდუმი. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა ამ რეფერენდუმში. მხოლოდ ამის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა.
ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნათელი პერიოდი იყო. დღევანდელი ბინძური და ნეგატიური მომენტები, რომელიც დღევანდელ ქართულ პოლიტიკას ახასიათებს, პრაქტიკულად არ არსებობდა. თუმცა იქაც იყო დადებითი და უარყოფითი მომენტები. ნამდვილად ვითვალისწინებდით რუსეთის იმპერიის როგორც ბუნებას, ისე მის მასშტაბებსა და ძალას. სწორედ ამიტომ იყო გარდამავალი პერიოდი გამოცხადებული.
საბჭოთა ლიდერებს გორბაჩოვსა და ნიშანოვს არ ჰქონდათ არანაირი წინააღმდეგობები. საბჭოთა უშიშროებას და შს სამინისტროს საქართვლოდან გაჰქონდათ ყევალა სახის შეიარაღება. მოსკოვში ვიყავით მე და კაკო ასათიანი. თუ გახსოვთ კაკო ასათიანის გამოსვლა ,,დამი ი გასპადა’’ ასე რომ მიმართა საბჭოთა კავშირის ყრილობაზე დეპუტატებს.
იქ შევხვდი შევარდნაძეს, ჩემი სტატუსი იყო საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე უზენაეს საბჭოში, მისი სტატუსი იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. მაშინ შედგა ჩემი შეხვედრა საბჭოთა კავშირის შს მინისტრ პუგოსთან. ეს ის პუგოა, რომელიც მოსკოვის პუტჩის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
მე ვუთხარი მას, სეპარატიზმი, რომელსაც თქვენ ახალისებთ, არ აძლევს ხელს არც საქართველოს, არც რუსეთსთქო. მაშინ 300 კაცზე სპეცრაზმის შეიარაღება გამოგვატანა. იმ დროს ცხინვალის პრობლემები დაწყებული იყო. ამის შემდეგ მოსკოვს ჩვენთვის იარაღი არ მოუცია.
დაპირისპირებები ,,მრგვალი მაგიდის’’ შიგნით შემდეგ დაიწყო. პირველად ზვიადი და ,,მერაბ კოსტავას საზოგადოების’’ თავმჯდომარე, ვაჟა ადამია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ეს ორგანიზაცია აქტიურად იყო ცხინვალის კონფლიქტში ჩართული. ,,ქარტია-91’’-ს რაც შეეხება, დაპირისპირება ჩვენს შორის შემდეგ საკითხზე იყო: მოგეხსენებათ, ზვიადსა და ჯოხარ დუდაევს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდათ. საბჭოთა კავშირის დემონტაჟის პარალელურად ზვიადი ფიქრობდა, რომ რუსეთის იმპერიის დაშლაც უნდა დაწყებულიყო.
ამ პროცესის დაწყება მეც და ჩემს მეგობრებსაც ნაადრევი გვეჩვენებოდა. ჯერ ამ პროცესს უნდა მივყოლოდით და ჩაგვემთავრებინა. ეს იყო ჩვენი უთანხმოების მიზეზი.
მე, კაკო ასათიანი და მერაბ ურიდია ვიყავით შეერთებულ შტატებში ორკვირიანი ვიზიტით, 42 სენატორსა და კონგრესმენს შევხვდით, აქედან მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა და ერთმა დემოკრატმა გამოთქვეს თანხმობა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი უნდა დაინგრეს.
ვერ წარმოედგინათ 15 რესპუბლიკასთან და ცხრა ატომურ სახელმწიფოსთან ურთიერთობა. ეგონათ, რომ ყველა ატომს დაიტოვებდა. გვირჩიეს - მიყევით გარდაქმნის პროცესებს, გორბაჩოვი კარგი კაციაო.
ამაზე ჩვენ უარს ვამბობდით. ჩვენ ჩამოვიყვანეთ საქართველოში პრეზიდენტი ნიქსონი, მამა ბუშის დავალებით. საბჭოთა კავშირის დაშლის დაწყება ნაადრევია და მით უმეტეს რუსეთის იმპერიისო, ამ თემაზე ესაუბრა ნიქსონი ზვიად გამსახურდიას.
ამის შემდეგ იყო მამა ბუშის ცნობილი განცხადება, ზვიადზე, ეს კაცი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო. ძალიან რთულია, როცა ერთდროულად რუსეთსაც უპირისპირდები და ამერიკასაც. ზვიადის პოლიტიკა არც ერთ ამ სახლემწიფოს სქემაში არ ჯდებოდა. მაშინ გაგვყიდეს ზუსტად.
კანონს პრეზიდენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ დაპირსპირების მიზეზად მე არ მივიჩნევდი. მაგრამ ოპოზიცია ზვიადს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ როცა კონსტიტუცია შევცვალეთ და პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოვიტანეთ, უნდა ყოფილიყო კონსტიტუციაში აუცილებელი ჩანაწერი, რამდენი წლით და რა ვადით ირჩევა პრეზიდენტიო.
ჩაწერილი იყო, რომ აირჩეოდა ოთხი წლით, მაგრამ ზვიადმა ღიად დატოვა და არ ჩაწერა, არჩევა რამდენი ვადით შეიძლებოდა. როცა ციხეში უკვე დაჭერილ გია ჭანტურიას შევხვდი, ამაზე ვისაუბრეთ და მე ვერ შევეკამათე.
იყო სხვა შეცდომებიც, მაგალითად ჯერ კარვები გაშალეს, მერე აღარ აიღეს, მაგრამ ისეთი სიყვარული ხალხის მხრიდან როგორიც ზვიადს ჰქონდა, მე არ ვიცი კიდევ ვინმეს შეიძლება თუ არა ეღირსოს.
მთავარი დაპირისპირება მოსკოვის პუტჩის შემდეგ ზვიადს ეროვნული გვარდიის გაუქმების გამო კიტოვანთან და სიგუასთან მოუვიდა. დაპირისპირების დროს, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი ტელევიზიასთან იყო, მეორე ნაწილი თბილისის ზღვაზე, მე აქტიურ მონაწილეობას არ ვიღებდი. პირველი განცხადება გავაკეთე და დავგმე შეიარაღებული დაპირისპირება.
რაღაც მომენტებში ზვიადი ჩვენც გვისმენდა და ცდილობდა, რომ საქმე გასროლამდე არ მისულიყო, არ გამოვრიცხავ, რომ როგორც ოპოზიციაში, ისე ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც ძალიან ბევრი აგენტი იყო.
ზვიადი უკვე ემიგრაციაში იყო, რამდენიმე მცდელობა იყო უზენაესი საბჭოს შეკრებისა მისი ლეგიტიმურობის გაგრძელების მიზნით, მაგრამ რამდენიმე კაცი დააკლდა. გარეთ სროლა იყო. უნდა დანიშნულიყო ახალი არჩევნები. თუ სამხედრო საბჭო გადადგება, მეც გამოვაცხადებ გადადგომასო, აკაკი ასათიანი ამბობდა, თუ სამხედრო საბჭო გადადგებოდა, კაკო ასათიანი ტელევიზიით გამოვიდოდა და ახალი არჩევნების თარიღს გამოოაცხადებდა.
იმ ღამეს გაფრინდა სომხეთიდან ზვიადი ჩეჩნეთში. მაშინ გავრცელდა ჭორები, ზვიადი სამეგრელოდან და აფხაზეთიდან შემოდისო, ამით შეშინებულმა სამხედრო საბჭომ გადადგომაზე უარი თქვა.
შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, კომუნისტური ნომენკლატურა იყო სახელმწიფო საბჭოში და ,,მრგვალი მაგიდის’’ ძველი წევრები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
ვნანობ იმას, რომ შეიძლება უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი ზვიადსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში, რომ თავიდან აგვეცილებინა შეიარაღებული დაპირისპირება.
ჩეჩნეთის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში ზვიადი აქტიურად იყო ჩაბმული, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებას ხელს აძლევდა ზვიადის ლიკვიდაცია. შესაძლოა ორივე ყოფილიყო დაინტერესებული მისი მკვლელობით.

კომენტარი