სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ გუნავა რუს ოკუპანტებს 2008 წელს: თქვენ საქართველოს ანექსიას ახდენთ! (ვიდეო)

როგორც ცნობილია, 16 ნოემბერს სამართალდამცველებმა თბილისში, საკუთარ სადარბაზოსთან დააკავეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც ბოლო პერიოდში შსს-ს გენინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა, 1 ოქტომბრის შემდეგ კი განცხადება დაწერა და პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

თენგიზ გუნავა გვიან ღამით, მას შემდეგ დააკავეს, რაც იგი ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქციიდან ბრუნდებოდა. ახალაიას დაკავების დღიდან ის, როგორც ყოფილი შს მინისტრის თანამოაზრე, თანაგუნდელი და მეგობარი (ბაჩო ახალაია და თენგიზ გუნავა ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს), მონაწილეობდა მის მხარდამჭერ აქციებში.

16 ნოემბერს თენგიზ გუნავა სახლთან საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა მიიყვანა, რის შემდეგაც მას სადარბაზოსთან დახვდნენ და დააკავეს. როგორც გუნავას ოჯახის წევრები აცხადებენ, ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რომელსაც ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, თუმცა, ჩხრეკის შედეგად რაიმე არაკანონიერი ნივთი (სავარაუდოდ, ეძებდნენ იარაღს) ვერ აღმოაჩინეს.

ამის შემდეგ კი, თენგიზ გუნავას, სრულიად მოულოდნელად, პირადი ჩხრეკის დროს თენგიზ გუნავას ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. ოფიციალური ვერსია სწორედ ასე გამოიყურება: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომლის პოლიციაში მუშაობასაც უკავშირდება რეგიონში ნარკოტიკების გამსაღებელთა წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა (ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს და „რუსთავი2“-ის ეთერში სწორედ ამ კუთხით ისაუბრა ვანო მერაბიშვილმაც), დაკავებულია ნარკოტიკის უკანონო შენახვის ბრალდებით...

„სინამდვილეში კი თენგიზ გუნავას მთავარი „დანაშაული“ სწორედ ბაჩო ახალაიასთან მეგობრობა და მისი ერთგულებაა“, - აღნიშნავს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.

შესაძლოა, არის სხვა მიზეზიც: თენგიზ გუნავა სამხარეო პოლიციის უფროსი იყო 2008 წლის აგვისტოში, როცა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამეგრელოს ტერიტორიაზე ათეულ ათასი რუსი ოკუპანტი და ათასობით რუსული ჯავშანტექნიკა შემოვიდა. გუბერნატორ ზაზა გოროზიასთან ერთად სწორედ თენგიზ გუნავა ხვდებოდა რუსი ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელებს, კატეგორიულად უყენებდა მათ მოთხოვნას, რომ არ აეწიოკებინათ მოსახლეობა და ღიად ადანაშაულებდა საქართველოს ოკუპაციაში.

შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელს თენგიზ გუნავა იყო რუსი ოკუპანტებისთვის ყელში გაჩხერილი ის ძვალი, რომელმაც მათ თავისუფლად მოქმედების საშუალება არ მისცა, ხოლო 2008 წლამდე ორი წლით ადრე თავად გუნავა მონაწილეობდა რუსი ოკუპანტების გახმაურებული დაკავების ოპერაციაში, რომელიც ენგურის ხიდთან ჩატარდა: მაშინ ჩვენმა სპეცრაზმელებმა ოკუპანტების ორი სამხედრო მანქანა დააკავეს, რომლითაც საარტილერიო დანადგარების ნაწილები აფხაზეთიდან ზუგდიდის რაიონში, სოფელ ურთას ტერიტორიაზე გადაჰქონდათ.

იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდული შეიარაღების 12 კმ-იან ზონაში იმყოფებოდნენ, მსგავსი დანადგარების გადატანა დაუშვებელი იყო და ქართველმა სამართალდამცველებმაც კანონის მიხედვით იმოქმედეს. როცა რუსი ჯარისკაცების ნაწილმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ქართველმა სპეცრაზმელებმა ისინი პირდაპირ ასფალტზე გააწვინეს, კეფაზე ავტომატები დააბჯინეს, ხელები ზურგსუკან შეუკრეს და წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს კიდეც, მაშინ როცა ოპერაცია მხოლოდ ტვირთის არგატარებასა და მანქანების უკან გაბრუნებას ისახავდა მიზნად.

ასფალტზე გაწვენილი რუსი ჯარისკაცების კადრებმა ქართული, რუსული და უცხოური ტელემედიის ეკრანები მოიარა. პირველი, რაც 2008 წელს სამეგრელოში შემოსულმა რუსმა ოკუპანტებმა გუბერნატორისა და სამხარეო პოლიციის უფროსისგან მოითხოვეს, ამ ოპერაციის მონაწილეთა და ხელმძღვანელთა დაკავება იყო.

მასალას თანდართულ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ესაუბრებიან თენგიზ გუნავა და ზაზა გოროზია რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას მანამ, სანამ ისინი აფხაზეთის ტერიტორიიდან ზუგდიდის რაიონში გადმოვლენ. კარგად ისმის თენგიზ გუნავას რეპლიკაც: „თქვენ საქართველოს ანექსია მოახდინეთ! თქვენ ბომბავდით!“ - სავარაუდოდ, ამ დროს რუსმა ოკუპანტებმა არც იცოდნენ, რომ მათ წინაშე იდგა პოლიციელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მათი თანამებრძოლების დაკავებაში ენგურის ხიდთან (თენგიზ გუნავა უშუალოდ არ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ოპერაციას, ის შსს-ს ერთ-ერთმა სტრუქტურამ დაგეგმა)...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100