სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ დავალაგოთ ურთიერთობა დედამთილთან? 6 ეფექტური რჩევა

რძალ-დედამთილის ურთიერთობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები ყველა ქალისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა, თუმცა როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან ის მოუგვარებელი პრობლემების რიცხვში არ შედის.

გთავაზობთ ფსიქოლოგების 6 სასარგებლო რჩევას რძლებს, რომლებსაც მეუღლის დედასთან კარგი ურთიერთობის აწყობა სურთ.

მადლიერება - ეს პირველი და მთავარი რჩევაა და მისი გათვალისწინების შემთხვევაში დანარჩენები შესაძლოა აღარც დაგჭირდეთ. გადაუხადეთ მას მადლობა უხერხულობისა და ფამილარობის გარეშე, გამოხატეთ მადლიერება ყურადღების, დახმარების და შენიშვნის მოცემისთვისაც კი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ამ ქალის დამსახურებაა თქვენი ცხოვრების მთავარი ადამიანი, რომ ქვეყნიერებას მოევლინა, რაც უკვე დიდი მიზეზია იმისათვის, რომ მისი მადლიერი იყოთ.

უარი თქვით კონკურენციაზე - რძალ-დედამთილის ურთიერთობაში, პრობლემების საძირკველი სწორედ კონკურენცია გახლავთ. დედებს უჭირთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ ვიღაც მათ შვილზე მათზე უკეთ ზრუნავს, მათზე უკეთ უვლის და სწორედ ამიტომაც გაძლევთ ამდენ შენიშვნას. გაუგეთ თქვენს დედამთილს, ნუ შეეჭიდებით მას „ყველაზე, ყველაზე“-ს სტატუსისთვის. „მე ვერასოდეს ვერ ვიქნები ისეთი კარგი დიასახლისი, როგორიც თქვენ ხართ“- მხოლოდ ამ ერთი ფრაზით კი თქვენ დედამთილის გულს თუ საბოლოოდ ვერ მოიგებთ მოალბობთ მაინც.

არ დათანხმდეთ ერთად ცხოვრებას - ბანალურია, მაგრამ ფაქტია, ფინანსური ეკონომიის მიუხედავად ეს თქვენი ოჯახური ურთიერთობების გაფუჭების წინაპირობაა. ყველა ოჯახში არსებობს დაუწრელი კანონები, რომლებიც მორგებულია დიასახლისზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამთილთან დასახლებით თქვენ მისი წესებით ცხოვრება მოგიწევთ, რაც ადრე თუ გვიან ყელში ამოგივათ და სკანდალი გარანტირებულია.

მიმართეთ რჩევისთვის - შვილების დაქორწინების შემდეგ დედებს ეშინიათ რომ უსარგებლონი გახდებიან, რის გამოც ისინი გამუდმებით ცხვირს ყოფენ სხვის საქმეში. აგრძნობინეთ მას თავი საჭირო ადამიანად, იმის ნაცვლად რომ დედამთილისთვის საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების დამტკიცება დაიწყოთ, ადექით და თავად ჰკითხეთ მას რჩევა მანამ სანამ ის თხოვნის გარეშე ჩაერევა თქვენს საქმეში. პირველ რიგში თქვენ ამით ხაზს გაუსვამთ იმ ფაქტს, რომ აღიარებთ მის ავტორიტეტს და გჭირდებათ ის, რაც მეუღლის დედას ძალიან ესიამოვნება. რჩევის კითხვის მეორე დადებითი მხარე კი ის გახლავთ, რომ გამოცდილი ადამიანის აზრი შესაძლოა მართლაც გამოგადგეთ.

არ გადაუშალოთ გული. მაშინაც კი თუ დედამთილთან თბილი ურთიერთობა გაქვთ, არ არის აუცილებელი იცოდეს თქვენი სამსახურეობრივი პრობლემებისა და ყოფილი შეყვარებულების შესახებ. გარდა ამისა მოერიდეთ კონფლიქტურ თემებს, მაგალითად პოლიტიკას. ნუ იკამათებთ მასთან, რადგან შესაძლოა ეს თქვენთვისვე გახდეს ცუდის მომტანი.

აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე - მნიშვნელოვანია, რომ დედამთილთან კარგი ურთიერთობის დამყარება თქვენი მიზანი იყოს. გახსოვდეთ, რომ მასთან ცუდი ურთიერთობა თქვენი და თქვენი ქმრის თანაცხოვრებაზე ცუდ გავლენას იქონიებს, ამიტომ მეუღლის დედასთან კარგი ურთიერთობის აწყობა საკუთარ თავზე აიღეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100