კრასნოდარში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

კრასნოდარში სამართალდამცავებმა ქართველი "კანონიერი ქურდი" კობა ძიძიშვილი, ზედმეტსახელად "კობა კრასნოდარსკი" დააკავეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, "კობა კრასნოდარსკი" ე.წ. ბარსეტოჩნიკებს კურირებდა, რომლებიც როსტოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში მოქმედებდნენ.


დაკავების შემდეგ ე.წ. კანონიერი ქურდი პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს შემდეგ კი საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ კობა ძიძიშვილი 1972 წელს საქართველოში დაიბადა. თავისი კრიმინალური კარიერის განმავლობაში იგი ცდილობდა ე.წ. ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი ყოფილიყო. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, მან "კანონიერი ქურდის" "გვირგვინის" მოპოვება ჯერ კიდევ 1997 წელს სცადა, თუმცა მას მაშინ უარი ძლიერი ნარკოდამოკიდებულების გამო ეთქვა. უფრო გვიან კოლონიაში სასჯელის მოხდის დროს მან დაწერა განცხადება შრომითი მოწყობის შესახებ, რაც ქურდული კანონების მიხედვით მას სამუდამოდ უკეტავდა გზას "კანონიერი ქურდის" სტატუსის მიღებისაკენ.


2012 წლის იანვარში, საბერძნეთში ჩატარებული "ქურდული შეკრების" დროს მისი "კანონიერ ქურდად" "კურთხევის საკითხი" კვლავ დღის წესრიგში დადგა. ინიციატორები კრასნოდარელი "კანონიერი ქურდები" რომან კაშაევი და ვადიმ ივანენკო იყვნენ. 2012 წლის მაისში ძიძიშვილის "სტატუსი" სხვა "კანონიერმა ქურდმა" სერგეი აასტრიანმა შეაჩერა "კურთხევის ცერემონიალის პროცედურის დარღვევის გამო". ძიძიშვილის "კანონიერი ქურდის" სტატუსი საბოლოო ჯამში მხოლოდ 2013 წლის 25 მარტს დამტკიცდა.

კომენტარი