რიგითი ოპოზიციონერის გასაჭირი...

იმის გამო, რომ მიტინგებზე ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი იმედგაცრუება იგრძნობა,
იმის გამო, რომ ალასანია ალთასაა, ბურჯანაძე - ბალთას, გრეჩიხა კი, სადაა თავადაც არ იცის,
იმის გამო, რომ გაიძახიან - "საქართველო უპირველეს ყოვლისა"-ო და თავიანთ ამბიციებს ვერაფერს უხერხებენ,
იმის გამო, რომ კატა თვეებია ძეხვს ვერ წვდება და სულ "პარასკევია",
იმის გამო, რომ კატამ ძეხვის ნაცვლად საწყალ ჟურნალისტებს დაადგა თვალი, ხოლო საოცნებო ძეხვზე ნაწილმა საერთოდ უარი განაცხადა,
იმის გამო, ჩემო იმედგაცრუებულო ხალხო, რომ მე ახლა ოპოზიციაზე ვარ ძალიან გაბრაზებული, იმის გამო, რომ აგერ, ვინც ჩემ გვერდით იდგა, სახლებში წავიდნენ და თან, ოპოზიციას მამა-პაპურად "დაულოცეს გზა",
იმის გამო, რომ არ მინდა, მან, ვინც ჩემ გვერდით იდგა, მეც მამა-პაპურად "დამილოცოს გზა",
იმის გამო, რომ ოპოზიციას მარტო სტატისტიკისთვის ვჭირდები, ცხვრებივით რომ გადაგვთვალონ, ვინმე ხომ არ გვაკლიაო,
იმის გამო, რომ არ მომწონს ჩემი ხელისუფლება, მაგრამ აღარც ოპოზიცია მომწონს იმიტომ, რომ ურცხვად მატყუებს,
იმის გამო, რომ ვეღარ გავიგე რა განსხვავებაა ეკა ბესელიასა და ეკა ხერხეულიძეს შორის – როცა ორივე ერთნაირად მეჩხუბება ტელეეკრანიდან,
იმის გამო, რომ თუ ადრე ხელისუფლებას გავაკრიტიკებდი, მაშინვე ოპოზიციონერად მნათლავდნენ (მერე მართლა გავხდი ოპოზიციონერი), ახლა კი ჩემმა მეზობელმა რომ შეაწია სიტყვა ხელისუფლებას, სულ მიშას მონა ეძახეს და ლამის ანათემას გადასცეს,
იმის გამო, რომ ოპოზიციაში ყველა პატრიოტი მეგონა, თუმცა, გვიან, მაგრამ მაინც, მათ შორის ბევრი ”გაფუჭებული” აღმოვაჩინე,
კიდევ იმის გამო, ჩემო მრავალტანჯულო ხალხო, რომ არ მინდა სამოქალაქო ომი და ის, რომ მე ამ ომის თუნდაც ირიბი მონაწილე ან ხელშემწყობი ვიყო,
იმის გამო, რომ ოპოზიციონერებმა შეიძლება კიდევ გამაბრიყვონ, რომელიღაც სახელმწიფო სტრუქტურასთან მიმიყვანონ, მერე რომელიმემ თავი აცემინოს და ამით არეულობა გამოიწვიოს,
იმის გამო, რომ მე აქ, არეულობისთვის, დაპირისპირებისთვის კი არა, მშვიდობისთვის მოვედი, მაგრამ ისინი ჩემსავით არ ფიქრობენ,
იმის გამო, რომ უკვე სათვალავი ამერია იმდენჯერ შევნიშნე ოპოზიციას სიყალბე, გადავწყვიტე, რომ ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ და საჯაროდ განვაცხადო: ვეთიშები მომიტინგეთა რიგებს, ოპოზიციისგან იმედგაცრუებული და მოტყუებული ვბრუნდები ჩემ სახლში, ხოლო ოპოზიციას მამა-პაპურად "ვულოცავ გზას". 16 მაისი, 2009 წელი

კომენტარი