სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩამოთვლილი პროდუქტები გახდომის მსურველებმა რაციონიდან უნდა ამოიღონ

ვერ იკავებთ თავს გემრიელი ნუგბარისა და სასუსნავისგან? არც არის საჭირო, – ამტკიცებენ დიეტოლოგები, – საკმარისია, თქვენს რაციონში შეამციროთ მათი რაოდენობა და ხშირ-ხშირად ჩაანაცვლოთ სასარგებლო ანალოგებით. ფსიქოლოგებიც მხარს უჭერენ საკვებისჩანაცვლებისტაქტიკას, რადგან, მათი აზრით, ამით ვატყუებთ ჩვენს გასტრონომიულ სურვილებს და ვინარჩუნებთ ემოციურ ფონს.

ცხადია, კარაქიანი ბუტერბროდი ცარიელ პურის ნაჭერზე გემრიელია, მაგრამ ცხოველური ცხიმების ყოველდღიურ მიღებას ნამდვილად ჯობია, თუ პურს უცხიმო ყველთან ერთად მიირთმევთ, ან, სულაც, ხილის ჟელეს გადაუსვამთ. ამ ჩანაცვლებით თქვენი ორგანიზმი 3-5-ჯერ ნაკლებ კალორიას მიიღებს.

ამბობენ, ნაყინი არ ასუქებსო, მაგრამ, ნაყინს გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, თავი რომ დაიზღვიოთ, თეძოებსა და წელის არეში ცხიმების „ჩალაგებისგან“, ნაყინი იოგურტით ჩაანაცვლეთ, ოღონდ, უფრო მეტად რომ დაამსგავსოთ ეს უკანასკნელი ნაყინს, გაურიეთ მასში ნებისმიერი სეზონური ხილი და ნახევარი საათით შედგით საყინულეში. ასეთი „თვითნაკეთი ნაყინი“, შეგიძლიათ, ყოველდღე მიირთვათ (თუ გნებავთ, ზამთრის პერიოდში სულაც ნუ გაყინავთ) – ის მხოლოდ 75 კილოკალორიას შეიცავს (ნაყინის 179 კალორიის წინააღმდეგ).

თხილი (ნიგოზი) ძლიერი საკვები ალერგენია. გარდა ამისა, თითოეულ კაკალში 50-60 პროცენტი ცხიმია. 100 გრამი თხილი კი 500 კილოკალორიას შეიცავს. მაგრამ, მთლიანად ნუ ამოიღებთ რაციონიდან, რადგან ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას (3 კვირაში – 14 პროცენტით). ისე კი, შეგიძლიათ, თხილი წაბლით ჩაანაცვლოთ (100 გრამი წაბლი 245 კილოკალორიასა და 2 პროცენტ ცხიმს შეიცავს). კარგი ვარიანტია, კერძის ნუშის ზეთით შეკაზმვა.

მოშუშული ხორცის წვენით დამზადებული წვნიანი ან საწებელი, მართალია, ვიტამინებს შეიცავს, მაგრამ ძალიან კალორიულია. ამიტომ, უმჯობესია, მიირთვათ თავად ხორცი, გარნირად კი ბოსტნეული და მწვანილი შეატანოთ.

ბევრი დიეტოლოგი ამტკიცებს, ასევე, რომ შოკოლადი არ ასუქებსო. ჩვენც ისევ გავიმეორებთ: შოკოლადს გააჩნია. ამიტომ, ჩაანაცვლეთ შოკოლადი რომელიმე ძალიან ტკბილი ხილით ან ჩირით. თუ ამანაც არ გიშველათ, მიირთვით შავი მწარე შოკოლადის ფილა, ოღონდ, მცირე რაოდენობით.

100 გრამი „ჩიფსი“ შეიცავს იმდენ ცხიმს, რამდენსაც 95 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი. გარდა ამისა, „ჩიფსების“ შემადგენლობაში შედის უამრავი მარილი, ნატრიუმის გლუტამატი და მავნე ქიმიური დანამატები. ამიტომ, გირჩევთ, ამოაწეთ მოთუთქული ან უმი ბროკოლი უცხიმო სოუსში და გემრიელად ჩაახრამუნეთ.

ტორტები და ნამცხვრები – ეს ცხიმების ისეთი გროვაა, რომელიც თქვენს წელს ძალიან ადვილად გაუთანაბრებს თეძოებს. ჩაანაცვლეთ მათ ცეხვილი ფქვილისგან გამომცხვარი ფუნთუშები, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ყველაზე უცხიმო ტორტის – „ჩიტის რძის“ პატარა ნაჭერი.

მთელი ეს „ფასტფუდი“ ნამდვილი ქოლესტერინის ბომბია. ჩაანაცვლეთ ის მჭლე ხორცისგან თქვენ მიერვე დამზადებული კატლეტებითა და უმი ან ოდნავ მოთუშული ბოსტნეულის გარნირით.

ნებისმიერი კერძი, რომელსაც მაიონეზით შეაზავებთ, კატასტროფულად კალორიულია. ნურც უცხიმო მაიონეზს ენდობით – ის „დატენილია“ ათასგვარი ემულგატორით. ჩაანაცვლეთ მაიონეზი და ნებისმიერი სხვა ცხიმი ზეითუნის ზეთით.

ნებისმიერი გაზიანი სასმელი, გარდა იმისა, რომ უამრავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მადასაც აძლიერებს. მისი შესანიშნავი ალტერნატივაა ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის უშაქრო წვენები (სასურველია – ახალგამოწურული), ან, თქვენთვის სასურველ მინერალურ წყალს (გაზგასულს) ჩააწურეთ ლიმონის, ფორთოხლის ან სხვა ხილის ცოცხალი წვენი და ისე მიირთვით.

1 ფინჯანი „კაპუჩინო“ 5 გრამ ცხიმებს შეიცავს. იცით, ეს რამდენია? – 45 ზედმეტი კილოკალორია. „კაპუჩინო“ ჩაანაცვლეთ უშაქრო ნალექიანი ყავით, რომელშიც, შეგიძლიათ, შეურიოთ უცხიმო რძე. კიდევ უკეთესი იქნება, თუ არჩევანს მწვანე ჩაიზე გააკეთებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100