მიშას თუ დაამხობთ და ნინოს მოიყვანთ, მერე მე დაგიმხობთ მაგ ნინოს?

ადგილი უცვლელი. შემადგენლობა - უცვლელი. მოთხოვნები უცვლელი - მიშას გადადგომა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
რა ქნას, გული არ უთმენს ბურჯანაძეს 2013-მდე და რას ვიზამთ? მასაც ეჩქარება და რუსეთსაც ეჩქარება - მიშას შეცვლა.
ჩვენი მდგომარეობა იმ ანეკდოტს მახსენებს, ჭერში თაგვები რომ კაკლებს დააგორებენ და გულმოსული კახელი რომ შესძახებს, ადე გაუტეხე, თორემ არ დაგვაძინებენო.
მიშა კიდევ კერკეტია. ნინოს „მეჩტები“ ჰამაკზე ჰკიდია. ოპოზიციას უყვარს მიტინგები, აქციები. ჩხრიალი მოსწონთ. იმ კახელივით კაკალს იმ ფასშივე რომ ჰყიდის, რა ფასადაც იყიდა - ჩხრიალი მევასებაო.
ამათაც ევასებათ ჩხრიალი. თან ზოგ-ზოგები ამ ჩხრიალით იმ კახელისგან განსხვავებით რუბლებსაც კუჭავენ. იმ რუბლებს, რომელზეც კუსტურიცამ თქვა უარი. კუსტურიცას არ უნდა? ამათ უნდათ.
შაჰის ხალათიც უნდათ.
ბეჭებზე ორთავიანი არწივით.
სად მივყავართ აქციების ლიანდაგს?
ისევ გადაკეტილი და პარალიზებული თბილისისკენ? თუ უფრო შორეულ წარსულში? რა არის ნინოკოს ზეამოცანა?
რაკი თვითონ უპალმ-უკვიპაროსებოდ დარჩა (წყნეთი წაართვეს), საქართველო ულუკმაპუროდ უნდა დაგვტოვოს? უშუქოდ. უგაზოდ.
ჩვენ გვახსოვს ასეთი თბილისი და ასეთი საქართველო. ბანდების თარეშით, პურის რიგებით, უშუქობით, უგაზობით, კორპუსებს შუა ცეცხლზე მოხარშული ნახევრად უმი მაკარონით. რასაც წინ უძღვოდა ძმათამკვლელი ომი და ედოს ჩამოსვლა. ნინიკოსნაირების ოსანათი - ედუარდი აგვაყვავებს.
ახლა თავად გვიპირებს აყვავებას? ან რა ძალა შეემატათ ისეთი, რომ გაზაფხულზე ვერ გადააყენეს მიშა და ახლა გადააყენებენ? რისი იმედი აქვთ? ისევ ხალხის გაბრიყვების? თუ კერკეტი მიშა წყალში ჰყავდათ ჩამბალი და ახლა გატყდება?
რას მოგვიტანეს ეს ყველაფერი? რას მოგვიტანს მილიონჯერ ნამღერი „პესნიების“ კვლავ მოსმენა?
თუ გარე ძალებისგან ზეწოლას გამოვრიცხავთ, სურათი მაინც ნაკლებსასურველი დაგვრჩება. გამოდის რომ ამ ოპოზიციას საქმე გამოელია, პიარი შემოაკლდა, ყურადღების მიქცევა უნდა, არსებობა უნდა ბოლოს და ბოლოს და ამ ფორმით ახდენს თვითრეალიზაციას.
კი ბატონო, გასაგებია რომ მათ ეს ყველაფერი უნდათ, მაგრამ ხალხს რა გვინდა? ან მათ მხარდამჭერებს, ან დანარჩენ მოსახლეობას, ვისაც ეგენი არ ეპიტნავებათ?
რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მათ დასაქმებაზე? ან მათ ვისაც მათი არ სწამს, ან გინდაც მათ, ვისაც მათი ჯერ კიდევ სჯერა?
ვისაც მოუკლავს, ის მოკლავს არწივსა მაღალ მთისასა.
ვერ ნახეს ვინც იყო ამ ოპოზიციის „მოკლული“ „არწივი“? - თამარ კინწურაშვილი. ვერ ნახეს რომ ეს ოპოზიცია დამკაში გამსვლელი არაა? პაიკი შეიძლება ლაზიერად იქცეს, მაგრამ ჩამოპაიკებული ლაზიერი ბურჯანაძე გახდება კი კვლავ ლაზიერი?
ანდა, ძალიან მაინტერესებს მათი პოზიცია, ვინც 7 ნოემბერს გაზი ყლაპა, ხელკეტის ძალა თავზე იგემა და ბურჯანაძის მაშინდელი რეპლიკები გადაყლაპა და ახლა კვლავ აპირებს წავიდეს მიტინგებზე, სადაც მებაირახტრე სწორედ ბურჯანაძეა.
ერთ პატარა დისკომფორტს მაინც არ უქმნის ეს ფაქტი?
ხელისუფლებას, დიახაც, უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ პასუხი მის ქმედებებზე, მაგრამ მათ რატომ არ ვთხოვთ პასუხს, ვინც გუშინ ხელისუფლებაში იყო და დღეს ანჟელადევისობს? დავუშვათ და ჩამოპაიკებული კვლავ ლაზიერად მოგვევლინა, გაქვთ გარანტია რომ საზოგადოების დაკვეთით გააკეთებს სვლებს პოლიტიკურ დაფაზე?
ბოლო ჟამს სინანულს, ეგება თავში ცოტა მეტი დაფიქრება სჯობდეს, უფრო სწორად პასუხი ახლავე მოსთხოვოთ მათ ვისაც გვერდში უდგახართ?
დღეს თქვენი მხარდაჭერით ათამამებთ, ათავხედებთ, პასუხს ისევ თქვენ მოითხოვთ მერე ყველას რომ თავზე დაგვასვავთ.
ან იქნებ ყველამ ჩავიხედოთ ჩვენ მიტინგურ „სივებში“?
რამდენ მიტინგში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, რამდენს ვამხობდით, ვის ვუჩოქებდით და მერე ვის ვეძახდით „წადის“?
„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოვლისა დამამხობლელმან“...
ვინ ხართ კაცო, საწუთრო გგონიათ თავები და ყველა უნდა ამხოთ?
მიშას თუ დაამხობთ და ნინოს მოიყვანთ, მერე მე დაგიმხობთ მაგ ნინოს?
არ დაიღალეთ? თუ თქვენც საქმე გამოგლევიათ? კოლექციას აგროვებთ დამხობილი პრეზიდენტების? ან ცოტა თავმოყვარეობა რად არ გელახებათ, როცა ღიად ეწევიან მანიპულირებას თქვენით? „რედისონში“ იკრიბებიან, გადაწყვეტენ აქციების დაწყებას, ისე რომ არც არავინ გეკითხებათ თქვენ - მიდიხართ, არ მიდიხართ... გაღელვებთ მათი მოთხოვნები, არ გაღელვებთ...
რატომ არიან დარწმუნებული რომ მიხვალთ და დაუდგებით გვერდით თითის გატკაცუნებაზე?
გასაგებია არ მოგწონთ, ხელისუფლების დამოკიდებულება, მაგრამ მათი თქვენდამი დამოკიდებულება სულ არ გიტოკებთ ნერვს?
თუ ეს არ გაღელვებთ, მერე რაღატომ ღელავთ ვიღაც რომ იტყვის - ფულს იღებენ მანდ დგომაშიო, ან სიძულვილისგან არიან დაბრმავებულნიო?
ძალიან გენატრებათ 90-იანი წლების თბილისი? ქაოსი და არეულობა? როდემდე უნდა ვიყოთ საკუთარი თავის ჭამით დაკავებულნი?
დავიჯერო, ყველას მოგეძებნებათ ამ ქვეყნიდან წასასვლელი ადგილი?
აირევა ქვეყანა. ბურჯანაძე იქ წავა, სადაც გული გაუწევს, სალომე პარიზს მიშურებს, იკაკო უკვე იქაა და ჩვენ სად მივდივართ?
ერთი ოპოზიციონერი იმდღეს გვმოძღვრავდა, სწორედ ჩვენი აქციების დამსახურებაა, ხელისუფლება რომ აგდებით აღარ გელაპარაკებათ საზოგადოებასო.
რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შეგჭამს თუ ტურა? ხელისუფლება დაგიწყებს აგდებულად ყურებას თუ თვითონ ოპოზიცია? თუ თავმოყვარეობა გაქვს, ერთი აგდებულმა ტონმაც უნდა აღგაშფოთოს და მეორისამაც.
შერჩევითი თავმოყვარეობა გაგონილა?

კომენტარი