ზვიად გამსახურდია მძევალი იყო...

ყოველდღიური შეკრებები ,,იმელის’’ შენობაში იმართებოდა, ხელისუფლების პროვოკაციის შედეგად ,,იმელთან’’ ატყდა სროლა, რომელმაც ოპოზიციაში განხეთქილება გამოიწვია.
ოპოზიცია გაიყო ორ ნაწილად: ერთ ნაწილს დაერქვა ,,მრგვალი მაგიდა’’, მეორე ნაწილს წარმოადგენდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ედპ, სახალხო ფრონტი და ა.შ.
„მრგვალი მაგიდა’’ არჩევნებში მონაწილეობას უჭერდა მხარს, დანარჩენები კი წინააღმდეგნი იყვნენ. არჩევნები ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში გაიმართა და გამონაკლისი ჩვენ რატომ უნდა ვყოფილიყავით. ოპოზიციამ არჩევნებში გაიმარჯვა. ორი სწავლული იურისტის, ბატონების - ჯონი ხეცურიანისა და თედო ნინიძის მუშაობის შედეგად დაიდო დემოკრატიული საარჩევნო კანონი.
გამსახურდიამ მთხოვა დამეკავებინა პრემიერ-მინისტრის პოსტი. თავიდან არ დავთანხმდი, მიმაჩნდა, რომ უფრო ახალგაზრდა კაცი უნდა ყოფილიყო ამ თანამდებობაზე. ბოლოს დამითანხმეს და პარლამენტზე გაიტანეს ეს საკითხი. პარლამენტმა დამამტკიცა პრემიერად 1990 წლის 15 ნოემბერს.
ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ჩვენზე შეერთებული შტატები. ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისმა, რომელიც ასევე ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენელი იყო, გადმომცა ჯეიმს ბეიკერის დანაბარები, რომ მჭიდრო ურთიერთობა დამყარდეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან, რომ შეთანხმებული ყოფილიყო ჩვენი და ბალტიის სამივე რესპუბლიკის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებები.
იყო მინიშნება, რომ ბატონმა ბეიკერმა სენატსა და კონგრესში შეიტანა წინადადება ამ ოთხი რესპუბლიკისთვის დახმარების სახით ძალიან დიდი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. ამ ჟურნალისტმა და ბეიკერის თანაშემწემ მითხრა, რომ ბატონ ბეიკერს სურს ჩვენთან შეხვედრა.
ბალტიისპირეთის პრემიერებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, კერძოდ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, ედგარ სავისაართან. მე ბატონი სავისაარი საქართველოში მოვიწვიე და ორი დღე თავაუწევლად ვიმუშავეთ რეფორმების პაკეტზე.
რეფორმების პაკეტში შედიოდა მიწის რეფორმა, საბინაო რეფორმა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ გადაეცემოდათ კუთვნილი ბინები, რეფორმაში შედიოდა პრესის თავისუფლება, უმაღლესი სასწავლებლების სრული ავტონომიზაცია. ერთ ვადებში უნდა მიეღოთ ეს კანონები ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს პარლამენტებს.
ბეიკერი მართლაც შეგვხვდა მე და გამსახურდიას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკური სირთულეები შეგექმნებათ და ამიტომ გადაწყვეტილია, რომ ჩვენ დიდი თანხით დაგეხმარებითო. გვკითხა, ატომური ბაზა ხომ არ იყო საქართველოში, რაზეც ცხადია, უარყოფითი პასუხი მიიღო. საბჭოთა კავშირის სუკს და თავდაცის უწყებას გატანილი უნდა ჰქონოდა ეს ბაზა.
ჩემსა და ზვიად გამსახურდიას შორის უთანხმოებები ბევრ საკითხზე იყო, განსაკუთრებით პოლიტიკურ საკითხებზე. როგორც დისიდენტს, ამერიკის ხმა და სხვა დასავლური ორგანიზაციები მხარს უჭერდნენ, ამ დროს მან დაიწყო დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლა.
მე ნანახი მაქვს რუსეთის დაშლის ამერიკული გეგმა, მერე გამოვიდა ბატონი ბზეჟინსკი და თქვა ქვეტექსტით რომ ამ გეგმას აჩერებენ. ჩინეთმა დაიწყო ძალიან სწრაფი განვითარება. მოძლიერებული ჩინეთი წამოვა ევროპაზე და დაშლილი რუსეთი ბარიერი ვერ იქნებოდა.
ჩვენი საგარეო კურსი პროდასავლური უნდა ყოფლიყო და მე ამის შესახებ ბრიუსელში განვაცხადე. გაზეთ ,,ფიგაროს’’ კორესპონდენტმა კი მითხრა, ერთი კვირაა თბილისში ვარ, კარვებშიც ვიყავი და თქვენ რომ ამბობთ ასე არ არისო. გამსახურდიას მომხრე ქალებმა კარვები გაშალესო. მეორე უთანხმეობა იყო იდეოლოგიური, ინტელიგენციას კრემლის აგენტებს ეძახდა.
არც ერთი ეკონომიკური რეფორმა არ გაატარა. გარემოცვის ბრალი იყო, ჩემი აზრით იმიტომ, რომ ძალიან უხაროდა, ამერიკელები გვეხმარებიანო, მაგრამ ჩამოვედით თბილისში ბეიკერთან შეხედრის შემდეგ და არც ერთი რეფორმა არ გატარდა. ამ დროს კი ბალტიის რესპუბლიკებმა ყველა რეფორმა გაატარეს. გამსახურდიამ თავი დაუხარა მოსკოვის პუტჩს. ჩამოვიდა გენერალი შურავლიოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც პირდაპირ მოსთხოვა გვარდიის მოსპობა, პრეფექტურის ინსტიტუტის გაუქმება.
პუტჩის ორგანიზატორებს გამსახურდიამ შუამავლები გაუგზავნდა მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ საქართველო არასოდეს გავა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. ამაზე ინტერვიუში აცხადებს პატიმრობიდან გათავისუფლებული პუტჩის ორგანიზატორი, გორბაჩოვის მთავრობის ვიცე-პრემიერი იანაევი.
დისიდენტმა გამსახურდიამ აკრძალა პოლიტიკური პარტიები საქართველოში. გამსახურდიას გაგდების მერე მე ეს დოკუმენტი გავაუქმე. უცხოურმა გამოცემა ,,ნიუსვიკმა’’ ზვიადზე სტატია დაწერა, სადაც ის მოხსენიებული იყო, როგორც კავკასიის სადამ ჰუსეინი.
გამსახუდიამ საკავშირო სუკის აგენტი მურმან ომანიძე საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. მე კი მითხრა მხოლოდ ორი თვით დაიკავებს ამ თანამდებობასო. თვითონ გამსახურდია კაბინეტოდან რომ გავდიოდი, დამეწია და მითხრა, ეს საკავშირო სუკის კაცია და მასთან არაფერი წამოგცდეთო. ეჭვი მაქვს, რომ მოსკოვიდან აიძულეს მიეღო ეს საკადრო გადაწყვეტილება.
გამსახურდია გაყიდა მისმა შეიარაღებულმა ძალებმა. უშიშროების რუსი მოხელეები მე გავყარე, ამ დროს ზვიადმა მიიღო გორბაჩოვისგან დეპეშა, მოთხოვნით ამ ხალხის პოსტებზე აღდგენასთან დაკავშირებით.
მე ვუთხარი, რომ მაშინ გადავდგებოდი. აი ასეთი წინააღმდეგობები მქონდა. მე დაპირისპირების დროს სამხედრო საქმეებში ჩარეული არ ვიყავი. 27 დეკემბრამდე ჯაბა იოსელიანი ციხეში იყო. იარაღი 22 დეკემბერს გამსახურდიას გვარდიამ გაისროლა. ამ დროს გამსახურდია შენობაში არ იყო, ჯონი ფირცხალაიშვილი, გამსახურდიას თავდაცვის მინისტრი და რომან გვენცაძე დილის შვიდ საათზე ე.წ. ბუნკერში იყვნენ, ამ დროს შემოვარდა გამსახურდიას ცოლისდა, ლელე არჩვაძე ქალაქი ინგრევა თქვენ რას აკეთებთო, გაგვლანძღაო, იხსენებს გვენცაძე, ამ დროს სიჩუმე იყო, არაფერი ხდებოდა.
ზვიადის ბრძანებით არ დაიწყო სროლა. გარემოცვის ბრალი იყო. ქალებმა გასცეს ბრძანება და სროლა მთავრობის სასახლიდან დაიწყო. კიტოვანი მაშინ თბილისის ზღვაზე იყო. ექვს იანვარს ავტომობილებით წავიდა ზვიადი, მანამდე მე ვთხოვდი, მძევლად გამოგყვები და ბათუმში გადაფრინდი-მეთქი, მაგრამ ეს მოლაპარაკება გარემოცვამ ჩაუშალა.
კიტოვანმა გასცა ბრძანება, არავითარი სროლა, გაუშვითო. აზერბაიჯანმა არ მიიღო, სომხეთიც არ იღებდა, მაგრამ დამიკავშირდა პრეზიდენტი ლევონ ტერპეტროსიანი და მე ვუთახარი მიიღეთ გამსახურდია-მეთქი. არჩევნებში მონაწილეობასაც ვთავაზობდი ზვიადს და დაბრუნებას, ჯაბას წინააღმდეგობის მიუხედავად.
ისევ გარემოცვის გავლენით ამ შეთავაზებაზე ზვიადმა უარი თქვა. ზვიადი მძევალი იყო მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის, მანანა ძოძუაშვილის. ამ ქალმა წერილი გაუგზავნა ფსიქიატრიული ინსტიტუტის დირექტორს თავის პრეზიდენტზე: გთხოვთ გამოაგზავნოთ ავადმყოფ ზვიად გამსახურდიას ისტორია საექსპერტო დასკვნისთვის 1958-59 წლებში. ეს მას ზვიადის შანტაჟისთვის სჭირდებოდა.
სტატია დაიბეჭდა გაზეთ „დრონი.ჯი“-ს 26 ოქტომბრის ნომერში
პს: გაზეთი „დრონი.ჯი“ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გარეშე აგრძელებს 1991-92 წლების მოვლენების შესახებ მოსაზრების, ფაქტებისა და ანალიზის გამოქვეყნებას. ამ მოვლენებში მონაწილე ნებისმიერ პირს შესაძლებლობა აქვს ჩვენი გაზეთის მეშვეობით დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ მოვლენების მიმართ, რომელმაც შედეგად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა და სამოქალაქო ომი გამოიწვია.


კომენტარი