ტუტანჰამონი „კავკასიური ეროვნების პირი“ აღმოჩნდა

აგვისტოს ბოლოს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ გენეალოგიურ გამოკვლევათა ცენტრის ბიოლოგებმა iGENEA-დან, რომლის სათაო ოფისი ციურიხშია განთავსებული, ერთ-ერთი კვლევის სენსაციური შედეგები გაახმიანეს. ეგვიპტელმა კოლეგებმა სწორედ ამ მეცნიერებს გადასცეს ფარაონ ტუტანჰამონის დნმ-ის ნაწილი, რაც დასკვნის საფუძველი გახდა.

როგორც ეგვიპტის სიძველეებთან არსებული უმაღლესი საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა, დნმ ბიჭუნა-ფარაონის ძვლოვანი ქსოვილიდან, კონკრეტულად კი - მარცხენა მხრიდან და მარცხენა ფეხიდან აიღეს.

„ძალიან ფრთხილი და მიზანმიმართული რამდენიმე ჩხვლეტა გაკეთდა, რომელთა დროსაც მუმია არ დაზიანებულა“, - თქვა მეცნიერმა და დაამატა, რომ დნმ-ის მიზანი ფარაონის ნათესაური კავშირების დაზუსტება იყო. ამ მხრივ ცნობები ჯერაც ბურუსითაა მოცული და ამასთან, უამრავი ინცესტის შემთხვევაცაა აღწერილი.

სპეციალისტებმა ტუტანჰამონისა და თანამედროვე ევროპელების დნმ ერთმანეთს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ ევროპელთა უმრავლესობა სწორედ რომ ფარაონის ჩამომავალია და მის ნათესავადაც მოიაზრება. საშუალოდ, ევროპელ მამაკაცთა ნახევარზე მეტი „ფარაონია“, ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 60-70 პროცენტამდე ადის.

დნმ-ის შედარების დროს მეცნიერებმა ადამიანის დნმ-ის იმ მონაცემებით იხელმძღვანელეს, რომელიც თითქმის უცვლელად გადაეცემა თაობიდან თაობას. ფარაონის ნათესავები ტუტანჰამონის დნმ-ის ჰაპლოიდურმა ჯგუფმა R1b1a2-მა „გასცა“: ეს „ფარაონული“ დეტალი ევროპელ მამაკაცებში იმდენად ხშირია, რამდენადაც იშვიათობაა ეგვიპტელებს შორის - იქ მაჩვენებელი ერთ პროცენტს არ აღემატება.

„ძალიან საინტერესო აღმოჩენაა, რომ ტუტანჰამონი გენეტიკური ევროპელია“, - ამბობს iGENEA-ს დირექტორი, რომან შოლცი. შვეიცარელ მეცნიერთა ბოლო დასკვნა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამჟამონდელი ეგვიპტელები ფარაონთა დეგრადირებული ჩამომავლები კი არ არიან, უბრალოდ - არაფერი აქვთ საერთო ერთ დროს თავიანთ მბრძანებლებთან.

„ვვარაუდობ, რომ ეგვიპტელი მეფეებისა და ევროპელების საერთო წინაპარი დაახლოებით 9 500 წლის წინ, კავკასიაში ცხოვრობდა“, - განაცხადა შოლცმა.- „დაახლოებით 7 ათასი წლის წინ კი მისი პირდაპირი შთამომავლობა ევროპაში გაიფანტა. მერე ზოგიერთმა მათგანმა ეგვიპტემდე მიაღწია და ფარაონი გახდა“.

ამ ჰიპოთეზაში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მეცნიერული დასკვნების მიხედვით, ეგვიპტელი ფარაონები და კონკრეტულად, ტუტანჰამონი სწორედ იმ ერების წარმომადგენლები გამოდიან, რომლებიც უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე ცხოვრობენ კავკასიაში.

რაც შეეხება ამ სტატიის სათაურს, იგი თემასთან დაკავშირებით რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიიდანაა აღებული ("კომსომოლსკაია პრავდა"). როგორც ჩანს, რუსეთში მსოფლიო მეცნიერთა კომპეტენტურ დასკვნებს ირონიულად ეკიდებიან...

კომენტარი