როგორ აღმოვაჩინოთ შვილში ტალანტი?

იმისათვის, რომ შვილის რეალური შესაძლებლობები დავადგინოთ, საჭიროა მასთან პატარა ასაკიდანვე ყურადღებით ვიყოთ. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, სიცოცხლის პირველივე წელს შეიძლება მივხვდეთ, რამდენად ნიჭიერი, გონიერი და საზრიანია ჩვენი შვილი.

როგორც წესი, ყველა მშობელი თავის შვილს ყველაზე ნიჭიერად მიიჩნევს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არ გასცდეთ ობიექტურობის ზღვარს.

ფსიქოლოგების ნაწილი ირწმუნება, რომ 3 წლის პატარა დაახლოებით 10–15%–ით ავლენს საკუთარ ნიჭს, თვისებებს და ამა თუ იმ სფეროს მიმართ ინტერესს. რაც შეეხება მუსიკალურ და მხატვრობის ნიჭს, პატარები ამას დაახლოებით 1 წლის ასაკიდან ავლენენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, იყოთ ყურადღებით, რათა არ გამოგეპაროთ ის ძვირფასი მომენტი, როცა შვილს თქვენი განსაკუთრებული ხელისშეწყობა სჭირდება.

პატარა გენიოსები დასაწყისისთვის მშობელი უნდა გაერკვეს, რა განსხვავებაა შესაძლებლობებს, უნარსა და ტალანტს შორის.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ დაადგინოთ, თუ რა უნარები ჭარბობს თქვენს შვილში: ინტელექტუალური, სპორტული, მხატვრული თუ სხვა. ამის დადგენა ყველაზე მარტივად ასე შეიძლება:

დაკვირვება – დააკვირდით შვილს თამაშის დროს და დაადგინეთ, რა სახის თამაშები მოსწონს. მაგალითად, უპირატესობას ანიჭებს მუსიკალურ სათამაშოებს თუ ბურთებს ან ასაწყობი ტიპის სათამაშოებს, ხატვას, ძერწვას და ა.შ.

ყურიდაგდება– პატარას ინტერესებისა და მისწრაფებების დადგენა ასევე შესაძლებელია მის მიერ დასმული შეკითხვების მიხედვით. თუ ის ძირითადად სვამს ისეთ კითხვებს, რომლებიც უკავშირდება ამა თუ იმ სათამაშო მოწყობილობას, ცდილობს მათ მექანიზმში გარკვევას ან ეძებს ერთნაირ ფიგურებს, ამით შეიძლება დავასკვნათ, რომ ლოგიკური და ტექნიკური აზროვნებისკენაა მიდრეკილი.

რაც შეეხება ბავშვის მუსიკალური თვისებების ამოცნობას, ეს ყველაზე მარტივია. თუ მუსიკის მოსმენისას მშვიდდება, წყნარდება და აშკარად სიამოვნებს, თავადაც ღიღინებს და ცდილობს, აჰყვეს მელოდიას, რა თქმა უნდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას სმენა აქვს და შესაძლებელია გარკვეული მუსიკალური მონაცემები ჰქონდეს. უყიდეთ მუსიკალური სათამაშო და დააკვირდით, იჩენს თუ არა მის მიმართ ინტერესს.

აწარმოეთ დღიური – ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ძალიან კარგია, თუ მშობელი დღიურს აწარმოებს. ეს საშუალებას მისცემს, ქრონოლოგიურად დააკვირდეს, რა ასაკში რას აკეთებდა მისი შვილი, რის მიმართ იჩენდა განსაკუთრებულ ინტერესს, რა უფრო მეტად მოსწონდა და რა იცვლებოდა ასაკის მატებასთან ერთად.

ტესტირება – კიდევ ერთი მეთოდი ბავშვის უნარების დადგენისათვის გახლავთ მისი ფსიქოლოგიური ტესტირება. ეს შესაძლებელია 2,5–3 წლის ასაკიდან. ამისათვის აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს. თავადაც შეგიძლიათ მინი ტესტის ჩატარება. ყველაზე პოპულარულია ვეკსლერის ტესტი, რომელიც ადგენს ბავშვის ინტელექტუალური, გონებრივი და ფიზიკური განვითარების დონეს. ამ ტესტის მოძიება ინტერნეტში შეიძლება.

პროფესიონალები გვირჩევენ - გთავაზობთ სპეციალისტების მიერ შედგენილ ცხრილს, რომელიც მშობლებს აწვდის ინფორმაციას, დაადგინონ, რა თვისებები, უნარები და მისწრაფებები აქვთ მათ შვილებს.

განვითარებული აქვს ინტელექტუალური სფერო: ბავშვი ყურადღებიანია, ცნობისმოყვარე, აქვს გამორჩეული მეხსიერება, კარგად სწავლობს, იცის იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე თანატოლებმა, აქვს აზრის კარგად ჩამოყალიბების და გადმოცემის უნარი.

აქვს კარგი აკადემიური მიღწევები: სწავლის პროცესი მისთვის მარტივია, იოლად სწავლობს წერა–კითხვას, შეუძლია დიდი ხნით კონცენტრირება და ყურადღების მოკრება, აქვს სიტყვების საკმაო მარაგი, ადვილად იმახსოვრებს ინფორმაციას, უყვარს დამოუკიდებლად კითხვა, წიგნების დათვალიერება.

განვითარებული აქვს მათემატიკური აზროვნება: განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ანგარიშის მიმართ და ეს პროცესი ძალიან მოსწონს, იოლად იმახსოვრებს ციფრებს, მათემატიკურ სიმბოლოებს, ერკვევა კალენდარში, შეუძლია ფულის დათვლა.

განვითარებული აქვს შემოქმედებითი აზროვნება: საოცრად მონდომებული და ინტერესიანია, ყველაფერს აკეთებს, რათა მისთვის სასურველი ინფორმაცია მიიღოს. არის აქტიური და ყველანაირად ცდილობს, დასახულ მიზანს მიაწიოს. ასეთი პატარები აქტიურები, მოძრავები არიან, ხშირად თამაშში საკუთარი ინტერპრეტაციით ცვლილებები შეაქვთ. შეუძლიათ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები.

განვითარებული აქვს მხატვრული, შემოქმედებითი უნარი: ამ კატეგორიის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ვიზუალურად მიღებული ინფორმაცია. დიდ დროს უთმობს ხატვას, ძერწვას. თანატოლებთან შედარებით გონიერია, განსაკუთრებული უნარი აქვს, შექმნას თანმიმდევრული კომპოზიციები. მისი ნახატები ფერთა გამითაც გამოირჩევა. ასეთი ბავშვები მუსიკისადმი განსაკურთებულ ინტერესს იჩენენ, სასიამოვნო მუსიკა მათ გუნება–განწყობას უმაღლებს.

მიდრეკილია სპორტისადმი: ეს პატარები იმით გამოირჩევიან, რომ მუდმივად მოძრაობენ, უყვართ სირბილი, აქტიური თამაშები, თავის ასაკთან შედარებით მეტი ძალა და ენერგია აქვთ. ასეთი მონაცემების მქონე ბავშვები, რა თქმა უნდა, მიდრეკილნი არიან სპორტისადმი და მშობლის ვალია, ამ თვისებების კიდევ უფრო განვითარებაში დაეხმაროს.

კომენტარი