სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოსო ცინცაძე:ივანიშვილი ცდილობს, პრეზიდენტი ანკესზე წამოეგოს

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პრეზიდენტი ანკესზე წამოეგოს და გაბრიყვდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ პარლამენტის დათხოვნის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცინცაძემ განუცხადა, ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ახლა ცდილობს პრეზიდენტი ამ ანკესზე წამოეგოს და "ეგებ მართლა ისე გაბრიყვდეს, რომ არჩევნები სამ თვეში დანიშნოს".

"ივანიშვილმა იცის, რომ ოპოზიციას პარლამენტში ახლა თუ 50-60 კაცი ჰყავს, 15-20 დეპუტატი ეყოლება და რატომ ჰგონია, რომ ეს არ იცის პრეზიდენტმა? მე არ ვიცი, რატომ ჰგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი დეგენერატია. რატომ ჰგონია, რომ ის ამ შეთავაზებას აჰყვება და ყელს გამოიჭრის, ჰარაკირს გაიკეთებს, რადგან ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. "ნაციონალებს" უნდა აწყობდეთ რაც შეიძლება იქით გადაიდოს არჩევნები. თუ ქვეყანაში რამე განსაკუთრებული არ მოხდა, არა მგონია, პრეზიდენტმა თავისი უფლება აპრილში გამოიყენოს. პრეზიდენტს არ უთქვამს პარლამენტს დავითხოვო, რადგან იცის, რომ გაზაფხულზეც დიდი ალბათობით მისთვის არჩევნები კატასტროფული შედეგით დასრულდება", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ამასთან, მისთვის გაუგებარია კონსტიტუციასთან ხელისუფლების დამოკიდებულება ყოველ ერთ თვეში ერთხელ მის შეცვლასთან დაკავშირებით.

"ზოგიერთ ოჯახს მახინჯი შვილი ჰყავს, მაგრამ ხელს ხომ არ ჰკრავენ", - დასძინა მან და მიაჩნია, რომ კონსტიტუციას მეტი პატივისცემა სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება, მისი არჩევიდან 6 თვის ნაცვლად შესაძლოა, 3 თვეში მიეცეს. როგორც ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უმრავლესობა შესაბამის კანონპროექტს ამზადებს. პრემიერი ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გადაყენებისთვის ემზადება, თუმცა კანონის მოქმედი რედაქციით, პარლამენტის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის არგამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ივანიშვილის თქმით, ის მზადაა მიხეილ სააკაშვილს "დაეხმაროს" და მთავრობის გადაყენების შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაც მისცეს, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100