სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში (ვიდეო)

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ბაზა"შუკვანზე" ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. საქართველოს მთავარსარდალმა ოფიციალური მიმართვის შემდეგ ჯარისკაცებთან ერთადაც ისადილა. დღესვე ჰელმანდში მან ქართველ სამხედროებთან ერთად ჯავშანტექნიკით კონკრეტული მონაკვეთის პატრულირება მოახდინა.

ბაზა "შუკვანზე" გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა თავდაცვის უწყებრივი მედლებით - "სამშობლოსათვის თავდადებული" - პირადად დააჯილდოვა ჰელმანდში მომსახურე ჯარისკაცები: ვიცე პოლკოვნიკი ფრიდონ ელბაქიძე; კაპიტანი პაატა ნაკანი; უფროსი ლეიტენანტი გიორგი ფილია; უფროსი ლეიტენანტი ბექა კელენჯერიძე; კაპრალი გიორგი ლომიძე.

მიხეილ სააკაშვილმა ქართველი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროების სამსახური ჩვენი დიდი ტრადიციის გაგრძელებაა.

პრეზიდენტის თქმით, ქართველი ოფიცრები ტრადიციულად ძალიან ბევრი ცნობილი არმიის შემადგენლობაში იყვნენ.

"პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული გამბედაობა გამოიჩინა ბევრმა ქართველმა ოფიცერმა. ის, რომ პოლონეთი გადაურჩა ბოლშევიკურ ანექსიას 1920-იან წლებში, იყო პირდაპირი დამსახურება ქართველების, რომლებიც იბრძოდნენ მაშინდელი პოლონეთის ხელმძღვანელის ქვეშ და შეადგენდნენ ათწლეულების განმავლობაში პოლონეთის არმიის ბირთვს.

მათ შორის, გენერალი სუმბათაშვილი ხელმძღვანელობდა პოლონეთის არმიის გენერალურ შტაბს. ქართველები მეთაურობდნენ სპარსეთის, ოსმალეთის არმიებს, რუსეთის არმიებს, ქართველი იყო ამერიკის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი არმიის მეთაური რამდენიმე წლის წინ, გენერალი შალიკაშვილი.

ავღანეთის მიწაზე, შუა საუკუნეების შემდეგ შემორჩა სოფლები, სადაც ცხოვრობენ ქართველები, გურჯები, როგორც აქ ეძახიან. ისინი ითვლებოდნენ აქ რუსული ოკუპაციის დროს ყველაზე გაბედულ მებრძოლებად საბჭოთა კავშირის ჯარების წინააღმდეგ, მათთან ყველაზე მეტად უჭირდათ საბჭოთა ჯარებს ბრძოლა", -განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ბრძოლა და თავის გამოჩენა ქართველების სისხლშია.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დღეს ავღანეთში ქართველი სამხედროების სამსახური ქართული ტრადიციის გაგრძელება. სააკაშვილის თქმით, ისტორიულ პარალელებს შორის დიდი განსხვავებაა, რადგან დღეს ავღანეთში სამსახურით ქართველ ჯარისკაცებს თავისი ქვეყნის კეთილდღეობაში დიდი წვლილი შეაქვთ.

"განსხვავება არის ძალიან პრინციპული: მაშინ ჩვენ არ გვქონდა ქართული სახელმწიფო, ჩვენ არ გვქონდა ჩვენი სახლმწიფოებრივი იდენტურობა მსოფლიო რუკაზე და, ამგვარად, ჩვენ მხოლოდ განწირულები ვიყავით, ჩვენი უნარები, ჩვენი სისხლი და ჩვენი სიცოცხლე გადაგვედო სხვა ქვეყნისთვის, მაგრამ ვერაფერს ვძენდით ჩვენს სამშობლოს.

დღეს თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. დღეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის პირდაპირი გაძლიერება საქართველოს პოზიციების, საქართველოს ჯარის, მთლიანად საქართველოს მომავლისთვის ძალიან მყარი საფუძველის შექმნა",- მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100