26 მაისს აღლუმზე ქართული ჯავშანმანქანა გამოვა და "ხორუმს" იცეკვებენ

ოპოზიცია 21 მაისისთვის ემზადება, ხელისუფლება 26 მაისის აღლუმისთვის. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება 26 მაისის აღლუმს მშვიდად ვერ მიიღებს, ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ აღლუმს დაიცავს.

ამ მზადებასა და დაქადნებებში 26 მაისიც მოახლოვდა და წინასააღლუმო რეპეტიციები დაიწყო. გუშინ რუსთაველზე რეპეტიცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჯავშანმანქანების გუგუნის, თვითმფრინავების შხუილისა და ჯარისკაცთა მწყობრი ნაბიჯების ხმის გარდა ღამის განმავლობაში რუსთაველზე დოლ–გარმონის ხმაც ისმოდა. როგორც აღმოჩნდა, სამხედრო ფორმებში ჩაცმული „სუხიშვილები“ „ხორუმს“ ცეკვავდნენ – 26 მაისის აღლუმის ერთ–ერთი განმასხვავებელი ნიშანი სხვა აღლუმებისგან სწორედ ეს იქნება – შოუს ელემენტების დამატება.

კაცმა რომ თქვას, რატომაც არა „ხორუმი“ – ქართული ცეკვაა, შეიცავს სამხედრო საქმის, კერძოდ კი დაზვერვის ელემენტებს და თავის დროზე მუდამ მტრის გამოჩენის მომლოდინე ქართველებმა შექმნეს. მისი აღლუმში ჩართვა უფრო სანახაობრივს გახდის რიტუალს და აღლუმს იდეურ დატვირთვასაც შესძენს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ ჩატარებულ რეპეტიციაში ჩართული იყვნენ როგორც შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ასევე ჯავშანტექნიკა და საჰაერო ძალები.

და ყველაზე საინტერესო, წმინდა სამხედრო ხასიათის ახალი ამბავი, რომელიც 26 მაისს მოხდება: აღლუმზე საქართველოში წარმოებული ჯავშანმანქანა „დიდგორი“ გამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულმა სამხედრო ვებ–გვერდმა „ჯეო–არმიმ“ გამოაქვეყნა და ინფორმაციას ფოტოც დაურთო. ამავე ვებ–გვერდის ცნობით, ქართულ ჯავშანმანქანასთან ერთად რეპეტიციაზე ებრაული წარმოების ჯავშანმანქანა "რაფაელ-ვულფი" და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "სპაიდერ-რს" გამოჩნდნენ.

კომენტარი