სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გაემგზავრნენ საქართველოდან და როგორ დაიპყრეს აშშ გურულმა ცხენოსნებმა

ქართველი ცხენოსნები Wild West -ის შოუებში 1892 წლიდან გამოჩნდნენ. რუსი კაზაკების სახელით ისინი საცირკო სანახაობებში მონაწილეობდნენ და მაყურებელს საოცარ ჯირითსა და ფოლკლორულ ცეკვა-სიმღერას აჩვენებდნენ. ეს სანახაობები ძალზედ პოპულარული იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამერიკელ კავბოებზე. შთაბეჭდილებას ახდენდა მათ მიერ ჯირითისას შესრულებული სასიკვდილო ილეთები.

კაზაკების სახელით მოღვაწე ქართველები ძალიან პოპულარულები იყვნენ იმ პერიოდის ამერიკაში, მათ შესახებ წერდა მედია, ჰყავდათ თაყვანისმცემლები და ჰქონდათ კარგი ფინანსური შემოსავალი.

ყველაფერი კი ბათუმში ინგლისელი იმპრესარიო თომას ოლივერის ჩამოსვლით დაიწყო. ოლივერს სურდა კაზაკი ცხენოსნები წაეყვანა ამერიკაში საცხენოსნო შოუში მონაწილეობის მისაღებად. ინგლისის საკონსულოში მან ლანჩხუთელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო და მისგან შეიტყო, რომ კაზაკების ცხენოსნობა არაფერი იყო გურულების ჯირითთან შედარებით.

შეიკრიბა ჯგუფი 18-25 წლამდე ასაკის 10 კაცისგან, რომელსაც ბახველი ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა. ეს იყო ქართველთა პირველი ჯგუფი აშშ-ში და მასში შედიოდა ამერიკაში სახელგანთქმული ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილი (აშშ-ში პრინცის სახელით ცნობილი).

30 წლის განმავლობაში, აშშ-ში გურული მოჯირითეები ქართული ტრადიციული სამოსით, ჩოხით გამოდიოდნენ, თუმცა მათი ქართველობის შესახებ მაშინ არავინ არაფერი იცოდა. ,,ველური დასავლეთის” შოუს ორგანიზატორები თავიდანვე ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გურულ მხედართა ნამდვილ ვინაობას და გურულ მოჯირითეებს ხან რუს კაზაკებად, ხან რუსეთის კავკასიის კაზაკებად, ხან კი კავკასიელ ებრაელებად მიიჩნევდნენ.

გურული მხედრების კაზაკებად მოხსენიებას შემდეგნაირად განმარტავს ვიკიპედია: „ამ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, კაზაკებს კი კარგი რეპუტაცია ჰქონდათ ცხენოსნობაში.“

აშშ-ში ქართველების გამგზარების მთავარ მოტივად ვიკიპედია ფინანსურ შემოსავალს ასახელებს. გურული ცხენოსნების ყოველთვიური ხელფასი 40-50 დოლარს აღემატებოდა (დაახლოებით 100 რუბლი), მაშინ როდესაც საქართველოში ერთი ძროხა 3-4 რუბლი ღირდა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბოლშევიკებმა საბჭოთა საზღვრები ჩაკეტეს. საზღვარგარეთ ქართველი ცხენოსნების გასვლა შეწყდა. ქართველი ცხენოსნების ნაწილი აშშ-ში დარჩა, შექმნა ტიპიური ამერკული ოჯახი და გაწყვიტა კავშირი სამშობლოსთან. ნაწილი საქართველოში დაბრუნდა თუმცა საბჭოთა ხელისუფლებისთვის ისინი მიუღებელნი აღმოჩნდნენ, ზოგი მათგანი დახვიტეს, ზოგიც გადაასახლეს. დასჯას გადაურჩნენ ისინი ვინც გაანადგურა აშშ-ში გადაღებული ფოტოები, დამალა კომუნისტებისთბისთვის მიუღებელი წარსული და ამით თავი დაეცვათ ბოლშევიკების რისხვისგან.

იმ ქართველებიდან, რომლებიც აშშ-ში დარჩნენ, ისტორიას რამდენიმე სახელი შემორჩა, მათ შორის აშშ-ში სახელგანთქმული ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილი, ასევე ალექს გოგოხია (Alexis Georgian), რომელსაც მოგვიანებით აშშ-ში საქართველოს ელჩობაც კი შესათავაზეს, მაგრამ გოგოხიამ უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ცხენოსანი ქალების პირველი წარმოდგენაც სწორედ ქართველებმა: ფრიდა მგალობლიშვილმა, ქრისტინე ცინცაძემ, მარო ზაქარეიშვილმა და ბარბარა ზაქარეიშვილმა აჩვენეს.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მკვლევარსა და კინოდოკუმენტალისტს ირაკლი მახარაძეს მიაჩნია, რომ ამერიკული შოუბიზნესის სათავეებთანაც სწორედ გურულები იდგნენ:

"მათ ასწავლეს ჯირითი ამერიკელ ქოვბოებს. ძველ დროშიც და შემდეგაც, დიდი ხნის განმავლობაში, მათ რუს კაზაკებად მოიხსენიებდნენ. ისინი მუდმივად ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ქართველები იყვნენ. მაგრამ ბოლო პერიოდში ამერიკაში ეს დამკვიდრებული აზრი შეიცვალა. ვაიომინგში, იმ შენობაზე, სადაც "ბაფალო ბილის" ცირკი გამოდიოდა, შეცვალეს ძველი წარწერა - ახლა უკვე გურული მხედრები ყველგან ქართველებად მოიხსენებიან. ჩემი დიდი სურვილია, შეიქმნას საქველმოქმედო ფონდი და გურულ მხედრებს ლანჩხუთში ძეგლი დაუდგან. ეს იქნება ტურისტული კაუჭი მრავალი უცხოელის მოსაზიდად. როცა გაიგებენ, რომ ბაფალო ბილის ცირკი ლანჩხუთიდან იღებს სათავეს, აქ სუვენირი არ დარჩება გაუყიდველი" - ამბობს მახარაძე, რომელიც გახლავთ რეჟისორი დოკუმენტური ფილმისა "უაილდ ვესტის მხედრები"

სტატია მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით: http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_horsemen_in_Wild_West_Shows

http://www.georgians.ge/

http://www.gurianews.com/kultura/3678-120---.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100