სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფი ჯარისკაცებს „მასობრივი გაუპატიურების იარაღს“ ურიგებს

ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის წინააღმდეგ ახალი სკანდალი აგორდა. თუ საომარი მოქმედებების წინა პერიოდში, ერაყელ დიქტატორს, სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღის ფლობაში ადანაშაულებდნენ, ლიბიის ლიდერს, უკვე მიმდინარე ომის დროს, მასობრივი გაუპატიურების იარაღის გამოყენებაში სდებენ ბრალს.

ვიდრე ნატოს ძალები ლიბიას ჰაერიდან და ზღვიდან უტევევენ და ჯიუტი მმართველის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას ყველა საშუალებით ცდილობენ, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობა სანქციების თემაზე მსჯელობს, ლიბიაში წარმოუდგენელი და ამაზრზენი ამბები ხდება.

რამდენად შეესაბამება გავრცელებული ხმები სინამდვილეს და რეალურად, ეს ყველაფერი კადაფის წინააღმდეგ აგორებული „შავი პიარი“ არის თუ არა, ალბათ ცოტამ თუ იცის, თუმცა ხმები და ეჭვები აქტიურად ვრცელდება.

რამდენიმე კვირის წინანდელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიბიის ხელისუფლება ჯარისკაცებს ვიაგრას ურიგებს, ახალი დეტალებით მყარდება. როგორც ირკვევა, ამ საშუალებით მასობრივი გაუპატიურებების პროვოცირება ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ დღეს ავრცელებს.

საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ცნობით, ჯარისკაცები და პოლიცია საკონტროლო–გამშვებ პუნქტებზე ქალებს აპატიმრებდნენ, რომელთაც ხელთ ამბოხებულების დროშა ეჭირათ, რის შემდეგაც მათი ჯგუფური გაუპატიურება ხდებოდა. „ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გაუპატიურების ფაქტები, ეს შემთხვევები პოლიციის სარდაფებში ხდებოდა. ხოლო დამნაშავეების დასჯის შესახებ არაფერია ცნობილი“ – განაცხადა პროკურორმა.

ასევე, არაფერია ცნობილი მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის შესახებ. ომის მიმდინარეობისას, დაღუპულების, დაჭრილების ზუსტი რაოდენობის დადგენაც კი ვერ ხერდება, არათუ დაზარალებული ქალების, რომლებიც მომხდარ ინციდენტებს ხშირად მალავენ. პროკურურის თქმით, უახლოეს მომავალში ბევრი რამ გაირკვევა.

თუმცა, ცნობილია ერთი ფაქტი, როცა მარტში გაუპატიურების ერთერთმა მსხვეპლმა იმან ალ ოეიდიმ კამერების წინ განაცხადა, რომ სასტუმროს, სადაც დასავლელი ჟურნალისტები ცხოვრობდნენ, სამხედროები დაესხნენ თავს. ის კადაფის მხარდამჭერების მიერ იქნა დაკავებული და ორი დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ.

ლიბიის ხელისუფლების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია მთლიანად დასავლური პროპაგანდისტული მანქანის მიერაა შეთხზული და მას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. კადაფის მხარდამჭერი ლიბიელების თქმით, გავრცელებული ხმები ნათელი მაგალითია საიმისოდ, თუ როგორ ცდილობს მუამარ კადაფის ხელისუფლების დისკრედიტაციას დასავლეთი. ხოლო ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ოდესაღაც მასობრივი განადგურების იარაღის საშუალებით საკუთარ ხალხზე თავდასხმა სადამ ჰუსეინის მიერ.

თუმცა, ექსპერტების ნაწილი ირწმუნება, რომ გავრცელებულ ხმებში სულ მცირე, გარკვეული სიმართლის მარცვალი მაინც ურევია. ჩრდილოეთ აფრიკაში ომი, მისთვის დამახასიათებელი ყველა სასტიკი კომპონენტით გრძელდება და, ორივე მხრიდან, ყოველდღიურად უამარავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100