ფრონეს ხეობაში ორმხრივი სროლის დროს ოსი ჯარისკაცი დაიჭრა

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრონეს ხეობაში სიტუაცია ნაშუადღევს, სრულიად მოულოდნელად დაიძაბა, თუმცა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურში ამ ინფორმაციას მომხდარი ფაქტიდან ოთხი საათის შემდეგაც არ ადასტურებდნენ. პირიქით, გაიკვირვეს კიდეც: ორმხრივი სროლა რანაირად უნდა ყოფილიყო, მანდ, ძირითადად, ოსურენოვანი მოსახლეობააო. მოგვიანებით, როცა ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამაც გაავრცელა, პრესსამსახურში ამბობდნენ, რომ ინფორმაციას ამოწმებდნენ. ასე თუ ისე, ფრონეს ხეობაში დაწყებული დაპირისპირების შესახებ ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

სინამდვილეში კი ვითარება იქ მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ აბანოდან კოდაში მიმავალ ვახტანგ სებისკვერაძის მანქანას ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი სოფელ წვნელისიდან ცეცხლი გაუხსნეს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ფრონეს ხეობის გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ რთულია და იქ მოხვედრის მსურველი შემოვლითი გზით, სოფელ ნიქოზის გავლით უნდა გადაადგილდეს. აბანოდან კოდაში გადასასვლელად სებისკვერაძის მანქანას ოსური სოფლები უნდა გაევლო. წვნელისი ერთ-ერთი ასეთი სოფელია.

ინციდენტი ამით არ ამოწურულა. სებისკვერაძემ კოდამდე მიღწევა შეძლო, მაგრამ ცოტა ხანში სოფელში ოსური შეიარაღებული ფორმირების ოთხი წევრი გამოჩნდა, რომლებმაც უმისამართო ცეცხლი გახსნეს, ქაღტველი პოლიციელებისგან კი საპასუხო ცეცხლი მიიღეს. წინასწარი ინფორმაციით, როგორც ოსურმა, ასევე ქართულმა მხარემ კოდისკენ დამატებითი შენაერთები გადაისროლეს. ორმხრივი სროლა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა და ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთი ოსი ჯარისკაცი დაიჭრა. მსხვერპლის ან ქართული მხარისთვის მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელ კოდაში ევროკავშირის დამკვირვებლებსა და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებს ელოდებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით იქ არავინ გამოჩენილა. ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია და ფრონეს ხეობაში სროლის ხმა აღარ ისმის.

ფრონეს ხეობაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა ოფიციალური ინფორმაცია შსს-ს ვებ-გვერდზე.


კომენტარი