სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაგრატიონთა დინასტიის ყველაზე სისხლიანი ისტორია

დავით აღმაშენებლის შვილთაშვილი და თამარ მეფის ბიძაშვილი, დემეტრე იგივე დემნა ბატონიშვილი. ის საკუთარმა ბიძამ მეფე გიორგი მესამემ კლდეკარის ციხეში გამოკეტა, თვალები დასთახარა და დაასაჭურისა, რის შემდეგაც ახალგაზრდა უფლისწულს დიდხანს აღარ უცოცხლია.

რატომ დასაჯა საკუთარი ძმისშვილი ასე სასტიკად თამარ მეფის მამამ და რატომ დასრულდა დემნას სიცოცხლე ასე ტრაგიკულად? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენი ჟურნალისტი რამდენიმე ქართველ ისტორიკოსს გაესაუბრა.

უფლისწულ დემნას ტრაგიკული აღსასრულის გამომწვევი მიზეზები, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გაჩნდა. ისტორიული წყაროების თანახმად, დავით აღმაშენებლის ვაჟსა და დემნა ბატონიშვილის ბაბუას, მეფე დემეტრე პირველს, განსაკუთრებულად უყვარდა საკუთარი უმცროსი ვაჟი გიორგი, უფროს დავითს კი დიდად არ სწყალობდა. დავითმა კარგად იცოდა მისდამი მამის დამოკიდებულება და მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო, ქვეყნის მეთაურის წოდების მოპოვებაზე მამის სიცოცხლეშივე დაიწყო ზრუნვა. დღეისათვის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ დემეტრე პირველმა მეფობა დათმო და ბერად აღიკვეცა. ტახტზე მისი უფროსი ვაჟი დავით მეხუთე ავიდა.

ისტორიკოსი ნუგზარ მოლაშვილი: დავითი, რომ უღირსი პიროვნება ყოფილიყო ეს სადმე აუცილებლად აისახებოდა, არცერთი მემატიანე, მისი მოწინააღმდეგეც კი მის ცუდ თვისებებზე არ საუბრობს. რატომ გადაწყვიტა მან საკუთარი მამის ტახდიდან ჩამოგდება? თავისთავად ცხადია, რომ ამის მიზეზი ის ფაქტი გახლდათ, რომ მამა უპირატესობას ანიჭებდა უმცროს ვაჟს.“

გამეფებიდან 6 თვის შემდეგ დავითი გარდაიცვალა, არსებობს მოსაზრება, რომ მისი სიკვდილი ბუნებრივი არ ყოფილა და ის მოწამლეს. დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ სამეფო გვირგვინი მის არასრულწლოვან ვაჟს დემნა იგივე დემეტრე ბატონიშვილს ეკუთვნოდა, მაგრამ შვილის გარდაცვალების შემდეგ, დემეტრე პირველი საერო ცხოვრებას დაუბრუნდა და პატარა დემნას ნაცვლად მეფის გვირგვინი სწორედ მან დაიდგა თავზე. დავით მეხუთის მსგავსად, გამეფებიდან მოკლე დროში გარდაიცვალა დემეტრე პირველიც, ამ დროისთვის დემნა ისევ არასრულწლოვანი იყო, საქართველოს მეფე კი ამჯერად დემეტრეს უმცროსი ვაჟი და თამარ მეფის მამა გიორგი მესამე გახდა.

ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე: ფატია, რომ როდესაც დავითი გარდაიცვალა, დემეტრე მცირე ხნით დაბრუნდა ბერობიდან სამეფო ტახტზე, იმისათვის, რომ რაღაცა ლეგიტიმაცია მაინც მიეცა საკუთარი უმცროსი ვაჟის გამეფებას. სწორედ აქ ჩანს, რომ უკვე დაირღვა საყოველთაოდ მიღებული მემკვიდრეობის კანონი, იმიტომ, რომ მამა დაბრუნდა გამეფდა და მერე გაამეფა ტავისი უმცროსი ვაჟი, მაშინ როდესაც არის გარდაცვლილის ვაჟი. დავითს, რომ არ ყოლოდა მემკვიდრე კიდევ შესაძლებელი იყო, მაგრამ დემნა ხომ არსებობდა. მერე რა თუ უფლისწული მცირეწლოვანი იყო, რეგენტი დაინიშნებოდა.

ისტორიკოსი როსტომ ჩხეიძე: დემნა ბატონიშვილი საქართველოს ისტორიის ერთი ყველაზე ტრაგიკუი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში, ადამიანი, რომელსაც მემკვიდრეობით ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ ბიძამ გიორგი მესამემ წაართვა ტახტი და სასტიკად გაუსწორდა. ამას მოყვა ძალიან დიდი ზნეობრივი რღვევა, იმიტომ, რომ ღვთით კურთხეული მეფე ვინც უნდა ყოფილიყო იმის ნაცვლად სხვა გამეფდა.

ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დემნა ბატონიშვილი ტახტის მემკვიდრე არ იყო, რადგან ტახტის მემკვიდრე მეფის შვილია, იმ პერიოდში კი მეფის შვილი სწორედ გიორგი მესამე გახლდათ.

ისტორიკოსი ნუგზარ მოლაშვილი: ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ დაჩაგრულის მხარესაა თითქმის ყოველთვის, ემოციურადაც დემნა გასამეფებლად გვემეტება, მაგრამ კანონის მხრივ რომ შევხედოთ იურიდიული აპექტით, ტახტის მემკვიდრე გახლავთ მეფის შვილი, და რადგან ტახტზე ისევ დემეტრე დაბრუნდა, უნდა გამეფებულიყო მისი შვილი, გიორგი მესამე.

მეცნირთა განმარტებით, გიორგი მესამის გამეფებაზე ობიექტურად მსჯელობა რთულია, რადგან საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი სუბიქტურადაა აღწერილი როგორც ქართულ, ასევე სომხურ წყაროებში. ქართული წყაროები მეფე გიორგი მესამის გავლენითაა დაწერილი, სომხური კი საქართველოდან გიორგის მიერ განდევნილი დიდგავროვანი ქართველების მონაყოლზე დაყრდნობითაა შექმნილი. თუმცა საინტერესო მოსაზრება აქვს ისტორიკოს დავით მერკვილაძეს, რომელიც განმარტავს, რომ დემნა ბატონიშვილს სამეფო გვირგვინი მეორედაც წაართვეს.

ისტორიკოსი დავით მერკვილაძე: გიორგი მესამეს არ ყავდა ძე, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ ყავდა ტახტის მემკვიდრე. ამ დროისათვის საქართველოში და არცერთ ქართულ სახემწიფოში არასდროს არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ქალი ადის ტახტზე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დედა მცირეწლოვანი შვილის სახელით მართავდა სახელმწიფოს, ისიც დროებით მეფის სრულწლოვანებმადე, მაგრამ ქალი მეფე, ერთპიროვნული მონარქი, ასეთი ფაქტი არ იყო ცნობილი იმ პერიოდის არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მის ახლომახლო სახელმწიფოებში. იმ დროს ეს გახლდათ ჯერ არ სმენილი ამბავი. ამიტომაც გიორგი მესამე კანონიერი მეფე, რომც ყოფილიყო ის მაინც ვალდებული იქნებოდა, რომ ტახტი დაეთმო საკუთარი ძმისწულისათვის.

გიორგი მესამის გამეფებიდან 20 წლის შემდეგ, უკვე სრულწლოვანმა 25 წელს მიღწეულმა დემნა ბატონიშვილმა მეფობის სურვილი გამოთქვა. გიორგი მესამე ტახტის დათმობას არ აპირებდა, ამიტომ ახალგაზრდა უფლისწული ქართველ დიდებულთა დიდ ნაწილთან ერთად ბიძას აუჯანყდა. შეთქმულებას სათავეში ჩაუდგა დემნას სიმამრი ამირსპასალარი ივანე ორბელი, უგვირგვინო უფლისწულის მხარეს 30 ათასზე მეტი მეომარი იყო. დემნა ბატონიშვილის აჯანყების მასშტაბურობას არ მალავს არც გიორგი მესამის მემატიანე.

ახალგაზრდა უფლისწულის მხარდამჭერთა სიმრავლეს ისტორიკოსები ორი ურთიერთგამომრიცხავი მიზეზით ხსნიან. პირველი ის რომ მეთორმეტე საუკუნის თანამედროვენი გიორგი მესამეს კანონიერ ხელმწიფედ არ მიიჩნევდნენ. მეორე მოსაზრების თანახმად კი ქართველი დიდებულები გიორგი მესამის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ იმიტომ, რომ მან ფეოდალების წილდაუდებელ მბრძანებლობას წერტილი დაუსვა.

ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე: აშკარად დემნა გამოიყენეს უბრალოდ, როგორც ფარი, რომლის უკანაც სერიოზულმა ძალებმა მოიყარეს თავი და ეს არ იყო ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ. მე დარწმუნებული ვარ დემნა მხოლოდ სათამაშო იქნებოდა მათ ხელში.

მოულოდნელმა ამბოხმა და აჯანყებულთა სიმრავლემ არ დააბნია გიორგი მესამე, ის 500 მხედრით პირველი მიიჭრა აჯანყებულთა ერთ-ერთ დაჯგუფებასთან. ბიძა-ძმიშვილის ბრძოლა რამდენიმე თვეს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში, დემნას მხარდამჭერთა ნაწილი გიორგი მესამის მხარეს გადავიდა. რამდენიმე ბრძოლის შემდეგ, დემნა თავის სიმამრთან და შემორჩენილ მომხრეებთან ერთად, ლორეს ციხეში გამაგრდა, რომელსაც გიორგი მესამემ ალყა შემოარტყა. ალყაში მოქცეული უფლისწული მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ლორეს ციხიდან თავისი მომხრეებისგან მალულად გამოვიდა და გიორგი მესამეს პატიება და სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა.

ამონარიდი ლევან სანიკიძის უქარქაშო ხმლებიდან: ავად მოეპყრო გიორგი ძლეულ ძმისწულს. ერთ ხანსკლდეკარის ციხეში იყო ჩაკეტილი დემნა. მერე ჯალათები მიადგნენ. ერთმა თვალები დაუშრიტა, მეორემლაჯებში დანა დაადო და... დაასაჭურისა. დემნა ჭკუაზე შეცდა. დიდხანსაც აღარ უცოცხლია. გელათისსამეფო საგოდებელი არ აღირსეს და მცხეთას დაფლეს მისი ცხედარი.“

აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გიორგი მესამემ დიდგვაროვნების ნაწილი სიკვდილით ნაწილი კი ქვეყნიდან განდევნით დასაჯა. განდევნილი დიდგვაროვნების ნაცვლად კი არცთუისე წარჩინებული გვარების წარმომადგენლები დააწინაურა. მეფის მრისხანება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას აჯანყების ყველა მონაწილე დააწყევლინა, რის სანაცვლოდაც შეუვალობა მისცა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ეკლესია გადასახადებისგან თავისუფლდებოდა.

დემნა ბატონიშვილის ცხოვრებასა და ვეფხისტაოსანს შორის პარალელებს ავლებს ისტორიკოსი როსტომ ჩხეიძე, რომელიც ისტორიულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს პოემა სწორედ დემნა ბატონიშვილის ტრაგიკული აჩრდილის შთაგონებით შეიქმნა.

ისტორიკოსი როსტომ ჩხეიძე: მაშინდელი რეალობა გადავიდა პოემის ფურცლებზე და გადავიდა ისე როგორც შეჰფერის ეპოსის კანონებს. ვეფხისტყაოსანი არ არის დოკუმენტური თხზულება, რომ ზუსტად თანმიმდევრულად ასახულიყო დემნა ბატონიშვილის ტრაგედია. როდესაც ვგულისხმობთ, აქ არის მინიშნება, იმაზე რომ დემნა ბატონიშვილი არის გარკვეული შთამაგონებელი ტარიელის სახისა და არ უნდა დავიწყოთ დეტალური მსგავსების ძებნა ტარიელისა და დემნა ბატონიშვილის ბიოგრაფიებს შორის.

როსტომ ჩხეიძისავე განმარტებით, დემნა ბატონიშვილის ტრაგიკული ისტორია, თამარ მეფის დიდებამ და მისმა წარმატებულმა მოღვაწეობამ დაჩრდილა, რის გამოც თანამედროვე საზოგადოების დიდმა ნაწილმა უგვირგვინო უფლისწულის სახელიც კი არ იცის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100