უიტნი: აღმასვლიდან დაცემამდე (ვიდეო)

უიტნი ჰიუსტონი მუსიკალურ ინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილი ადამიანების ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდან გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ვოკალით: სიზი ჰიუსტონის, რიტმ-ენდ-ბლუზის წრეში ცნობილი შემსრულებლის ქალიშვილი, ბავშვობაში საეკლესიო გუნდში მღეროდა და ერთხელ, მისი ვოკალითა და შესრულების არაჩვეულებრივი მანერით აღფრთოვანებული და შეძრული მსმენელი ტიროდა...

პროფესიონალურ სცენაზე პირველად ჩაკ ჰანასა და ლუ როლზისთან ერთად გამოვიდა. პარალელურად, მოდელობასაც ახერხებდა - მის ფოტოებს ჟურნალები Seventeen და Glamour ბეჭდავდნენ.

შემდეგ, უკვე 18 წლის ასაკში იყო კონტრაქტი ცნობილ მენეჯერთან - ჯინ ჰარვისთან, რომლის დახმარებითაც სამსახიობო და საცეკვაო ხელოვნებას, ასევე ვოკალს დაეუფლა. 1985 წელს გააფორმა კონტრაქტი ხმის ჩამწერ კომპანიასთან Arista Records, ხოლო ორი წლის შემდეგ მისი პირველი LP გამოვიდა და 13 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა... ალბომში ჰიტები შედიოდა: Saving All My Love for You; How Will I Know და The Greatest Love of All.

პირველი გრემი სწორედ Saving All My Love for You-მ მოუტანა. შემდეგ ორ წელიწადს ცდა არ დაუკლია, რათა ალბომის პოპულარიზაციისთვის გამართულ გასტროლებში ბოლომდე დახარჯულიყო. 1987 წელს კიდევ ერთი ალბომი Whitney გამოუშვა, რომელმაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა და მყისვე დაიპყრო ჰიტ-აღლუმები.

ამ რეჟიმში 1990 წლამდე იმუშავა, წინა ორ ალბომს უფრო დახვეწილი ალბომი მოაყოლა და, გადაღლილმა, პირადი ცხოვრების მიხედვა-მოწესრიგება გადაწყვიტა. ედი მერფთან და რენალ კანინგემომთან მოკლევადიანი რომანების შემდეგ განსაკუთრებით სერიოზულად მოეკიდა ბობი ბრაუნთან ურთიერთობას. იმის მიუხედავად, რომ ბრაუნს ორი შვილი სხვადასხვა საყვარლიდან ჰყავდა და საკმაოდ ცუდი რეპუტაციაც ჰქონდა, უიტნი მას ცოლად გაჰყვა და წყვილმა 800-კაციანი წვეულებაც მოაწყო. პრობლემებმა მალევე იჩინა თავი: ბობის მუდმივი პრობლემები კანონთან, თვითონ უიტნის კაპრიზები - ხომ ცნობილია, რომ უიტნიც თავნება პრიმადონას ტიტულს ატარებდა...

პირველ რიგში, თავის დამსახურებად მიაჩნდა ის, რომ მოახერხა გამხდარიყო ცნობილი მომღერალი, დაეპყრო კინო და შეეთავსებინა არაჩვეულებრივი კრისტინას დედობაც. უიტნი ჰიუსტონი ქველმოქმედიც გახლდათ იმის გარდა, რომ უამრავ თანხას ხარჯავდა საქველმოქმედო ფონდებსა და ორგანიზაციებში, საკუთარი საბავშვო, არაკომერციული ფონდი - Whitney Houston Foundation for Children ჰქონდა შექმნილი, რომელიც უსახლკარო, ასევე კიბოთი და შიდსით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა.

უიტნი ჰიუსტონი არაერთხელ მოხვდა სარეაბილიტაციო ცენტრში. მიზეზი მისი ნარკოდამოკიდებულება გახლდათ. თითქოს კურსებიც გაიარა და სცენასაც დაუბრუნდა, ამაყობდა კიდეც, რომ ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა, მაგრამ დროდადრო დეპრესია მაინც ახსენებდა თავს...

სულ ბოლოს უიტნი ჰიუსტონი 9 თებერვალს, „გრემის“ დაჯილდოებაზე, საჯარო გამოსვლისას ნახეს: მან სცენაზეც კი იმღერა, თუმცა, დარბაზში დიდხანს არ დარჩენილა - თაყვანისმცემლებს ხელი დაუქნია და სცენიდან ჩავიდა, მოგვიანებით კი თავზე ხელებშემოჭერილი და ტკივილისგან შეწუხებული უიტნი ჰიუსტონი სამოყვარულო კამერამ გადაიღო. ის სასტუმროს ნომერში გააცილეს, 24 საათის შემდეგ კი იმავე სასტუმროს ნომერში პირადმა მცველმა გარდაცვლილი იპოვა - მომღერალი სააბაზანოში იყო ჩაკეტილი და ორ წუთში მოსულმა ექიმებმა, იმის მიუხედავად, რომ მთელი 20 წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ და ელექტროშოკს იყენებდნენ, ვარსკვლავის გადარჩენა ვერ შეძლეს... ნომერში არ უპოვიათ ნარკოტიკი და ალკოჰოლი - ოთახში მხოლოდ ის აბები იყო, რომელსაც უიტნი ჰიუსტონს ექიმი უწერდა...

„ჩემში ერთი დიდი ეშმაკი ზის. ის შემოჩენილია ჩემზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ეს ეშმაკიც მე ვარ, სხვა არავინ“, - ამბობდა უიტნი ჰიუსტონი საკუთარ თავზე - ქალი, რომელმაც სიცოცხლეში აღმასვლაც განიცადა, დაცემაც და რომელიც, ბევრი მისდარი გენიის მსგავსად, არა საწოლში და არა სიბერისგან, არამედ სრულიად არაორდინარულ გარემოში დაიღუპა - ისე წავიდა, რომ ყველას დაწყვიტა გული...

კომენტარი