სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლად ლისტევი, რომელმაც 9 აპრილზე მთელ სსრკ-ს სიმართლე უთხრა, ზუსტად 17 წლის წინ მოკლეს

ვლადისლავ ლისტევი ზუსტად 17 წლის წინ, 1995 წლის 1 მარტს მოკლეს.

საკუთარი, პოპულარული გადაცემის „ჩას პიკ“ დასრულების შემდეგ ვლადისლავ ლისტევი 1995 წლის 1 მარტს შინ ბრუნდებოდა, როცა დაუდგენელმა პირებმა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ესროლეს. ვლად ლისტევი იმ საღამოს შინ დაცვის გარეშე დაბრუნდა და კიბეს აუყვა. ჟურნალისტი მესამე სართულზე ცხოვრობდა და ლიფტით არასდროს სარგებლობდა. სავარაუდოდ, შემსრულებლებმა ესეც კარგად იცოდნენ: ორი ქილერი ლისტევს მეორე სართულისკენ ასასვლელ კიბეზე, ვითომ შემთხვევით „შეეჩეხა“ და ერთ-ერთმა ესროლა. როგორც ჩანს, დამიზნებული იარაღის დანახვისთანავე ლისტევმა უნებურად სახეზე ხელი აიფარა. პირველი ტყვია მას მკლავში, მეორე კი თავში მოხვდა. ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, რომელიც „ო-ერ-ტე“-ს პირველი გენერალური დირექტორიც გახლდათ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

შეკვეთილ მკვლელობაზე რუსი სამართალდამცველები მხოლოდ მაშინვე ალაპარაკდნენ. ბორის ელცინმა პირდაპირ ეთერში მკვლელობის მეორე დღეს განაცხადა, რომ ლისტევის მკვლელობა მისი ბრალიც იყო და გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა.

შეკვეთილი მკვლელობა სახეზე იყო მკვლელობის გარეგნული ნიშნებითაც: ჟურნალისტს მოკვლის მომენტში მაჯაზე ძვირადღირებული შვეიცარული საათი ეკეთა, ჯიბეში კი დიდი რაოდენობით თანხა ჰქონდა, თუმცა, თავდამსხმელებს ხელი არაფრისთვის უხლიათ.

ამის მიუხედავად, პროპაგანდისტულმა მანქანამ თავდაპირველად პირადი შურისძიების მოტივი შემოაგდო და ეს მოტივი ვლად ლისტევის მექალთანეობას დაუკავშირა: ჟურნალისტი დიდი წარმატებით სარგებლობდა ქალებში.

რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ 2006 წელს შეაჩერა ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიების საქმეზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება. მისი მკვლელობა ოფიციალურად დღესაც გაუხსნელია და რუსეთში მომხდარი მკვლელობებიდან ყველაზე ბურუსით მოცულადაა მიჩნეული.

ამ საქმეს, საერთო ჯამში, 25 გამომძიებელი იძიებდა, დაკითხულია 2000-ზე მეტი მოწმე. საეჭვო გარემოებებში იკარგებოდნენ, იღუპებოდნენ ან თანამდებობიდან ხსნიდნენ პირებს, რომელთა კავშირი მკვლელობასთან ან დაპირებები მკვლელობის გახსნის შესახებ, საზოგადოებისთვის ხდებოდა ცნობილი.

ვლადისლავ ლისტევის ჟურნალისტური საქმიანობა საქართველოსთანაც იყო დაკავშირებული. სწორედ მისი საავტორო გადაცემა „ვზგლიად“ გახლდათ მაშინდელ სსრკ-ში ერთადერთი რუსულენოვანი გადაცემა, სადაც სრული სიმართლე ითქვა 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის მიერ თბილისში მოწყობილი სასაკლაოს შესახებ. სწორედ ვლად ლისტევის ინიციატივა გახლდათ ამავე გადაცემის მეშვეობით ქართველი ერისთვის ბოდიშის მოხდაც.

2010 წელს ლისტევის მკვლელობას ხანდაზმულობის ვადა კანონით გაუვიდა. 2012 წლის 13 მაისს ვლად ლისტევს 56 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100