სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ მაკკეინი: „ვლადიმერ პუტინის ადგილას, არ ვიჯდებოდი მშვიდად, კრემლში, ჩემს „КГБ“–ელ მეგობრებთან ერთად

ეგვიპტის სისხლიანი რევოლუციის შემდეგ, მსოფლიოში უამრავი მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა მსგავსი რევოლუციები განმეროდეს ახლო აღმოსავლეთში. ალაპარაკდნენ ექსპერტები, პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციის შედეგებზე და მის გაგრძელებაზე მეზობელ ქვეყნებში. იყო ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებებიც. თუმცა, ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ რევოლუციის ტალღა არ განელებულა და დაპირისპირების საფრთხე დღემდე არსებობს. იყო ასეთი მოსაზრებებიც: „2005 წელს, ათობით ათასი ლიბანელი გამოვიდა ქუჩაში ეგრეთწოდებული „კედარის რევოლუციის“ დროს. ისინი მოითხოვდნენ თავისუფლებას, დემოკრატიას და სირიელების გასახლებას. ახლა ქვეყანას „ჰეზბოლა“ აკონტროლებს. 2006 წელს, პალესტინელებმა, რომლებსაც კორუფციის დამარცხება და ცვლილებები სურდათ, „ჰამასი“ აირჩიეს. ქალები და მამაკაცები ეგვიპტის ქუჩებში შთაგონებულები არიან ტუნისის მაგალითით და უკეთესი ცხოვრების იმედით. მაგრამ „მუსლიმთა საძმო“ ამ მომენტს ათწლეულების განმავლობაში ელოდა.“ ამბობდნენ იმასაც, რომ ეგვიპტის რევოლუცია გადატრიალების საფუძველი იქნებოდა, ახლო აღმოსავლეთში. ახლა კი მსგავსი პროგნოზი ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა გააკეთა. მაკკეინის თქმით, ის რეალურად ხედავს საფრთხეს, რომ რუსეთსა და ჩინეთში „ეგვიპტური რევოლუციის“ სცენარის განმეორების საფრთხე არსებობს. მაკკეინი ვლადიმერ პუტინს და ხუც იან ტაოს აფრთხილებს, რომ რეალურად გაანალიზონ არსებული საფრთხეები და მეტი სიფრთხილით მოეკიდნონ ამ საკითხს: „ვლადიმერ პუტინის ადგილას, მე არ ვიჯდებოდი ასე მშვიდად კრემლში, ჩემს „КГБ“–ელ მეგობრებთან ერთად. მშვიდად ვერ ვიქნებოდი ვერც ჩინეთის ხელმძღვანელის, ხუც იან ტაოსა და იმ რამდენიმე პირის ადგილზე, რომლებიც ქვეყანას მართავენ. 1,3 მილიარდი ადამიანის ბედს განკარგავენ. არც ერთ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი, რომ „ცუდი“ არაფერი მოხდებოდა“. თუმცა, მაკკეინი ასევე აღნიშნავს, რომ ეგვიპტური რევოლუციის სცენარის განმეორება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია მოსალოდნელი და ამის საშიშროება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს.მაკკეინი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთით და ეგვიპტეში ხელისუფლების დამხობით, ანალოგიურ მოძრაობებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიწვევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100