„უცნობი“: „პოლიტიკოსი ძმაკაცი მე არავინ მყავს მიშას გარდა. მიშა მიყვარს...“

ხან ერთი "უზდელობს", ხან მეორე. ძმა ძმას ტოლს არ უდებს. მამის ტოლს საჯაროდ შეურაცხყოფენ - „პუპუუუუზზზზ!“... თავიანთ ტოლს - დედას აგინებენ, მერე ახალ განმარტებით ლექსიკონს გვიდგენენ და გვანათლებენ, რომ შეგინება სხვაა და დაგინება სხვა და თურმე შუა უზის დიდი ზღვარი.

ფრიად საინტერესოა, ვისი განმარტებებით სარგებლობდა ქართული ოპოზიციის „დალაი ლამა“ - „უცნობი“ როდესაც სკოლაში „ვეფხისტყაოსანს“ სწავლობდა? თუ მაშინ არ ჩაუხედავს, ახლა ჩახედოს და წიგნის შემდგენლებს შორის იმ ნოდარ ნათაძის გვარს ამოიკითხავს, რომელსაც უპრეცედენტო შეურაცხყოფა მიაყენა პირდაპირ ეთერში, თან თავის „საკანში“.

საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდათ ძმებ გრეჩიხებს, ინგა გრიგოლია რომ მათსავით მოქცეულიყო ხოლმე და „გრეჩიიიიი-იხ“ ეძახა?

ძმები გრეჩიხები ფართო ასპარეზზე ზუსტად ათი წლის წინ გამოვიდნენ. მანამდე მათ მხოლოდ უბანში (ვაკეში) და თავის ვიწრო პროფესიულ წრეში იცნობდნენ.

უფროსს - ბიზნესში.
უმცროსს - თეატრში.

1999 წელს ისინი პოლიტიკაში მოვიდნენ. უფროსი - პირდაპირ - „მოქკავშირის“ სიაში იყო. და თან მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს თავჯდომარეობდა. იდეაც ჰქონდა - ჩამოესხა ღვინო „მიხეილ სააკაშვილი“ და მთელი ვაკისთვის ჩამოერიგებინა. ამ იდეას ფრთები მაშინ ვერა, მაგრამ მოგვიანებით შეასხა. მაგრამ ამაზე ქვემოთ.

უმცროსმა ნიღაბი აიფარა, უცნობად მოინათლა და ირინა სარიშვილის ედეპეს საარჩევნო ჰიტი გვიმღერა. სხვათაშორის საზოგადოების შეურაცხყოფაც მაშინ დაიწყო - ქვეყანაშია ფერები მუქი, ღორების სექსი...

აქეთ ეგ აყენებდა შეურაცხყოფას ხალხს და იქით კიდევ სხვა „პევეც-პევიცები“ გვიმღეროდნენ მოქკავშირის ფაშისტურ ჰიმნს - ღმერთს რომ მავნე ტოტების განსხეპას შესთხოვდნენ.

უცნობის ნამღერი ჰიტი სამგლოვიარო მარშად ექცა ედეპეს და მერე დამარცხებულმა ძმამ გამარჯვებული ძმის პარტიის მხარეს ინაცვლა. ეს მაშინ მოხდა, როცა ლევან გაჩეჩილაძე, დათო გამყრელიძესთან და სხვებთან ერთად მოქკავშირიდან გავიდა და დაარსდა ახალი პარტია - „ახალი მემარჯვენეები“.

მაშინ უფროსი გრეჩიხას პოზიციები გაცილებით დასაბუთებული იყო. საზოგადოების სიმპათიებსაც იმსახურებდა. სოლიდურადაც გამოიყურებოდა და ძველბიჭობის ნოსტალგიაც ჯერ არ აწუხებდა.

მერე იყო ვარდების რევოლუცია და მთელი პერიპეტიები რევოლუციამდე. უმცროსი რევოლუციას უჭერდა მხარს, უფროსი კი იმ პარტიაში იყო, რომელიც ემიჯნებოდა რევოლუციას.

მაშინ დიდი დაპირისპირებაც მოხდა - ლევან გაჩიჩილაძესა და დათო გამყრელიძეს შორის. საქმე საფერფლის სროლამდეც მივიდაო - იტყობინებოდნენ მაშინ.

ყოველ შემთხვევაში, როცა დათო გამყრელიძე 22 ნოემბერს პარლამენტში გამოცხადდა ქვორუმის გასავსებად, მას თან არ ახლდა ლევან გაჩეჩილაძე.

რევოლუციის მერე კი ლევან გაჩეჩილაძემ პარტია ფეშქაშად დაუტოვა დათო გამყრელიძეს და პოლიტიკური პაუზა მისცხო.

თუმცა, სააკაშვილის ინაუგურაციაზე მისმა „ჯივიესმა“ საგანგებოდ ჩამოსხმული ღვინო - „მიხეილ სააკაშვილი“ შესთავაზა სტუმრებს.

რევოლუციიდან ერთი წელიც არ იყო გასული, უცნობი რომ ქართულ პრესაში რევოლუციურ ხანას იხსენებდა, უფრო სწორად კი იმაზე საუბრობდა რომ იმ პერიოდის გახსენება მისთვის მტკივნეული იყო.

„ძალიან რთული იყო, მე არ მიყვარს მაგ დროის გახსენება... ალბათ ცოცხალი სანამ ვიქნები, ეს ყველაზე დიდი ტკივილი იქნება ჩემთვის, იმიტომ რომ... იმიტომ რომ პარტია და პარტიული სიტუაცია სხვა არის... მე მივხვდი ამას... რაც მთავარია, ლევანმა ის კაცობა და ის ვაჟკაცობა არ დაკარგა რაც მას ახასიათებს.

- პარტია რომ დატოვა და წამოვიდა, გაგისწორდათ?

- კი, აბა, რა?! აბა, რა!

- ხო, მაგრამ პარტია დატოვა, ამდენი ფული, ამდენი ოფლი...

- ფულზე არ არის ლაპარაკი, ენერგიაზეა ლაპარაკი და სიყვარულზე, რაც ჩავყარეთ ამ პარტიაში. არა მარტო ჩემმა ძმამ, მეც. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა და ამ პარტიამ სხვა ნაბიჯები გადადგა და სხვა გზა აირჩია, მე და ლევანს ამ პარტიასთან აღარაფერი გვესაქმებოდა. ეს გააკეთა, ალბათ, ისევ და ისევ ფულმა, რა. იქ ბევრი ვალდებულება იყო, ბევრი ადამიანისგან წინასწარ შეთანხმებული ვანდებულება.

იყო მეგობრული სიტუაციებიც, რასაც ლევანი ვერ გადაახტა. სანამ მე პირში სული მიდგას, ყოველთვის გამახსენდება „ვარდების რევოლუციის“ პერიოდი და ყოველთვის გამახსენდება ის, რაც რაღაც მიზეზების გამო ვერ შევძელით გაგვეკეთებინა. მაგრამ სხვამ გააკეთა და გააკეთა ძალიან წარმატებულადაც“.

მაშინ უცნობი ფრიად კმაყოფილი იყო სააკაშვილის ხელისუფლებით: „დღეს ღორები როგორ არ არიან, არიან და სანამ მენტალიტეტისა და თაობების ცვლა არ მოხდება, იქნებიან კიდეც. ასე იოლი არ არის სიტუაციის შეცვლა, იმის შეცვლას მთავრობის შეცვლა არ ჰყოფნის. დრო სჭირდება. მაგრამ მე იმით ვარ ბედნიერი, რომ ვხედავ - რაღაც იცვლება, რაღაც შეიძლება უკეთესობისკენ, რაღაც შეიძლება უარესობისკენაც, მაგრამ ყინული ხომ დაიძრა, ეს ჩემთვის საკმარისია. ქვეყანა არ არის გაჩერებული, დაჭაობებული, რომელიც წინა პრეზიდენტის დროს იყო...

პოლიტიკოსი ძმაკაცი მე არავინ მყავს მიშას გარდა. მიშა მიყვარს. მაგიტომაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეგობარია, ყოველ შემთხვევაში ხვალინდელი საქართველოს ბედს ძალიან კარგად ხედავს. კი, შეიძლება დღეს შეცდომები მოსდიოდეს, რაღაცები, მაგრამ ასე უცებ ვერ მოსთხოვ ადამიანს...

- აი, მაინც რას თვლით დღეს მიშას შეცდომად?

- მიშას შეცდომად? იცი რა, აი, ხომ არის ორი პლანეტა, ერთი მარსი და ერთი ნეპტუნი, რა. მიშა არის, სიტყვაზე, მარსელი და მას გარს ახვევია ნეპტუნელები. ვერ გავიგე, რა! მარსელს მარსელები უნდა ეხვიოს, რა, გარს!,“

ვაჰ, დრონი, დრონი... ვინ რას იფიქრებდა მაშინ, რომ ამეების მთქმელი უცნობი, სულ რაღაც სამიოდ წლის მერე მიშას მოსისხლე მტრად შეიქმნებოდა და ფრიად კომფორტულად იგრძნობდა თავს მიხეილის გარემოცვიდან წიხლით გამოყრილ ნეპტუნელებთან. დიდის ამბით მიიღებდა მათ საკანში სტუმრად, დაპატიჟებდა და მათთან ერთად დაუწყებდა ლანძღვას კაცს, რომელიც მას ზედ სცენაზე დაუპატიჟებლად სტუმრობდა ხოლმე.

არადა, მაშინ, 2004-ში მას სულაც არ ეჩვენებოდა კურიოზულად და სულაც არ ეჩოთირებოდა ქვეყნის პრეზიდენტი რომ სცენაზე აიჭრა. რაის კურიოზი, მედიას უცაცხანებდა:

„არავითარი კურიოზული სიტუაცია არ იყო, ეგ არის პრეზიდენტი, როცა მოუნდა, თავისუფლად ამოვიდა და ის გააკეთა, მე, თავისუფალმა ადამიანმა მივიღე ეს ისე, როგორც უნდა მიმეღო. კურიოზია კლინტონი რომ საქსაფონზე უკრავს? ეგ რა კურიოზია, მაგ კაცს შემოქმედება უყვარს, უყვარს ადამიანები და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და რაც გააკეთა...“

გამოხდება ხანი და ძმები გაჩეჩილაძეები ძმაკაც სააკაშვილის წინააღდეგ ამხედრდებიან.

თავის ამხედრებას დიდი ეროვნული ინტერესებით გაამართლებენ, იტყვიან - რომ მერე და მერე სააკაშვილმა გზას გადაუხვია, რომ დაიწყო საქციელნი შეუწყნარებელნი, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ისინი ძალზე ხშირად, მიხეილს იმდროინდელი ქმდედებებისთვისაც ლანძღავენ, რომელიც სწორედ იმხანადაა განხორციელებული, როცა ისინი მას ღვინოს უსხამდნენ, უგალობდნენ, ძმობას ეფიცებოდნენ, ანუ იგივე 2004 წელს... 2007 წლის ნოებრის აქციებს ისინი თავში მოქეცნენ.

მერე უფროსი ძმა გაგვემარიაჟა დღეში სამჯერ ბანაობით, აგინა მიშას ზედ მიტინგზე, ბურჯანაძესაც შეუძახა, შენ ბურჯანაძე ხარ, მე ლევან გაჩეჩილაძეო და პრეზიდენტობის კანდიდატადაც მოგვევლინა.

მიშა მოვდივარო. არ გვეშინიაო.
მიშამ დააწყნარა - ნუ გეშინიათო.

"ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს" იყო გაჩეჩილაძის პრეზიდენტობის წადილი - ამირჩიეთ და გადავდგებიო.

ერთი ყბით გვიმტკიცებდა, რომ არჩევის შემთხვევაში ქვეყანას საპარლამენტო რესპუბლიკად აქცევდა და გადადგებოდა, მეორე ყბა კი ელქტორატის მოთაფვლას ცდილობდა.

„არც ერთი სახელმწიფო მოხელე ჩემი გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკური ხედვის გამო არ გათავისუფლდება სამსახურიდან“, - შეუთვალა ჩინოვნიკებს.

„სამსახურში აღვადგენ იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის დროს ასაკის გამო გაათავისუფლეს“, - შეუთვალა მოხუცებს. „ხელისუფლების ცვლა არ აისახება ბიზნესზე“, - უნამოიოკა ბიზნესმენებს.

ძალიან საინტერესო იყო, ეს ყველაფერი რანაირად უნდა ექნა, თუკი გადადგებოდა? ანდერძად უნდა დაეტოვებინა?

დაიგინა - არ მინდა პრეზიდენტობაო. ვერც გახდა. მერე დაეტყო რომ უნდოდა. მთელ ამქართან ერთადერთ წარმატებას მიაღწიეს - თამარა კინწურაშვილი გადააყენეს. ბევრი იბლატავეს და ბოლოს „ბიტლებივით“ დაიშალნენ.
ძმებ გაჩეჩილაძეებისთვის უცხოა „არასოდეს თქვა არასოდეს“. 2009-ის გაზაფხულზე, ბრძოლა განაახლეს და ავლაბრის რეზიდენციასთან 50 კარავი დასცეს, სანამ მიშა არ გადადგება აქ იდგებაო. კარვები მერე რკინის საკნებად იქცა. მიშა არ გადამდგარა, იქ აღარც საკნებია, აღარც კარვები და აღარც პარაშუტები.

უმცროსმა ძმამ შესძახა - ქვეყანა საპყრობილეაო. (ტოჟე მნე ჰამლეტი...). და თავი საკანში გამოიკეტა, აქ მანამდე ვიქნები, სანამ მიშა არ გადადგებაო.

ფეხს არ მოვიცვლიო. მოიცვალა კი რამდენიმეგზის. ხან კონცერტისთვის, ხანაც სტადიონზე რიტუალის აღსასრულებლად - თავი რომ ეგონა მახვილი მესიისა. აკი წარბშეუტოკებლად ისმენდა კიდეც მაესტროს ეთერში როცა ადარებდნენ წმინდა გიორგის? ბოლოს მოსწყინდა საკანში ჯდომა და გაინავარდა, ალბათ, „დრაკონჩიკებზე“ სანადიროდ.

უფროსმა ძმამ კი ერთ დროს არაერთგზის ნალანძღ ბურჯანაძეს იდეაც მოუწონა, როცა მან ოპოზიციას ერთიანი კოალიციის შექმნა შესთავაზა.

ის კი არა, „რედისონში“ რომ ოპოზიცია შეჰყარა გვერდს სწორედ ბურჯანაძე უმშვენებდა. ის ბურჯანაძე, რომელმაც ჩაატარა ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ლევან გაჩეჩილაძე ვერ შესწვდა „ძეხვს“ - პრეზიდენტობას. დღეს ის და ბურჯანაძე ერთად ამბობენ „პარასკევია დღესაო, ნიჩევოო“. მათ კვირაში ცხრა პარასკევი აქვთ.

გრეჩიხებს გუშინ მიშა მოსწოდათ. დღეს ნინო მოსწონთ. ვინაა შემდეგი?

კომენტარი