სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა, ყაჩაღობა და დაუთოვებული ადამიანები ვანის რაიონში

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ქუთაისში ყაჩაღური თავდასხმის დროს ადამიანები გააუთოვეს, "ნიუპოსტის" ექსკლუზიური ინფორმაციით კი ვანის რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობა მოხდა.

შსს ამ ფაქტების ნაწილს ადასტურებს, მეორე ნაწილთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები არ მომხდარა. მაგალითისთვის, შსს-ს წარმომადგენელმა "უპასუხისმგებლო" უწოდა თინათინ ბოკუჩავას განცხადებას ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე და ტყაჩირში ყაჩაღობის დროს ადამიანების გაუთოვების შესახებ.

რაც შეეხება "ნიუპოსტის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციას ვანის რაიონის სოფელ მთისძირში მომხდარი მკვლელობის შესახებ: წყაროს ცნობით, მკვლელობა სოფელ მთისძირში ორი დღის წინ მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ორ პირს. ხუთი გასროლა მსხვერპლით დასრულდა. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დავით გოგსაძე, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

მომხდარი ფაქტი დაადასტურა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა. მისი თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წარედგინა. გიორგობიანი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტირებული ყოფილი პატიმარია: "დაკავებული ადრე ნასამართლევი არ ყოფილა", - უთხრა ნინო გიორგობიანმა "ნიუპოსტს".


20 მარტს, გამთენიისას ყაჩაღური თავდასხმა მოხდა სენაკის ცენტრშიც, სადაც ბიზნესმენ ტატო გაბედავას ოჯახი უცნობმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებს და სახლიდან ძვირფასი და ანტიკვარული ნივთები წაიღეს. ტატო გაბედავა მცირე ბიზნესმენია. მას ეკუთვნის ბენზინგასამართი სადგური სენაკის კინოთეატრთან, მისი საცხოვრებელი სახლიც იქვე, სენაკის ცენტრში მდებარეობს.

შსს ამ ყაჩაღობის ფაქტსაც ადასტურებს, თუმცა, ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ გაბედავას ოჯახს არა 7 (როგორც ზოგ მედიასაშუალებაში გავრცელდა), არამედ 3 შეიარაღებული პირი დაესხა თავს: "ამ თავდასხმასაც გამოვიძიებთ, როგორც სხვებს, დამნაშავეებს დავაკავებთ და დავსჯით", - აცხადებს ნინო გიორგობიანი "ნიუპოსტთან" საუბარში.

(სტატია მომზადებულია newpost-ის მიერ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100