სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არის ორგანიზმისთვის ბალი და ალუბალი აუცილებელი?

რა სარგებლობა მოაქვს მოზარდი ორგანიზმისთვის ბალსა და ალუბალს?

მათი რბილობი შეიცავს:

B ჯგუფის ვიტამინებს. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს.

A ვიტამინს - საჭიროა მხედველობისთვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის;
ფოლიუმის მჟავას და რკინას - აუცილებელია სისხლის შემადგენლობის ნორმალიზებისთვის;

C ვიტამინს - იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციებისგან, ამაგრებს გულის კუნთს, სისხლძარღვთა კედელს.

ბლისა და ალუბლის მთავარი სიმდიდრე კი კუმარინები გახლავთ. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობისგან დასუსტებულ ადამიანებს (აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ნივთიერებათა შემცველობით ბალი და ალუბალი რამდენადმე ჩამოუვარდება მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს).

იცით თუ არა?

ალუბლის ნაყოფი და მისი ფოთლები ბუნებრივი ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები - ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. დიასახლისების საყურადღებოდ:
ბოსტნეულის მწნილის მომზადებისას საკაზმს ალუბლის რამდენიმე ფოთოლიც დაამატეთ - თქვენი ნახელავი მთელი ზამთარი არ გაფუჭდება.

თუ პატარა მიდრეკილია სიმსუქნისკენ და უყვარს ჭამა, ჭამის წინ 50-100 გრამი ბალი შესთავაზეთ - ის სიმაძღრის შეგრძნებას აჩენს, თუმცა კალორიებით ღარიბია. გარდა ამისა, შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს.

ბალსა და ალუბალს აქვს სუსტი შარდმდენი ეფექტი და შეგიძლიათ, წნევის დასაწევად გამოიყენოთ.
თუ ღვიძლისა და თირკმლის პრობლემები გაწუხებთ, კარგია ალუბლის ახალგამოწურული წვენი - 1 ჭიქა ყოველ დილით.
თუ პატარას შეკრულობა აქვს, არგებს ალუბლის ნაყოფიც და წვენიც.
ბალი შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს - ის, ალუბლისგან განსხვავებით, არ იწვევს გულძმარვას და კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას.
თავის ტკივილის დროს რბილობი შეგიძლიათ ათქვიფოთ და ეს ფაფა 10-15 წუთით დაიდოთ შუბლზე.
გაციებისა და ყელის ტკივილის დროს მოამზადეთ ასეთი მიქსტურა: 1 კგ ალუბალს დაასხით 1 ლ მშრალი წითელი ღვინო და 5-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ, გემოვნებისამებრ, დაამატეთ შაქარი ან თაფლი. მიიღეთ 50 მლ დღეში 1-2-ჯერ.

ზამთარშიც რომ გამოვიყენოთ ბლისა და ალუბლის საზამთროდ შენახვა სხვადასხვანაირად შეიძლება - მურაბის, კომპოტის, ჯემის სახით, თუნდაც გაყინულისა, მაგრამ ბუნებრივ არომატსა და სასარგებლო ნივთიერებებს ყველაზე უკეთ ასე შეინარჩუნებს:

კარგად გარეცხეთ ნაყოფი და ფოთლები და კარგად გარეცხილ, მშრალ მინის ქილაში ფენა-ფენად ჩააწყვეთ. აავსეთ ქილა, დაახურეთ სახურავი და გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ.
ახალშემოსული ხილი ბავშვებს მიეცით ნელ-ნელა, ულუფის მომატებით, სადილობიდან 1-1,5 საათის შემდეგ. ძილის წინ მოერიდეთ ხილის მიცემას.

კიდევ ერთი: ასწავლეთ ბავშვს ზომიერება, რათა არასოდეს შეაწუხოს დისკომფორტმა - შებერილობამ, მეტეორიზმმა, გულისრევის შეგრძნებამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100